Accessibility links

რა იციან ქართველმა ბავშვებმა მეორე მსოფლიო ომის შესახებ

  • ნინო როდონაია

საქართველოს სკოლებში მეორე მსოფლიო ომის შესწავლას მე-9 კლასიდან იწყებენ. საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, მასალა საგრძნობლად შემცირებულია,

არც ყოფილი იმპერიის ქებას შეიცავს და არც სხვადასხვა ბრძოლების გარჩევას. თანამედროვე ბავშვებმა არ იციან, თუ რას ნიშნავდა გმირი ქალაქები, ვინ იყვნენ კოშჩევოი და კოსმოდემიანსკაია, თუმცა დაპირისპირებულ მხარეებს, მათ ლიდერებსა და გამარჯვებულს აუცილებლად დაგისახელებენ. მათ შორის, ისინიც, ვისაც მეორე მსოფლიო ომის შესწავლა ჯერ არ დაუწყია.
როგორ აღიქვამენ სამოცი წლის წინანდელ მოვლენებს თანამედროვე ბავშვები?

9 მაისი რომ გამარჯვების დღეა, ეს საქართველოში ბავშვების არცთუ მცირე ნაწილმა იცის, თუნდაც იმიტომ, რომ ტელევიზორს ხშირად უყურებენ. განსხვავებით საბჭოთა პერიოდის ბავშვებისგან, რომელთა მიერ 9 მაისის აღნიშვნა კონცერტებით, ვეტერანებთან შეხვედრებითა და ყვავილებით უცნობი ჯარისკაცის საფლავის შემკობით, სასკოლო გეგმაში შედიოდა, თანამედროვე ბავშვების ნაწილმა თბილისში ამგვარი საფლავის არსებობა არც კი იცის. მეორე მსოფლიო ომის შესწავლას სკოლებში მე-9 კლასიდან იწყებენ. უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოში ათ გვერდზეა მოთხრობილი მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, რომელსაც თან ფოტომასალა და პოტსდამის კონფერენციის გადაწყვეტილების შინაარსი ახლავს. უახლესი ისტორიის პარალელურად მე-9 კლასში ისწავლება საქართველოს ისტორია, რომლის სახელმძღვანელოს ოთხ გვერდზე მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობაზეა საუბარი. ისტორიის მასწავლებელი მარინა დავითულიანი ამბობს, რომ ეს პერიოდი ბავშვებს ყველაზე მეტად აინტერესებთ:

[მარინა დავითულიანის ხმა] ,,ძირითადი ყურადღება გამახვილებულია საქართველოსთან მიმართებაში. რამდენი ადამიანი იქნა ამ პატარა ქვეყნიდან გაყვანილი, რომ იმდენი მსხვერპლი, რამდენიც საქართველოდან იყო, არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია, ასეთ პატარა ქვეყანას. გარდა მაგისა, რა მნიშვნელობა ჰქონდა ემიგრანტი ქართველებისთვის გერმანიის გამარჯვებას. მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ბოლშევიკური საქართველოსთვის, ამასაც ვასწავლით. ბავშვმა თვითონ უნდა იაზროვნოს, რა ჯობდა ჩვენთვის.” (სტილი დაცულია)

დამოუკიდებელი აზროვნების შედეგად მიღებული დასკვნა მეცხრე კლასელებში სხვადასხვაგვარია, თუმცა ანა და ნოდარი ამბობენ, რომ 60 წლის წინანდელი ომის შესაძლო შედეგებზე დღეს საუბარი უაზრობაა:

[ნოდარის ხმა] ,,გვერჩივნა, რომ წაგვეგო ეს ომი, დავნებებოდით გერმანიას, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, უფრო უკეთ ვიქნებოდით, ვიდრე ახლა როგორც ვართ.” (სტილი დაცულია)
[ანას ხმა] ,,მე მგონია, რომ კომუნისტებიც და ფაშისტებიც ერთნაირები იყვნენ, ადამიანებს ორივენი კლავდნენ და რომელი იყო უფრო ნაკლები ბოროტება, არ ვიცი.” (სტილი დაცულია)

