Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პირველ ლედის ,,წიგნის სახლი” და რობერტ ფროსტის შემოქმედებაზე ქართველი სტუდენტების მოხსენება მოეწონა


აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ჯორჯ და ლორა ბუშები ტეხასში დაბრუნდებიან - ამის თაობაზე თბილისში, სტუდენტებთან შეხვედრისას,

აშშ-ის პირველმა ლედიმ განაცხადა.
საქართველოდან გამგზავრებამდე ლორა ბუში ამერიკული აკადემიის სტუდენტებს შეხვდა და ,,წიგნის სახლი” დაათვალიერა. მინდა
თბილისში აშშ-ის პირველი ლედის ვიზიტის ინდივიდუალურ ნაწილზე მოგითხროთ.

საქართველოს პარლამენტში სტუმრობის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის მარშრუტები დროებით გაიყო. თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილისა და ჯორჯ ბუშის მიმართვამდე მათი მეუღლეები ჯერ თბილისის ამერიკულ აკადემიაში, შემდეგ კი ,,წიგნის სახლში” იმყოფებოდნენ.
ყველა შეკითხვა, რომელიც ლორა ბუშს აკადემიის ერთ-ერთ აუდიტორიაში შეკრებილმა სტუდენტებმა დაუსვეს, არაპოლიტიკური და წინასწარ შეთანხმებული იყო. ლორა ბუში, რომელიც თავის სტატუსს საკმაოდ რთულს უწოდებს, მეუღლეს თითქმის არასდროს არაფერს ურჩევს, ზოგჯერ მის პოზიციას არ იზიარებს, მაგრამ ამის გამო უთანხმოება არა აქვთ. ერთმანეთთან საუბრის შინაარსი კი მეუღლეთა ტრადიციული საუბრის ანალოგიური ყოფილა. აკადემიის სტუდენტებმა ისიც შეიტყვეს, რომ აშშ-ის პირველი ლედი განათლების სისტემის ხელშესაწყობად საქველმოქმედო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. აკადემიაში შეხვედრას საინტერესოს და გულწრფელს უწოდებს აშშ-ში მცხოვრები ქართველი სოციოლოგი, კომპანია ,,ინტერმედიის” დირექტორი ნინო ჯაფარიძე:

[ნინო ჯაფარიძის ხმა] ,,უხაროდა მანდ ყოფნა, იღიმებოდა, სულ იღიმებოდა და ძალიან მომეწონა ის ფაქტი, რომ 5 კითხვის შემდეგ, პასუხი რომ გასცა, ასე თქვა, მოდით, თქვენს შესახებაც მითხარით, რას ფიქრობთ, რა შეგიძლიათ თქვენზე მითხრათო. მას ჰქონდა სურვილი უკეთ გაეგო, თუ ვისთან საუბრობდა, რაც ძალიან ადამიანურია. ნამდვილად ჩანს, რომ მას უყვარს ხალხი. იცოდა, რომ ცოტა დროა და თითოეული მომენტის გამოყენება უნდოდა, რათა უფრო მეტი ინფორმაციით დატვირთული დაბრუნებულიყო აშშ-ში.” (სტილი დაცულია)

სასწავლებელს, რომელსაც ლორა ბუში ესტუმრა, დიდი ურთიერთობის პატარა მაგალითად მიიჩნევს თბილისის ამერიკული აკადემიის დირექტორთა საბჭოს წევრი ნიკოლას ზალდასტანიშვილი:

[ნიკოლას ზალდასტანიშვილის ხმა] ,, ეს არის მიკრო მაგალითი იმისა, რაც მაკრო, მასშტაბურ, დონეზე დავინახეთ პრეზიდენტების სააკაშვილისა და ბუშის შეხვედრის შედეგად. ამერიკის მთავრობისა და ქართული კერძო ბიზნესის თანამშრომლობით შექმნილ აკადემიას მაისის ბოლოს პირველი გამოშვება ეყოლება. სტუდენტების ნაწილი სწავლას აშშ-ში განაგრძობს, რათა დაბრუნდეს იმ ცოდნით, რომელიც საქართველოს გამოადგება.”

ამერიკულ აკადემიაში ქართველი სტუდენტების რამდენიმე - მათ შორის, რობერტ ფროსტის შემოქმედებასთან დაკავშირებული - ესეს მოსმენის შემდეგ ლორა ბუში და სანდრა რულოვსი ზურაბ ჟვანიას მეუღლეს ,,წიგნის სახლში” ესტუმრნენ. წიგნის მაღაზია აშშ-ის პირველმა ლედიმ საჩუქრით, ქართველი ოსტატების მიერ საგანგებოდ მისთვის დამზადებული მინანქრის ხატით, დატოვა. კომპანია ,,ინტერმედიის” მიერ ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგად ირკვევა, რომ აშშ-ისადმი დადებითად განწყობილთა რაოდენობა საქართველოში 71%-ია, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სოციოლოგები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტის შემდეგ ეს რეიტინგი გაიზრდება, რასაც ხელს აშშ-ის პირველი ლედის მუდმივად მოღიმარი სახეც შეუწყობს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG