Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუშის სტუმრობით გახარებული ლეიბორისტები მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს გმობენ


სწორედ იმ დროს, როდესაც თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტები მიმართავდნენ, რესპუბლიკის მოედანზე

მიტინგს ლეიბორისტული პარტია მართავდა. ”მივესალმებით პრეზიდენტ ბუშს, ძირს დიქტატორი სააკაშვილი” - ამ ლოზუნგით გამართულ აქციაზე ლეიბორისტები საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას სწრაფი ტემპით აწერდნენ ხელს.

საქართველოს ლეიბორისტები შეერთებული შტატების პრეზიდენტზე კარგის მეტს არაფერს ამბობენ. და უფრო მეტიც, როგორც ჩანს, ჯორჯ ბუშისადმი მათი განწყობა სულ უფრო გულთბილი ხდება:

(ქალის და კაცის ხმები) ”ბუში შემიყვარდა წუხელ (იცინის)/ პიროვნულად კარგი, ბრწყინვალე ადამიანია.” (სტილი დაცულია)

10 მაისს რესპუბლიკის მოედანზე გამართული მიტინგით ლეიბორისტებმა სწორედ ის კმაყოფილება გამოხატეს, რომელიც მათში ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტმა გამოიწვია. თუმცა ამ შეკრებას, ლეიბორისტ ჯონდი ბაღათურიას თქმით, კიდევ ერთი და მეტად სერიოზული მიზანი ჰქონდა:

(ჯონდი ბღათურიას ხმა) ”ჩვენ გვინდა შევატყობინოთ მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში - პრეზიდენტ ბუშს, რომ, აი, ამ კეთილშობილურ საქმეში, რასაც ჰქვია ახალი დემოკრატიული ტალღა და დემოკრატიის ექსპორტი უკვე ახლო აღმოსავლეთში, არის სერიოზული ხარვეზი, შეცდომა გაპარული. ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის, ანუ ავტორიტარული მმართველობის, მოსვლა ხელისუფლებაში.” (სტილი დაცულია)

ქვეყანაში შექმნილ ვითარებას კატასტროფულს უწოდებს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა და აკონკრეტებს, რომ ყველაფერში დამნაშავე სწორედ მიხეილ სააკაშვილია:

(გიორგი გუგავას ხმა) ”რომელმაც ქვეყანაში შექმნა ისეთი მუქი ფერები, რომლებიც მშვენივრად ჩანს იმ ცუდად გადღაბნილი ფასადების უკან, რაც გამოიხატება ადამიანების სოციალურ გენოციდში, შრომით გენოციდში. მათ წაგვართვეს სამუშაო ადგილები, წაგვართვეს საარსებო გარემო, საარსებო საშუალება.” (სტილი დაცულია)

”არ დავუშვებთ საქართველოს გაყიდვას”, ”ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს” -ასეთი შინაარსის ტრანსპარანტების გარდა, იყო, მაგალითად, ასეთიც - ”ძირს სადამ სააკაშვილის დიქტატურა”, რომლითაც მიტინგის მონაწილეებმა, ეტყობა, თავიანთი სურვილის ამერიკელებისთვის უფრო გასაგებ ენაზე მიწოდება განიზრახეს. მიტინგზე ფრიალებდა შეერთებული შტატებისა და ლეიბორისტული პარტიის დროშები, ხოლო იმ ფაქტს, რომ იქ ვერც ერთ ხუთჯვრიან დროშას ვერ ნახავდით, გიორგი გუგავა მარტივად ხსნის:

(გიორგი გუგავას ხმა) ”ეს არის პარტიული აქცია და, აქედან გამომდინარე, აქ არის პარტიის დროშა.” (სტილი დაცულია)

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილთაგან ბევრს სჯეროდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი მათ მიტინგზეც აუცილებლად შეივლიდა, მაგრამ ამასობაში ჯორჯ ბუშმა საქართველო დატოვა. სამაგიეროდ, მას აუცილებლად დააწევენ იმ ხელმოწერებს, რომლითაც ლეიბორისტებმა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენების სურვილი დაადასტურეს:

(გიორგი გუგავას ხმა) ”ეს არის ხელმოწერები - ერი სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც გადავცემთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უპირველეს ყოვლისა - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და, ამავე დროს, სხვა მეგობარ ქვეყნებს, სხვა საერთაშორისო სტრუქტურებს.” (სტილი დაცულია)

რესპუბლიკის მოედანზე გამვლელი არალეიბორისტები ლეიბორისტთა მიტინგს დემოკრატიის ჭრილში აფასებდნენ:

(ახალგაზრდა მამაკაცის ხმა) ”აუცილებელია ეს, დემოკრატიის თვალსაზრისით. პრეზიდენტი ბუშიც ნახავს, რომ საქართველო, მართლაც, დემოკრატიისკენ მიმავალი ქვეყანაა, რომ აქ ოპოზიციაც ჯანსაღად გამოდის და თავისუფლად ამბობს თავის აზრს.” (სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც ლეიბორისტების პოლიტიკური მდივანი ამბობს, დემოკრატიის ტყავით შენიღბულმა დიქტატორულმა რეჟიმმა თავისი 10 მაისსაც გააკეთა და პრეზიდენტ ბუშის გამგზავრების შემდეგ ლეიბორისტების მიტინგზე პროვოკატორები გამოგზავნა. გუგავა უარყოფს გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ნაცემია პარტიის ერთ-ერთი აქტივისტი - ზურაბ სიჭინავა. მისი თქმით, პროვოკატორებმა საკადრისი მიიღეს და ინციდენტი მხოლოდ გაწევ-გამოწევით შემოიფარგლა.
XS
SM
MD
LG