Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი 9 მაისს, თბილისისა და მოსკოვის დროით, საღამოს 5 საათის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თვითმფრინავმა გეზი საქართველოსკენ აიღო.

დაახლოებით რვის ნახევარზე ის თბილისის აეროპორტში დაეშვა. ისტორიული ვიზიტი, რომლის შესახებ ამდენს ლაპარაკობდნენ, დაიწყო. ჯორჯ ბუშის ჩასვლამ საქართველოში, თავისი მნიშვნელობით, დაჩრდილა 9 მაისი, როგორც მესამე რაიხის დამარცხებისა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მოკლედ გიამბობთ, რა ხდებოდა ორშაბათ საღამოს საქართველოში.

“მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა, მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა.” - ზეიმთან წილნაყარი, დიდად მნიშვნელოვანი მოვლენისათვის მზადებას რუსთაველი აღდგომას ადარებს. წლევანდელი აღდგომიდან რვა დღის შემდეგ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩავიდა. წითელი, როგორც საზეიმო ფერი, აეროპორტში ჯორჯ ბუშის დახვედრისას ფიგურირებდა არა მხოლოდ ორი ქვეყნის დროშებზე: წითელი კაბა ემოსა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.



შეერთებული შტატების პრეზიდენტი თვითმფრინავის ტრაპზე 19 საათსა და 46 წუთზე გამოჩნდა. ტრაპთან მას საქართველოს პრეზიდენტი დახვდა მეუღლითურთ. აქვე მიხეილ სააკაშვილმა ჯორჯ ბუშს საქართველოს პარლამენტის სპიკერი წარუდგინა, რის შემდეგაც, 19 საათსა და 49 წუთზე, პრეზიდენტები მანქანებში ჩასხდნენ. 20-ზე მეტი ავტომობილისგან შემდგარი კორტეჟი დაიძრა აბანოთუბნისაკენ, სადაც ზუსტად 18 წუთში მივიდა. ამერიკის პრეზიდენტის მისვლას აბანოთუბანში განთავსებულ სცენაზე სუხიშვილები ხორუმის ცეკვით მიეგებნენ. პრეზიდენტი ბუში თითქოს ცოტა დაღლილი ჩანდა, მაგრამ ჩანდა ისიც, რომ ქართულ ცეკვას ის თანდათან ხასიათზე მოჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, უკვე 20 საათსა და 17 წუთზე ჯორჯ ბუშმა ტაში შეუწონა ცეკვისა და მუსიკის რიტმს და თავისა და სხეულის ძუნწი მიმოხრით აჰყვა ქართველ მროკავთა მოძრაობას. სამიოდ წუთში კი ფოტო გადაიღო არტისტებთან ერთად. ცეკვას შეენაცვლა მომღერალი ნატო მეტონიძე ცნობილი ჰანგითა და სიტყვებით: “შენ ერთადერთი ხარ ჩემი ღმერთი, ლოცვად მიდიხარ, საით მიდიხარ…” ამის შემდეგ ამღერდა ლელა წურწუმიაც:

[ფრაგმენტი წურწუმიას სიმღერიდან]

შეერთებული შტატების პრეზიდენტის პატივსაცემად გამართული კონცერტი 33 წუთს გაგრძელდა. ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე, ჩანს, მართლაც მოხიბლა ვიზიტის ასე დაწყებამ. მოზარდი მოცეკვავეების სოლო ნომრების შემდეგ ბუშმა ერთ მათგანს ბოხოხზეც კი აკოცა, ხოლო ბევრს სათითაოდ მიესალმა. 20 საათსა და 45 წუთზე პრეზიდენტები, მეუღლეებთან ერთად, ვახშმად დასხდნენ.

ჩვენი სიუჟეტი დავიწყეთ ციტატით ვეფხისტყაოსნიდან, რომელიც, ერთი ინტერპრეტაციით, არა მხოლოდ ზეიმს აღწერს, არამედ შეიცავს მინიშნებას მოვლენათა ტრაგიკულ განვითარებაზე. 9 მაისი საზეიმო დღე იყო ბევრი ადამიანის, მათ შორის, უწინარესად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის. სამწუხაროდ, ეს დღე საბედისწერო აღმოჩნდა ქართული პოლიტიკური კლასის ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, გურიაში პრეზიდენტის რწმუნებულის, ბეჟან, იმავე ჟანი, კალანდაძისათვის. ის თბილისში მოიჩქაროდა, როცა გორთან ავტოავარია შეემთხვა და ადგილზე გარდაიცვალა. ჟანი კალანდაძე 30 წლისაც არ იყო.
XS
SM
MD
LG