Accessibility links

logo-print

საქართველო ჯორჯ ბუშის ვიზიტის მოლოდინშია.


საქართველო ჯორჯ ბუშის ვიზიტის მოლოდინშია.

მასპინძლები დიდ კულტურულ პროგრამას ამზადებენ, აპირებენ მრავალ ხმაში - როგრც იტყვიან, “მამაპაპურად” - შეასრულონ ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნი და დაარწმუნონ სტუმრებიც და თანამემამულეებიც, რომ კულტურის გლობალიზაცია “ვესტერნიზაციას”, “ჰოლივუდიზაციას”, “მაკდონალდიზაციას” არ გულისხმობს, რომ “კულტურის გლობალიზაცია” კულტურათა შორის დიალოგის შედეგია.

ამაზე თითქმის არავინ კამათობს. ამას წინათ საქართველოში ჩატარდა საერთაშორისო ფორუმიც, “გლობალიზაცია და ცივილიზაციათა დიალოგი”, რომელზედაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ კულტურული დიფუზია, მართლაც, ქმნის კულტურული თვითმყოფადობის დაკარგვის საშიშროებას, მაგრამ რა არის კულტურა, თუ არა ურთიერთობა, და რატომ არ უნდა იცვლებოდეს ადამიანი ურთიერთობაში? იგივე შეიძლება ითქვას კულტურულ გლობალიზაციაზე: ცივილიზებულ მსოფლიოს ისევე უნდა აწუხებდეს კულტურული მრავალფეროვნების პრობლემა, როგორც, დავუშვათ, ეკოლოგიური პრობლემები.

მაგრამ ეს წუხილი დასავლეთშიც და საქართველოშიც განსხვავებულად გამოიხატება.

[მუსიკა. მანუ ჩაო]

ეს მანუ-ჩაოა – საფრანგეთში მოღვაწე მომღერალი, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ანტიგლობალისტი, რომელსაც არაერთხელ გადაურიცხავს თავისი ჰონორარები გლობალიზაციის საწინააღმდეგო აქციების ჩასატარებლად. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაძლებელია, სიამოვნებით ცეკვავდნენ ამ მუსიკაზე, უსტვენდნენ ამ მელოდიას, მაგრამ დასავლელი ანტიგლობალისტების შესახებ მათი უმრავლესობა ირონიით საუბრობს. გიგა ბოკერია, უბრალოდ, დამამცირებლად მიიჩნევს მათ მოწოდებას, “უარი ვთქვათ ევროკავშირზე და არ ვითანამშრომლოთ პოსტინდუსტრიულ დასავლეთთან”:

[გიგა ბოკერიას ხმა] “ეს რა დამოკიდებულებაა?.. ჩამოხვალ ქვეყანაში, ნახავ ტალახიან გზებს, ჭუჭყს, - ამას ვეღარ ნახავ ევროპაში, - ერთი კვირით ჩამოდიხარ, გაჭირვებაა, საავადმყოფო ჩამოქცეულია, მაგრამ ჩაის სვამენ მედდა და სხვები... “უშუალო” ვითარებაა... და ეს თუ დაიკარგა – თუ დაიწმინდა ყველაფერი... ეს მათთვის დანაკარგია... ძალიან ცინიკური დამოკიდებულებაა... მე მაღიზიანებს... ბევრისგან გამიგია: რა კარგია, რომ არა ხართ ამერიკანიზებული? - მაგრამ თავის შვილს ხომ არ აცხოვრებს აქ? ეს დაახლოებით იგივე დამოკიდებულებაა, რაც ჰქონდა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს... ძალიან უყვართ საქართველო, მაგრამ “ველურები” არიან”.

ადამიანები, რომელთაც ჩვენ “კულტურული გლობალიზაციის” შესახებ გავესაუბრეთ, ჩრდილოეთის მეზობელს, როგორც მთავარ “ანტიგლობალისტს”, ხშირად ასახელებენ. “კავკასიური ინსტიტუტის” თანამშრომელი გია მანელაშვილი გლობალიზაციას საზოგადოების განვითარების კანონზომიერ ფორმად მიიჩნევს... არა აქვს აზრი იმაზე მსჯელობას, კარგია ეს თუ ცუდი... რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, სამყარო მაინც ამ მიმართულებით წავა:

[გია მანელაშვილის ხმა] “როგორც წესი, ესაა ხელოვნურად დანერგილი შიში... ეს იმპერიული ძალა ცდილობს სწორედ ნაციონალიზმი გამოიყენოს, რათა დასავლეთის ტალღას წინ აღუდგეს... ქოქავს ადამიანებს, რომლებიც შეიძლება პატრიოტები არიან...”

გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა შორის რუსეთშიც და საქართველოშიც ბევრია ისეთი, ვინც სტალინის რეჟიმს ნოსტალგიით იხსენებს. კომუნისტები გამოდიან
საბაზრო ეკონომიკის, პოლიტიკური დემოკრატიის, ღია საზოგადოების წინააღმდეგ, ებრძვიან პრივატიზაციას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ თავადაც იღვწოდნენ კომუნიზმის “გლობალიზაციისთვის”... საბჭოთა კავშირის გერბში “გლობუსი” ჩასვეს. დღეს ლაპარაკობენ ეგრეთ წოდებული “ველურების” დაპყრობის დახვეწილ ფორმეზე – კომპიუტერით, მაკდონალდსებით, ჰოლივუდის ბლოგბასტერებით... აღშფოთებულები არიან იმით, რომ მსოფლიოს ტელეარხებზე თუნდაც პრინც ჩარლზის ქორწინების ამბავი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე, მაგალითად, მატარებლის კატასტროფა რუსეთის რომელიმე რეგიონში... თუმცა იმავე რუს კომუნისტებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროშებითა და სტალინის პორტრეტებით გამოდიან მოსკოვის ქუჩებში გლობალიზაციის წინააღმდეგ, ავიწდებათ, სტალინის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული კვაზიდოკუმენტური ფილმები, რომელშიც ბელადის გარდაცვალებას მსოფლიოს ყველა ქვეყნის მშრომელი ერთნაირად განიცდიდა.

იყო დრო, როცა ჩვენში არც კოკა-კოლა იყიდებოდა, არც მაკდონალდსი არსებობდა და სიგარეტი “მალბოროც” მხოლოდ გადამყიდველებთან შეგეძლოთ შეგეძინათ... ნიშნავს თუ არა ეს, რომ იმ დროს ადამიანი უკეთესი იყო, ვიდრე ახლა? ნიშნავს თუ არა ეს, რომ იმ დროს უფრო “თვითმყოფადი” იყო თუნდაც ქართული კულტურა? ამასთან, ქართველი კულტუროლოგები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, აღნიშნავენ, რომ მასკულტურის ობიექტებზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ წყვეტს ადამიანის პრობლემებს – ამით არ ქრება შური, ბოღმა, სიღარიბე, ადამიანი ამით არ ხდება თავისუფალი... რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალიზაცია თავისთავად არაფერს ნიშნავს, მთავარი შიშისგან განთავისუფლება და ამ მოვლენის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებაა:

[მარინე ბერიაშვილის ხმა] ”საერთოდ, ამაზე ლაპარაკი საოცრებაა პირდაპირ, როცა მესმის, რომ დაგვღუპა კომპიუტერმა, მაკდონალდსმა, ანუ ბუტერბროდმა... როგორ შეიძლება ებრძოლო ბუტერბროდს, არ მესმის... თუ არ მოგწონს, მიირთვი, ბატონო, სხვა საჭმელი. ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება და თუ ეს არა აქვს, მისი განვითარება ფერხდება.”

გლობალიზაცია, მართლაც, იწვევს ინდივიდის სოციალური კავშირების სისტემის მკვეთრ შეცვლას – ათავისუფლებს პიროვნებას, რომელიც აღარ არის მიჯაჭვული გარემოს, ზრდის არჩევანის საშუალებას. ამავე დროს, გლობალიზაციის შედეგად შემქნილი ეს “მეგასაზოგადოება” ინდივიდს თვითგამორკვევის პრობლემას ურთულებს, ძნელი ხდება საკუთარი თავის პოვნა ახალ სამყაროში და, ამავე დროს, საკუთარი თავის შენარჩუნება. სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა სერიოზული გამოკვლევა – როგორია ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება გლობალიზაციის მიმართ... თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ქართული საზოგადოების მზაობას დასავლურ ორგანიზაციებში, საერთაშორისო სტრუქტურებში გასაერთიანებლად, საეჭვოა, გლობალიზაციას ხალხის უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდეს. როგორც ჩანს, გლობალიზაცია, მართლაც, პირველ რიგში, იმ ქვეყნებს დააზარალებს, რომელთაც არა აქვთ მკაფიოდ გამოხატული ტრადიციები... გამომცემლობა “ლიტერას” ხელმძღვანელი თამარ ებრალიძე დარწმუნებულია, რომ საქართველო ამ ქვეყნებს არ მიეკუთვნება:


