Accessibility links

logo-print

რატომ იყიდება ომის მონაწილეთა მედლები და ორდენები


სიახლეს არ წარმოადგენს, რომ თბილისში, ”მშრალ ხიდთან”, გამართულ ბაზრობაზე, ანტიკვარულ და სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა

მედლები და ორდენები იყიდება. საბრძოლო მამაცობისათვის თუ სხვადასხვა ქალაქების გათავისუფლებისთვის მიღებული ჯილდოები ბაზრობაზე 2-დან 35 ლარამდე ღირს. ვინ და რატომ ყიდის მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მედლებს და ორდენებს და ვინ არიან მათი მყიდველები?

[ისმის მარშის ხმა]

ვაკის პარკში, იქ, სადაც, ტრადიციისამებრ, 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ყოველწლიურად იკრიბებიან ხოლმე, წელსაც ხალხმრავლობა იყო. მედლებითა და ორდენებით მკერდდამშვენებული მოხუცები ერთმანეთს ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავს ულოცავდნენ. მათი ამჟამინდელი სოციალური მდგომარეობა ნაკლებად თუ წააგავს ძლევამოსილ მტერზე გამარჯვებულ ჯარისკაცთა ცხოვრებას. ომის ვეტერანთა დიდი ნაწილი და მათი ოჯახები სიდუხჭირეს უჩივიან.

[ომის ვეტერანის ხმა] ”სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ შეურაცხყოფილები ვართ, შეურაცხყოფილები. 45 ლარს გვაძლევენ და მორჩა. არ გვყოფნის.”

ეს ქალბატონი უკრაინის მესამე ფრონტის მებრძოლი იყო. მის მსგავსად, სოციალური მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან სხვა ვეტერანებიც.

[ომის ვეტერანის ხმა] ”პენსია არ გვყოფნის, მაგრამ ველოდებით... ველოდებით უკეთესს...

იმ ვეტერანებს კი, ვისაც მომავლის იმედმა სოციალური პირობები ვერ შეუმსუბუქა, საკუთარი დამსახურების მატერიალური კომპენსირება თავადვე სცადეს და მედლების და ორდენების გაყიდვა დაიწყეს. ასეთი ნივთები, როგორც ცნობილია, თითქმის 15 წელია ”მშრალ ხიდთან” გამართულ ბაზრობაზეა გამოტანილი. მე ამ ბაზრობაზე მედლებითა და ორდენებით მოვაჭრე ვიტალი ოგანიანს გავესაუბრე.

[ვიტალი ოგანიანის ხმა] ”პენსიაზე ადამიანი ვერ იცხოვრებს. მოაქვთ გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახის წევრებს. თვითონ თითქმის არ მოდიან. ვინღა დარჩა რო. - ვინ ყიდულობს ხოლმე ამ მედლებს? - ან კოლექციონერები, ან უცხოელები - სუვენირებად. ადრე ბევრად მეტნი იყვნენ უცხოელები და ჩვენი ხალხიც აგროვებდა. სადღაა! ფული არ არის...”

ვიტალი ოგანიანი თავადაც კოლექციონერი იყო და, რომ გაუჭირდა, კოლექციის გაყიდვა გადაწყვიტა. ახლა მისი კოლექციიდან აღარაფერია დარჩენილი. ამიტომ სხვებისგან შესყიდული მედლებითა და ორდენებით ვაჭრობს. მასთან და სხვა მოვაჭრეებთან საიუბილეო მედლები 2-დან 5 ლარამდე ღირს. საბრძოლო მამაცობისათვის მიღებული ორდენები კი 15-დან 35 ლარამდე მერყეობს. უფრო ძვირად ღირებული ორდენები “მშრალი ხიდის” ბაზრობაზე მე არ მინახავს. როგორც ამიხსნეს, ყველაზე მეტად ფასობს იშვიათი ჯილდოები, მაგალითად, ორდენი პრაღის აღებისთვის. ასეთი მე “მშრალ ხიდთან” მხოლოდ ერთი ვიპოვე და მისმა მეპატრონემ მითხრა, ეგ უკვე გაყიდულია, კოლექციონერმა შეიძინაო.

როგორ აფასებენ მედლებითა და ორდენებით ვაჭრობას თავად ომის ვეტერანები? - მე ეს კითხვა ვაკის პარკში ომისდროინდელ მუნდირში გამოწყობილ ნიკოლოზ ჩარაშვილს დავუსვი.

[ნიკოლოზ ჩარაშვილის ხმა] ”რანაირადაც გინდა მიჭირდეს, მე არც ერთ ორდენს, არც ერთ მედალს არ გავყიდი, იმიტომ რომ მე ესენი მოვიპოვე ჩემი სისხლით და ხორცით. მე მგონი, “მშრალ ხიდზე” რომ აბარებენ, ეს გაჭირვების ბრალი არ იქნება. იმას შემთხვევით აქვს მიღებული ის მედლები და ორდენები და იფიქრა, რახან მომცეს ტყუილა, იქ ჩავაბარებ და ფულს ავიღებო. მე, მაგალითად, მიჭირს, ძალიან მიჭირს, მაგრამ არც ერთ მედალს, არც ერთ ორდენს არ გავყიდი...”(სტილი დაცულია)

დაახლოებით ასე ფიქრობენ და ლაპარაკობენ სხვა ვეტერანებიც და იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალი არ აიძულებთ, ბრძოლით და სისხლით მოპოვებული დიდების სიმბოლოები ორ ან თუნდაც 35 ლარად გაყიდონ.
XS
SM
MD
LG