თანამედროვე მეცხრეკლასელებმა - ყოველ შემთხვევაში, მათ, ვინც ისტორიის გაკვეთილებს სწავლობენ - იციან, თუ რას წარმოადგენდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. საბჭოთა პერიოდის ბავშვებისგან განსხვავებით, ისინი სახელმძღვანელოში კითხულობენ, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით საბჭოთა კავშირი თავად აღმოჩნდა ,,ომის გამჩაღებელთა” შორის და რომ უშუალოდ მის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე გერმანიასთან დაახლოებული სსრკ საკუთარი ტერიტორიის გაფართოებით იყო დაკავებული. 1941 წლიდან განვითარებული მოვლენები მოსკოვისთვის ომის გამოცხადებად, გარდატეხად და დამამთავრებელ ეტაპადაა დაყოფილი. ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ფიგურა ასევე მოხსენიებულია, თუმცა თავად მოსწავლეები მხოლოდ ორს - სტალინს და ჰიტლერს - ასახელებენ. საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, ბავშვებს არც იმას ასწავლიან, რომ 1945 წლის გაზაფხულზე რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა ქანთარიამ და ეგოროვმა აღმართეს.
მიუხედავად სხვადასხვა ცვლილებებისა, თანამედროვე მეცხრეკლასელებსაც მიაჩნიათ, რომ 9 მაისი, როგორც გამარჯვების დღე, საქართველოში უნდა აღინიშნებოდეს:

[ნოდარის ხმა] ,,მე მგონია, რომ საჭიროა, რომ 9 მაისი აღინიშნოს. იმიტომ რომ ომი იყო, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დაანებო.” (სტილი დაცულია)
[ანას ხმა] ,,9 მაისი უნდა აღინიშნებოდეს, იმიტომ რომ ომის დამთავრება, ალბათ, ყველასთვის დიდი სიხარული იყო. განსაკუთრებით მათთვის, ვინც იბრძოდა და გადარჩა და იცოდა, რომ სახლში დაბრუნდებოდა.” (სტილი დაცულია)

მე-5 კლასელი თაზი ფიქრობს, რომ ომის დასრულებით ხალხი გახარებული იქნებოდა, თუმცა სრული სიხარულის არ სჯერა:

[თაზის ხმა] ..იყვნენ, მაგრამ ძაანაც არ იქნებოდნენ, იმიტომ რომ სტალინი მაინც ბატონობდა. თან უხეში კაცი იყო და ანგრევდა ყველაფერს.” (სტილი დაცულია)

ომზე საუბრის სურვილი მე-5 და მე-6 კლასელებმა, თაზიმ და ილიამ, თავად გამოთქვეს. მათ გვითხრეს, რომ საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ, თუმცა იციან, რომ ასეთი ქვეყანა არსებობდა და დიდ ომშიც მონაწილეობდა:

[ილიას ხმა] ,,სტალინი იყო საბჭოთა კავშირის მთავარსარდალი. ჰიტლერი იყო ფიურერი გერმანიის. მე გამიგია, რომ სტალინის და ჰიტლერის ყველას ეშინოდა.” (სტილი დაცულია)
[თაზის ხმა] ,,ჰიტლერი იყო გერმანელების უფროსი და დიდი არმია ჰყავდა და ევროპის ბევრი ქვეყანა დაიპყრო. ბოლოს მიადგა საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირიც შეიარაღებული დახვდა და დაიწყო ომი. საბჭოთა კავშირს სტალინი ედგა სათავეში და 4 წელი გაგრძელდა ომი, როგორც მე ვიცი. საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა და ამ ომში სტალინის შვილიც ტყვედ წაიყვანეს.” (სტილი დაცულია)

თანამედროვე ბავშვები იმასაც ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული დოკუმენტური ფილმები მოსწონთ. მხატვრულთაგან მხოლოდ ,,ჯარისკაცის მამას” ასახელებენ, თუმცა მეექვსეკლასელმა ილიამ კიდევ ერთი ფილმი გაიხსენა:

[ილიას ხმა] ,,კინო მაქვს ნანახი, - სერიალია, უფრო სწორად, - ,,4 ტანკისტი და ძაღლი.” ტანკისტები არიან პოლონელები, ერთი ქართველია - სააკაშვილი გვარად (იცინის).” (სტილი დაცულია)

სხვათა შორის, ბავშვები ერთმანეთში იმაზეც საუბრობდნენ, უნდა ჩასულიყო, თუ არა საქართველოს პრეზიდენტი 9 მაისს მოსკოვში და რომ 9 მაისს თბილისში ბუში ჩამოდის. აქვე ისიც გაახსენდათ, რომ მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული ფილმების ნახვას ამერიკული ,,გლადიატორის” ან ,,ალექსანდრეს” ნახვა ურჩევნიათ.
XS
SM
MD
LG