Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ პრეზიდენტ ბუშის ვიზიტი მხოლოდ ტურისტულ გასეირნებად არ დარჩეს


თბილისში ვიზიტის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლება შეაქო და განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა დემოკრატიის საფუძვლებთან დაკავშირებით საკმაოდ კარგ გადაწყვეტილებებს იღებს.

იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეულ შედეგებს მიაღწია, აღიარებენ დამოუკიდებელი ანალიტიკოსებიც, რომლებიც, ოფიციალურ პირთაგან განსხვავებით, პრობლემებზე საჯაროდ საუბარსაც არასდროს ერიდებიან. რა ტენდენციები გამოიკვეთა საქართველოს ხელისუფლების მოქმედებაში? - ეს საკითხი უცხოელ - მათ შორის, ამერიკელ - კოლეგებთან ქართველი ექსპერტების საკმაოდ ხშირი დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემაა. რამდენიმე საინტერესო მოსაზრება თბილისის სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრში სტუმრობისას მოვისმინე.

პრეზიდენტ ბუშის ვიზიტს საქართველოს ხელისუფლება თავისი მიღწევების დასტურად აფასებს. დასავლეთთან ინტეგრაციისთვის საკმარისი რომ მხოლოდ დემოკრატიული პრინციპების დეკლარირება არ არის, ამას თავად ხელისუფლებაც აღიარებს. თუმცა კონკრეტული კურსი ჯერჯერობით ბუნდოვანია. სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ნიკო მელიქაძე აშშ-დან ახლახან დაბრუნდა. ექსპერტი ამბობს, რომ რევოლუციის შემდეგ, გარკვეულ შედეგებთან ერთად, გამოიკვეთა პრობლემებისადმი ხელისუფლების მიდგომის ტენდენციაც, რომელსაც საზოგადოების ყურადღება სჭირდება. რევოლუციამდელი სტაბილური სტაგნაცია დაძლეულია, რეფორმები - სტიმულირებული და ეს პოტენციალი გამოსაყენებელია. მით უმეტეს, რომ შეცვლილია საქართველოსადმი დამოკიდებულებაც:

[ნიკო მელიქაძის ხმა] ,,პოლიტიკურად ჩვენ ყურადღება მივიქციეთ. ჩვენ აღმოვჩნდით ძლევამოსილ საერთაშორისო ძალთა ინტერესთა სფეროში და ამის გამო საქართველოსკენ დიდი ნაკადი რესურსებისა, ყველა ტიპის - ფინანსური, პოლიტიკური, ორგანიზაციული, ინტელექტუალური - წარიმართა. ახლა ქვეყანა, ფაქტობრივად, გამოწვევის წინაშე დგას, რომ ეს ყველაფერი, ეს შესაძლებლობები, მე ვიტყოდი, ისტორიული, ეფექტურად გამოიყენოს.” (სტილი დაცულია)

ნიკო მელიქაძე პრობლემას სწორედ რესურსების ეფექტურად გამოყენებაში ხედავს. შესაბამისი კვალიფიკაციის უქონლობისა და ხელისუფლებისა და საზოგადოების პოლიტიკური აზროვნების კულტურის დაბალი დონის დაძლევას ექსპერტი უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევს. ხელისუფლების მიერ პრიორიტეტად ამა თუ იმ პრობლემის დაძლევის გამოცხადება სრულიადაც არ არის საკმარისი, რადგან საზოგადოებრივი სისტემა და დამკვიდრებული ნორმებია შესაცვლელი:

[ნიკო მელიქაძის ხმა] ,,ეს არის ძირითადი შემაწუხებელი იმაში, რაც ხდება - რომ სრულიად კეთილი და საუკეთესო ზრახვებით კეთდება ბევრი რამე ისეთი, რაც, უბრალოდ, დაგვიბრუნდება უარყოფითი შედეგებით. ქვეყანას არა აქვს ერთიანი პოლიტიკა, ქვეყანა რეაგირებს მხოლოდ წარმოქმნილ სირთულეებზე და იმ სირთულეებზე, რომელიც მოჩანს. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა სიმპტომებს, არამედ დაავადებას. ამისათვის თვითონ დაავადება უნდა იყოს იდენტიფიცირებული და სწორედ ეს არ ხდება.” (სტილი დაცულია)

იმას, რომ ეს არ ხდება, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ხელისუფლებაში შესაბამისი კვალიფიკაციის უქონლობით ხსნის. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლება ეფექტური არ არის და მისგან ამას არც ადგილობრივი საზოგადოება მოითხოვს:

[ნიკო მელიქაძის ხმა] ,,ეფექტურობა არ შეიძლება იყოს კეთილი ნების საკითხი. ეფექტურობა არის აუცილებლობა. იმისათვის, რომ იყო ეფექტური, უზარმაზარი ძალისხმევაა საჭირო, განსაკუთრებით ჩვენს პირობებში, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ სახელმწიფო მშენებლობას ეწევა და საზოგადოებრივი სისტემის რეალური გარდაქმნა ჯერ არ მომხდარა. ხელისუფლებას სჭირდება განუწყვეტელი და სერიოზული სწავლა თვითონ, საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება ამაში, რაც მას არ გააჩნია.” (სტილი დაცულია)

ექსპერტი მიიჩნევს, რომ, ზოგადად, საზოგადოებრივი მოწყობის ჩარჩოები გადალახულია. ძლიერი პოლიციისა და არმიის შექმნა, პენსიის გაზრდა, გადასახადების აკრეფა და კორუფციის დაძლევა აუცილებელია, მაგრამ კატეგორიულად არასაკმარისი. საქართველოს ხელისუფლებას კი სახელმწიფოს მშენებლობის ფორმა დღემდე არ განუსაზღვრავს:

[ნიკო მელიქაძის ხმა] ,,ამისათვის დიდი ისტორიული დრო ჩვენ მოცემული არა გვაქვს. ეს დინამიკური მსოფლიო ჩვენგანაც მოითხოვს განვითარების შესაბამის დინამიკას, რომ მსოფლიოსა და ისტორიის პერიფერიაზე არ აღმოვჩნდეთ. ის, თუ როგორ ვაზროვნებთ ჩვენ პოლიტიკის კეთებაში, განაპირობებს იმას, თუ რა გვექნება ამის შედეგად. სწორედ ეს არის დღეს ყველაზე სუსტი ადგილი ჩვენს სახელმწიფო მშენებლობაში - პოლიტიკური აზროვნების კულტურა - და ამაზე უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში.” (სტილი დაცულია)

შედეგის მიღწევას სჭირდება სრული სოციალური მობილიზაცია, მათ შორის, ხელისუფლების სურვილი, დაიხმაროს ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური მეცნიერებისა და ანალიტიკის სფეროებში საქმიანობენ. ნიკო მელიქაძე მობილიზაციას უწოდებს იმ მდგომარეობას, როდესაც საზოგადოება და ხელისუფლება ნებიერად აღარ ცხოვრობს. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება განვითარებაც და არც დასავლეთთან ინტეგრაცია დარჩება მხოლოდ ქიმერად:

[ნიკო მელიქაძის ხმა] ,,მაშინ რამე გამოგვივა და ის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაა ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, ეს პოტენციალი თავის რეალიზაციას ნახავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება პრეზიდენტ ბუშის ტურისტული გასეირნება საქართველოში და მეტი არაფერი.” (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG