Accessibility links

logo-print

რას ელოდნენ და რა მოისმინეს საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისგან


თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, თბილისელებმა და საქართველოს რეგიონებიდან დედაქალაქში საგანგებოდ ჩამოსულმა მოქალეებმა დილის 8

საათიდან იწყეს შეკრება. ისინი 13 საათამდე ელოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საჯარო გამოსვლის დაწყებას. რას ელოდნენ თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ქართველები და როგორ გამართლდა მათი მოლოდინი?

[ისმის ხალხის ხმაური]

პრეზიდენტების მიმართვამდე თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათიათასობით მოქალაქის წინაშე ქართული ფოლკლორული და საესტრადო ჯგუფები გამოდიოდნენ. ამ კონცერტის მიუხედავად, შეკრებილთა დიდი ნაწილი მაინც დაიღალა მცხუნვარე მზის ქვეშ ფეხზე დგომით. თუმცა უსაფრთხოების სამსახურების ათასგვარი ბარიერის გადალახვის შემდეგ მოედანზე მოხვედრილ მოქალაქეთაგან შინ გაბრუნება არავის გადაუწყვეტია. რატომ შეწუხდნენ ასე და რას მოელოდნენ აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გამოსვლიდან? - ამ კითხვით ზოგიერთ მოქალაქეს მივმართე. პედაგოგ იზო ბერაძეს მოვუსმინოთ:

[იზო ბერაძის ხმა] ”ასეთ გენიალურ სანახაობას საქართველოში ვერ დავაკლდებოდი ნამდვილად. ყველაზე მეტად ის მინდა მოვისმინო, რომ... გაერთიანდეს საქართველო, ეს ყველაზე მეტად მინდა.”

უფრო ახალგაზრდა თაობა კი, რომელიც აშკარად ჭარბობდა თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, აი, ასე ხსნიდა ქუჩაში გამოსვლის მიზეზს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ქეთი:

[ქეთის ხმა] ”უბრალოდ, გვიხარია ბუშის ჩამოსვლა და იმიტომ. რა ვიცი, ალბათ, გვიშველის ბუში.”

ამერიკის შეერთებული შტატების დროშით ხელდამშვენებული ამ სტუდენტის მსგავსად, შველას ამერიკის პრეზიდენტისაგან ბევრი მოელოდა. მათი უმრავლესობა შველას საქართველოს გამთლიანებასა და კონფლიქტების მოგვარებაში ხედავს.



[ფრაგმენტი ბუშის გამოსვლიდან] ”...საქართველოს ლიდერებმა იციან, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება აუცილებელია თქვენი ტრანსატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისათვის. ამავე დროს, საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა ქვეყანამ უნდა სცეს პატივი.”

პრეზიდენტ ბუშის გამოსვლის ეს ფრაგმენტი ყველაზე მეტად შეესაბამებოდა მის მოსასმენად თავისუფლების მოედანზე შეკრებილი უბრალო მოქალაქეების მოლოდინს. მე ამერიკის პრეზიდენტის მიმართვის დასრულებისთანავე რამდენიმე მოქალაქეს გავესაუბრე:

[მოქალაქის ხმა] - თქვენ მოისმინეთ ბუშის გამოსვლა. ეს ის არის, რასაც ელოდით? – “მეტს არაფერს, მეტს არაფერს. უკმაყოფილო არა ვარ, მაგრამ მეეჭვება, არ ვიცი, რას მისცემს საქართველოს.”

პენსიონერ ბატონ აკაკისგან განსხვავებით, უფრო ოპტიმისტურად და ემოციურად განწყობილნი იყვნენ სტუდენტები. ჯერ ნათიას, შემდეგ კი მარის მოვუსმინოთ:

[სტუდენტების ხმა]

”ყველანაირად დაუჭირა საქართველოს მხარი და, ელემენტარულად, წარსულს თუ გადავხედავთ, ადრე უბრალო ვინმეც არ კადრულობდა ჩვენთან ჩამოსვლას. ბოლოს და ბოლოს, ამერიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა ერთ-ერთ პატარა ქვეყანაში, თუმცა დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაში.”


”დაახლოებით ის არის, რასაც ველოდი. მხარდაჭერა, ალბათ, უფრო მომავალში გამოჩნდება. მთავარია სიტყვა და სიტყვა უკვე არის.”

აი, ძირითადად, ასეთი ოპტიმისტები ჭარბობდნენ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიმართვის დამთავრების შემდეგ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG