Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესი”ერთი ფანჯრიდან” ცდილობს მთავრობასთან ურთიერთობას


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტის მიერ „მეორე რევოლუციად“ შერაცხული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც სამეწარმეო საქმიანობაში ზედმეტი ბიუროკრატიული

ბარიერების მოხსნას და ნებართვებისა და ლიცენზირების სისტემის გამარტივებას ითვალისწინებდა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამუშავების შემდეგ არცთუ ისე „რევულუციურად“ გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტის მიერ დეკლარირებულ პრინციპსა და კანონპროექტს შორის მეწარმეები აშკარა სხვაობას ხედავენ. ბიზნესწრეებს, კერძოდ, ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის მთავრობისეული ვარიანტი არ მოსწონთ.

თავის დროზე, როდესაც პრეზიდენტი და მთავრობა ახალ ”ეკონომიკურ რევოლუციაზე” საუბრობდნენ, პირველ რიგში, ის ანტიბიუროკრატიული კანონმდებლობა ჰქონდათ მხედველობაში, რომელიც პარლამენტს უნდა წარედგინოს. კანონმდებლობა, მართლაც, მზადდება, თუმცა სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, როგორც ჩანს, მაინც ახერხებს პროექტში უფრო სათავისო ინტერესი ჩადოს, ვიდრე ბიზნესის წარმოების წესების გამარტივებაზე იზრუნოს.

მეწარმეები ამ კანონპროექტთან დაკავშირებულ პრობლემებზე გასულ კვირას ბიზნესმენთა ფედერაციაში მსჯელობდნენ. ბიზნესმენთა ფედერაცია მიესალმება იმ ფაქტს, რომ მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ლიცენზიების სახეობათა რაოდენობა 5-ჯერ მცირდება და თუ დღეს 900-მდე სხვადასხვა სახის ლიცენზია და ნებართვა არსებობს, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მათი რაოდენობა 140-მდე შემცირდება. სამართლიანობა მოითხოვს ხელისუფლებას ლიცენზირებისა და ნებართვების აბსურდული სისტემის გამარტივების ინიციატივა დავუფასოთ. ამ სფეროში არსებული ქაოსისა და კორუფციული გარიგებებისათვის ნოყიერი ნიადაგის გარდა, სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე ლიცენზიებთან დაკავშირებით ისეთ კურიოზებზეც ამახვილებდა ყურადღებას, რომელიც უხვად გვხვდება ჯერ კიდევ მოქმედ კანონში:
[კახა ბენდუქიძის ხმა] ”საქართველოში არსებობს, მაგალითად, ლიცენზია ”ვეტერინარული საქმიანობისა ცხოველების სილამაზის სალონებში” ან ”საქმიანობისა ცხოველების სასტუმროებში”. არის, მაგალითად, ”საქართველოში საქართველოს კულტურული ფასეულობის შემოტანის ნებართვა”, ანუ საქართველოში კულტურული ფასეულობის შემოტანა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ”
საბოლოოდ, ხელისუფლებამ ლიცენზიების, მათ შორის, ზემოთ ნახსენები ”ეგზოტიკური ნებართვების” რაოდენობა, მართალია, სერიოზულად შეამცირა, მაგრამ მის მიერ დეკლარირებული ”ერთი ფანჯრის” პრინციპი კანონპროექტში მაინც ვერ მოხვდა. ანუ გარკვეული ტიპის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად მეწარმეს ისევ რამდენიმე უწყებაში მოუწევს ბიუროკრატიასთან ”ჭიდილი” და ათასგვარი ცნობების თავად შეგროვება.

ბიზნესმენები მთავრობას ალტერნატივის სახით სთავაზობენ, ჩამოყალიბდეს კანცელარიის ტიპის სააგენტო, რომელიც მეწარმეთათვის ლიცენზიების გაცემას ტექნიკურად უზრუნველყოფს. ბიზნესფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე ფიქრობს, რომ ამგვარი სააგენტოს ჩამოყალიბება ლიცენზირების სისტემის გამარტივების მიზნით შემუშავებულ კანონპროექტში აუცილებლად უნდა აისახოს:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”შესაძლებელია, სახელმწიფომ შექმნას ერთი მმართველი რგოლი, მაკოორდინირებელი ორგანო, რომელთანაც ბიზნესს ექნება ურთიერთობა და თავად ამ სააგენტომ, ან რაც გნებავთ ის დაარქვით, უზრუნველყოს კონკრეტულ ნებართვის მოთხოვნაზე დადებითი თუ უარყოფითი პასუხი.”
ბიზნესმენები მზად არიან გარკვეული საფასურიც კი გაიღონ, ოღონდ ნებართვის მოსაპოვებლად და საბუთების შესაგროვებლად რამდენიმე სახელმწიფო უწყებაში არ მოუწიოთ სირბილი და, ამის ნაცვლად, არსებობდეს კონკრეტული სახელმწიფო უწყება, რომელიც შესაბამისი გადასახადის გადახდის შემდეგ მეწარმისთვის ლიცენზიის გაცემის საკითხს ტექნიკურად მოაგვარებს.
კანონპროექტს მთავრობა პარლამენტს უკვე ამ თვეში წარუდგენს, მანამდე კი მას პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭო განიხილავს.
მეწარმეები ფიქრობენ, რომ, ბიზნესფედერაციაში გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინების გარეშე, მთავრობის მიერ მომზადებული ”სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის საფუძვლის შესახებ“ კანონპროექტი ”ხიბლს დაკარგავს“ და იგი არცთუ ისე ”რევოლუციური” აღმოჩნდება, როგორიც ხელისუფლების წინასწარი დეკლარაციის დროს ჩანდა.
XS
SM
MD
LG