Accessibility links

გალაქტიონ ალფაიძე და ალექსანდრე ქართველიშვილი - ორი ქართველი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სამხედრო ტექნიკის განვითარებაში


9 მაისს ნაციზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავს საქართველოშიც აღნიშნავენ.

საქართველოს ტელევიზია და პრესა გადასცემს ცნობებს ომის ვეტერანების მიმართ მთავრობის მიერ გამოჩენილი ყურადღების შესახებ და ამ ცნობებში ხშირად გაიელვებს ხოლმე პოლკოვნიკ შოთა შურღაიას გვარი, როგორც მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ქართველი გმირისა. მაგრამ ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ რუსეთში, ქალაქ რიაზანში, ცხოვრობს ლეგენდარული ქართველი გენერალი გალაქტიონ ალფაიძე, რომელსაც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 1945 წელს პირადად იოსებ სტალინმა მიანიჭა. გალაქტიონ ალფაიძემ და ამერიკაში მოღვაწე ალექსანდრე ქართველიშვილმა თავის დროზე უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ორი ზესახელმწიფოს - ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების - თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ყოველკვირეულ სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” ჩვენ ამ ორი დიდი ქართველის ღვაწლზე ვისაუბრებთ. თავდაპირველად კი მოვუსმინოთ გენერალ გალაქტიონ ალფაიძის ხმის ჩანაწერს, რომელიც, გარკვეულწილად, უკვე უნიკალურია.


[გალაქტიონ ალფაიძის ხმა] "ომის პირველი დღეებიდან მე ვიყავი ვორონეჟში საპოლკო ქვემეხების ბატარეის მეთაური. ომი მე მოსკოვის მისადგომებთან დავიწყე, ვმონაწილეობდი მოსკოვის დაცვის ბრძოლებში. შემდეგ ვმონაწილეობდი უკრაინის გათავისუფლების ბრძოლებში, დნეპრის ფორსირება მოვახდინე, ბრძოლებით გავიარე ბელორუსია, ბულგარეთი, რუმინეთი და ომის დასრულებას ავსტრიაში შევხვდი."


საბჭოთა კავშირის გმირი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გენერალ-ლეიტენანტი გალაქტიონ ალფაიძე 1916 წელს ქუთაისთან ახლოს, სოფელ კურსებში, დაიბადა. შვიდწლედის დამთავრების შემდეგ 15 წლის ჭაბუკი კურსების გრანიტის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში განაგრძო სწავლა, 1938 წელს კი სამხედრო კარიერა აირჩია. ზუსტად 60 წლის წინ, 1945 წლის 28 აპრილს, მეორე მსოფიო ომის დამთავრებამდე ორი კვირით ადრე, გალაქტიონ ალფაიძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება იოსებ სტალინმა მიანიჭა მოსკოვის დაცვის, დნეპრის გადალახვისა და ავსტრიის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის. მოვუსმინოთ, თავად გალაქტიონ ალფაიძეს:

[გალაქტიონ ალფაიძის ხმა] ”ლეიტენანტობიდან დავიწყე 36-ე საარტილერიო პოლკში და ბატარეის მეთაურობიდან პოლკის მეთაურობას მივაღწიე. ომის დასრულებამდე პოლკის მეთაური ვიყავი. მერე იყო სახალხო მოლაშქრეებით დაკომპლექტებული დივიზია, 113-ე დივიზია, მოსკოველები იყვნენ. აი, მოკლედ, თორემ ისე ეს ყველაფერი უკვე აღწერილია.”

იმერეთის ლამაზ სოფელ კურსებში დაბადებულმა გალაქტიონ ალფაიძემ შთამბეჭდავი სამხედრო გზა გაიარა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ საბჭოთა არმიის რიგებში მოღვაწე ქართველ ოფიცრებს შორის იგი ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომელიც გადაურჩა ნიკიტა ხრუშჩოვის ”წმენდას” და საკმაოდ მაღალ მწვერვალს მიაღწია. გენერალ გალაქტიონ ალფაიძის მხედრული ბიოგრაფიის გვირგვინად ითვლება წვლილი, შეტანილი პლესეცკის კოსმოდრომის მშენებლობაში, სადაც გალაქტიონ ალფაიძე მთავარ კონსტრუქტორად მუშაობდა. სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ გალაქტიონ ალფაიძე იმ თითებზე ჩამოსათვლელ ქართველ მხედართმთავართა რიცხვში შედის, რომლებმაც სამხედრო ტექნიკის განვითარებაში განუზომელი წვლილი შეიტანეს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "ნაწილი ქართველებისა იღვწოდა საბჭოთა კავშირის ინტერესებისათვის, ნაწილი კი - შეერთებული შტატების, როგორც, მაგალითად, ჩვენი სახელოვანი თანამემამულე ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელმაც პირველი ამერიკული ტაქტიკური ბომბის გადამტანი თვითმფრინავი შექმნა; ხოლო ჩვენი თანამემამულე გენერალი გალაქტიონ ალფაიძე ხელმძღვანელობდა პლესეცკის კოსმოდრომის მშენებლობას და შემდგომ - ამ კოსმოდრომიდან რაკეტამატარებლების გაშვებას."

