Accessibility links

logo-print

ბელარუსისა და აზერბაიჯანის ოპოზიცია თბილისში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტმა თბილისი დროებით მიზიდულობის ცენტრად აქცია იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავისუფლება,

დემოკრატია და სამართლიანობა უმაღლეს ღირებულებად მიაჩნია. მე ორ ასეთ ადამიანს - ანატოლი ლებედკოსა და ემინ ჰუსეინოვს - ვესაუბრე. პირველი ბელარუსის გაერთიანებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერია, მეორე - აზერბაიჯანული ახალგაზრდული ორგანიზაციის, „მეგამ“-ის, აქტივისტი. „მეგამ“ აზერბაიჯანულად ნიშნავს „დროა!“ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ემინ ჰუსეინოვი ნარინჯისფერი მაისურით მივიდა. რაც შეეხება ანატოლი ლებედკოს, მისი შეხვედრა ჯორჯ ბუშთან, პროგნოზების მიუხედავად, არ შედგა. თავად ლებედკომ ამის შესახებ განაცხადა: „ჯობს ამერიკის პრეზიდენტს ვაშინგტონში შეხვდე, ხოლო საქართველოში შეხვდე საქართველოს პრეზიდენტსო.“

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ეპიკური პოემის პერსონაჟთა მსგავსად, მყარი ეპითეტებით არის ცნობილი მსოფლიოსთვის. ამიტომაც მე ვთხოვე ლუკაშენკოს ოპონენტს, ანატოლი ლებედკოს, სხვა თვალსაზრისითაც შეგვეხედა პრობლემისათვის: ეგებ ბელარუსის პრეზიდენტის სოციალური პოლიტიკა იმდენად წარმატებულია, რომ მოსახლეობას ცოტა მიზეზი აქვს ხელისუფლებით უკმაყოფილო იყოს? ცნობილია, რომ ბელარუსში კარგი გზებია, მეტ-ნაკლებად მუშაობს მრეწველობა, პენსია 80 დოლარს აღწევს და ა.შ. ბელარუსის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ანატოლი ლებედკო ამბობს, რომ ეკონომიკასა და სოციალურ მოდელში ლუკაშენკოს არავითარი სიახლე არ შეუტანია. ბელარუსის ხელისუფლებას რუსეთი ეხმარება შეღავათიანი კრედიტებითა და ჭარბი ნავთობდოლარებით:

[ლებედკოს ხმა] “არავინ ამბობს, რომ ბელარუსში საწარმოთა 40%, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გაკოტრებულია. ტექნოლოგიათა მხოლოდ 4% შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. ხალხსა და შემდგომ მთავრობას ლუკაშენკოსგან დარჩება არა ეკონომიკური სასწაული, არამედ დიდი ეკონომიკური პრობლემები.”

მაინც, რა აკლია ბელარუსის ოპოზიციას ლუკაშენკოს ხელისუფლებასთან ეფექტიანი დაპირისპირებისათვის - ხალხის მხარდაჭერა, ფინანსები, პოლიტიკური გამოცდილება თუ ერთიანობა? ანატოლი ლებედკო მიპასუხებს:

[ლებედკოს ხმა] “პირველ ადგილზე დავაყენებდი მთელ ბელარუსზე მაუწყებელ ერთ ტელეარხს.”

მსგავსი პრობლემებია აზერბაიჯანში, საიდანაც თბილისს ორი ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები ეწვივნენ: მოძრაობათა სახელებია “იოხ” (“არა”) და “მეგამ” (“დროა”). პირველს მწვანე დროშა აქვს, მეორეს - ნარინჯისფერი. “მეგამის” აქტივისტი ემინ ჰუსეინოვი მეუბნება, რომ მათი მოძრაობა მიმართულია 2005 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისაკენ. მიზანია, ახალგაზრდობაში - საერთოდ, საზოგადოებაში - მისაღები გახადონ უსამართლობასა და სიყალბესთან ბრძოლის არაძალადობრივი მეთოდები, რათა ირიბად მოახდინონ გავლენა ხელოსუფლებაზე და აიძულონ ის, არჩევნები სამართლიანად ჩაატაროს. ჩემს შენიშვნას, რომ პარლამენტში ხელისუფლების გავლენის შესუსტებას ავტორიტეტული პოლიტიკური ოპოზიცია სჭირდება და მხოლოდ ახალგაზრდული მოძრაობა აქ ვერას გახდება, ემინ ჰუსეინოვი უპასუხებს:

[ჰუსეინოვის ხმა] “არსებობს რამდენიმე რეალური ოპოზიციური პარტია თავისი ელექტორატით. არსებობენ მოსახლეობისთვის მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული ოპოზიციონერი ლიდერები. მათ არ იცნობენ იმის გამო, რომ აზერბაიჯანში არ არის თავისუფალი ტელევიზია. აზერბაიჯანში ახლა მუშაობენ რამდენიმე დამოუკიდებელი ტელეარხის შესაქმნელად, რომელიც თანამგზავრის მეშვეობით იმაუწყებლებს. ერთი მათგანი ჩეხეთში დარეგისტრირდება. თუ ეს მოხდება, აზერბაიჯანში, ვფიქრობთ, განმტკიცდება პოლიტიკურ ლიდერთა რეიტინგი და საჭირო დროს ხალხი გაჰყვება მათ.”

მანამდე ემინ ჰუსეინოვი და მისი თანამოაზრე მიჰყვებოდნენ ხალხის ნაკადს თბილისის ქუჩებში. ჯორჯ ბუშის თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას მათ აზერბაიჯანის თავისუფლებისა და საკუთარი მოძრაობის მაუწყებელი ტრანსპარანტები უნდა აეფრიალებინათ.
XS
SM
MD
LG