Accessibility links

logo-print

საქართველოს ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი პოლიტიკური მოღვაწეობის ახალ ეტაპს იწყებს

  • ნინო როდონაია

შაბათს თბილისში პოლიტიკური მოძრაობა ,,თავისუფლების” ყრილობა გაიმართება. გასული წლის მარტის საპარლამენტო არჩევნების წინ დაფუძნებული გაერთიანება,

რომლის ლიდერი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდიაა, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებას აპირებს. მოგითხრობთ მოძრაობა ,,თავისუფლების” ამჟამინდელ პოზიციასა და მიზნებზე.

საქართველოს ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი კონსტანტინე, ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველად, შვეიცარიიდან სამშობლოში შარშან გაზაფხულზე დაბრუნდა. ,,მე ჩამოვედი დამარცხებულ ქვეყანაში, მაგრამ წინ დიდი გამარჯვებები გველის”, - აცხადებდა კონსტანტინე გამსახურდია, რომლის პოლიტიკურმა ბლოკმა ,,თავისუფლებამ” ბოლო საპარლამენტო არჩევნებში შვიდპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა. გაერთიანების ლიდერებმა რევოლუციური გზით მოსული ხელისუფლება არჩევნების გაყალბებასა და ქვეყანაში დასავლური ტიპის კონსტრუქციული ოპოზიციის ჩამოყალიბების შეფერხებაში დაადანაშაულეს. პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ ,,თავისუფლება” მოღვაწეობის ახალ ეტაპს შაბათს დანიშნული ყრილობით იწყებს:

[კონსტანტინე გამსახურდიას ხმა] ,,პოლიტიკური მოძრაობა ,,თავისუფლება” უკვე გამოდის ასპარეზზე როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს თავისი პრინციპები და აქვს უკვე თავისი ორგანიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით.” (სტილი დაცულია)

ფილარმონიაში დაგეგმილი ყრილობა, რომელიც დაახლოებით ორ საათს გასტანს, პოლიტიკური მოძრაობის მიერ განვლილ ეტაპს შეაფასებს და კონსტანტინე გამსახურდიას საპროგრამო მოხსენებით დასრულდება.
გასული წლის ბოლოს ,,თავისუფლების” ლიდერმა საქართველოს ხელისუფლების რევოლუციისშემდგომ მოქმედებას დროის უქმად დაკარგვა უწოდა და ეს პოზიცია არც ამჟამად შეუცვლია:

[კონსტანტინე გამსახურდიას ხმა] ,,ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არ გამოაჩნდა ის სიბრძნე, არ გამოაჩნდა ის შორსმჭვრეტელობა, რომელიც თუნდაც, აი, გავიხსენებ ზვიად გამსახურდიას ერთ გამონათქვამს, რომელიც მან გააკეთა ჯერ კიდევ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ ,,ჩვენ ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ მათაც ჩვენთან ერთად გაიმარჯვონ”, - ასე თქვა მან თავის ოპონენტებზე ოდესღაც. იცით, როდესაც ქვეყანაში არიან გამარჯვებულები, რომელთაც ყველაფერი დარჩათ და დამარცხებულები, რომლებსაც არაფერი არ დარჩათ, ასეთი საზოგადოება და ასეთი ქვეყანა ვერ შედგება.” (სტილი დაცულია)

ოპოზიციისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას კონსტანტინე გამსახურდია ,,აგდებულს” უწოდებს. ,,თავისუფლების” ლიდერს მიაჩნია, რომ საქართველოში ოპოზიცია გარკვეულ სახეს ამჟამად იძენს, თუმცა სერიოზული რესურსის მქონე ძალა ჯერჯერობით არ არსებობს. გამსახურდიას პოლიტიკურ გაერთიანებას ძლიერი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბების პრეტენზია აქვს და შესაბამის კონსულტაციებს კონსერვატორებთან უკვე აწარმოებს. მოლაპარაკებები არც სხვებთანაა გამორიცხული:

[კონსტანტინე გამსახურდიას ხმა] ,,წარმოსადგენია, ვთქვათ, იგივე მაისაშვილის ჯგუფთან, იგივე, წარმოსადგენია, ვთქვათ, ,,ახალი მემარჯვენეების” ჯგუფთან. ეს ძალები ჩვენთან, იდეოლოგიური თვალსაზრისით და მიზანდასახულობით, შედარებით ახლოს დგანან. მე მაინტერესებს დიალოგი ყველასთან. თუნდაც იგივე შალვა ნათელაშვილის გაცნობაც მაინტერესებს.” (სტილი დაცულია)

პოლიტიკურ მოძრაობა ,,თავისუფლებას” ამჟამად 10 ათასამდე წევრი ჰყავს, თუმცა, როგორც თავად მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, თანამგრძნობთა რაოდენობა გაცილებით მეტია. უწყვეტ აქტიურ მოქმედებას და მომავალი არჩევნებისთვის მზადებას ,,თავისუფლება” საქართველოში კონსტანტინე გამსახურდიას საბოლოოდ ჩამოსვლას უკავშირებს. თავად მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და მის რეალიზაციას არცთუ დიდი დრო დასჭირდება.
XS
SM
MD
LG