ირაკლი ალადაშვილმა ჩვენთან საუბარში მეორე გამოჩენილი ქართველის, ალექსანდრე ქართველიშვილის, გვარი ახსენა. გალაქტიონ ალფაიძისგან განსხვავებით, ალექსანდრე ქართველიშვილი პროფესიონალი სამხედრო არ ყოფილა, თუმცა ამ ორი დიდი ქართველის ბიოგრაფია რამდენადმე წააგავს ერთმანეთს. როგორც რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელმა, ასოციაცია ”კვალის” და გაზეთ ”კვალის” ერთ-ერთმა დამაარსებელმა, პროფესორმა შოთა ვაშაკიძემ გაიხსენა, ალექსანდრე ქართველიშვილი იმდენად აღიარებული კონსტრუქტორი იყო, რომ მას ეიზენჰაუერი პირადად იცნობდა:

[შოთა ვაშაკიძის ხმა] ”(ალექსანდრე) საქართველოში სწავლობდა და მერე, ოციან წლებში, გადავიდა, თუ არ მეშლება, ამერიკის შეერთებულ შტატებში... ის, ითვლებოდა, რომ იყო პირველი წარმატებული ქართველი ემიგრანტი, რომელიც ტექნოლოგიებში წავიდა. ორი ასეთი წარჩინებული პირი იყო. ერთი იყო კობახიძე და მეორე იყო ქართველიშვილი. ქართველიშვილი უფრო სამთავრობო შეკვეთებზე მუშაობდა და მისი ინტერესების სფერო უშუალოდ დაკავშირებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის გაძლიერებასთან. ამიტომ მასზე ინფორმაცია ასე იოლად არ მოიპოვება.”

მაგრამ სამხედრო ინდუსტრიაში დატოვებული მემკვიდრეობის გარდა, დარჩა თუ არა პირდაპირი შთამომავლობა ალექსანდრე ქართველიშვილს? მოვუსმინოთ ამერიკაში მოღვაწე ქართველ პროფესორს შოთა ვაშაკიძეს:

[შოთა ვაშაკიძის ხმა] ”ამჟამად არ არიან. მე, ყოველ შემთხვევაში, მათი არსებობის შესახებ არ ვიცი. მილაპარაკია რამდენიმე პირველი ტალღის ემიგრანტთან, მაგრამ არავინ არ იცის მისი შთამომავლების არსებობის შესახებ.”

ალექსანდრე ქართველიშვილისაგან განსხვავებით, კოსმოდრომ ”პლესეცკის” მშენებელი, 90 წელს მიტანებული გენერალი ალფაიძე თავის შთამომავლებთან ერთად რუსეთის ქალაქ რიაზანში ცხოვრობს. თუმცა ხანდაზმული გენერლის ჯანმრთელობა კრიტიკულია:

[გალაქტიონ ალფაიძის ხმა] ”ორივე ფეხი მოჭრილი მაქვს.”

საბჭოთა კავშირის გმირ გალაქტიონ ალფაიძესთან ეს დიალოგი შარშან, 4 მაისს, არის ჩაწერილი. რადიო ”თავისუფლება” ამ დღეებშიც დაუკავშირდა რიაზანში მცხოვრებ გალაქტიონ ალფაიძეს 9 მაისის მისალოცად, მაგრამ გენერალმა, რომელმაც უკვე ყურთასმენაც დაკარგა, ტელეფონით საუბარი ვეღარ შეძლო. მისმა შვილმა გიორგიმ კი გვითხრა, რომ გენერალმა უამრავი მისალოცი მიიღო რუსეთის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან, მაგრამ მათში არც ერთი არ ყოფილა საქართველოს მთავრობიდან. საქართველოში, მცირერიცხოვანი ნათესავების გარდა, თითქმის აღარავის ახსოვს რიაზანში მცხოვრები, ლოგინად ჩავარდნილი გალაქტიონ ალფაიძე - ქართველი გენერალი, რომელსაც სიცოცხლეშივე უწოდეს ლეგენდარული გალაქტიონ ალფაიძე.
XS
SM
MD
LG