[თათი ებრალიძის ხმა] “საქართველოს ისტორიაში პრაქტიკულად არ არის პერიოდი, როცა ადამიანს ინდივიდუალური სრულყოფილების პრობლემა უდგას. სულ არის გარედან რაღაც პრობლემა, რომელიც შენზე უფრო ძლიერია და მოსაშორებელია.”(სტილი დაცულია)

თუმცა, კულტუროლოგ ნინო ფირცხალავას აზრით, გლობალიზაციის მიმართ მეტისმეტად, რბილად რომ ვთქვათ, “თავქარიანი” დამოკიდებულება ქართული საზოგადოების თვითკმაყოფილებას გამოხატავს, უფრო სწორად, წინააღმდეგობას, რომელიც ბოლო დროს დამკვიდრდა ჩვენში:

[ნინო ფირცხალავას ხმა] “ორი საპირისპირო განცდა... ერთის მხრივ, ჰიპორტროპული საკუთარი სიდიადის განცდა, რომ “აჰ”, ამ შემთხვევაში გოლიათის მდგომარეობაში და, მეორეს მხრივ, უკიდურესი თვითდაკნინება, რა უბედურები ვართ.”(სტილი დაცულია)

გლობალიზაციასთან დაკავშირებით ნინო ფირცხალავა ტოლსტოის “ანა კარენინას” იხსენებს: “ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს... არ ჰგვანან ერთმანეთს უბედური ოჯახები”... ამავე დროს, ქართველი კულტუროლოგი გვთხოვს ერთმანეთისგან გავარჩიოთ “გლობალიზაცია” და “იმპერიალიზმი”... ის ფაქტი, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ადამიანი ახალ საზოგადოებაში იწყებს ცხოვრებას და სწავლობს თვითგადარჩენას ახალ პლანეტაზე, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ გლობალიზაციას აკონტროლებს პოსტინდუსტრიული დასავლეთი. აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი გიორგი ლობჟანიძე შეგვახსენებს, რომ ქართული კულტურა ყოველთვის ასრულებდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის “თარჯიმნის” როლს და ტერმინი “ისლამიზაცია”, “გლობალიზაციის” საწინააღმდეგოდ, რომელსაც ამკვიდრებენ ქართველი “ევროცენტრისტები”, შეურაცხმყოფელია და არც გლობალიზაციის არსს გამოხატავს:

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] “როდესაც ლაპარაკია რელიგიაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს რელიგია გარკვეულ ზნეობრივ ღირებულებებს მოიცავს. რაც შეეხება ფანატიზმს, იგი თანაბრადაა დამახასიათებელი როგორც ისლამისთვის, ისე ქრისტიანობისთვის... ჩვენ ვხედავთ, რა ხდება თანამედროვე საზოგადოებაში ამ ფობიების გამო.”

მაგრამ ბუნება თავისი გზით ვითარდება.

[მანუ ჩაო]

რამდენიც უნდა იმღეროს მანუ ჩაომ გლობალიზაციის საშიშროებაზე, რეკომბინაცია განუწყვეტლივ ქმნის მრავალფეროვნებას ბუნებაში. ბუნება ებრძვის ერთფეროვნებას და ამისათვის საკმაოდ რთულ აპარატსაც ფლობს – ესაა გენეტიკური რეკომბინაციები... იმისთვის, რომ გლობალიზაცია ადამიანთა კეთილდღეობას ემსახურებოდეს, სწორედ ბუნებისა და მსოფლიო კულტურების არსში ჩაღრმავებას გვთხოვს მწერალი გიორგი ლობჟანიძე:

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] “თუკი შენ თავისუფალი იქნები შიშისაგან და გაიმარჯვებ შიშზე, აღმოაჩენ სრულიად ახალ სამყაროს. არის ხალხი, რომელიც სპეციალურად ეძებს ახალ შიშებს, რადგან ყოველი გამარჯვება ახალ შიშზე აღმოგაჩენინებს სამყაროს..”
XS
SM
MD
LG