Accessibility links

logo-print

რა არის ამერიკა ქართველებისთვის


თბილისი შეერთებული შტატების პრეზიდენტის დასახვედრად ემზადებოდა, როცა დედაქალაქში ძალზე პოპულარულ “ლიტერატურულ კაფეს” ვესტუმრე და დავინტერესდი,

რა არის ამერიკა თბილისელებისთვის – რისი სიმბოლოა, რისი სახეა. როგორც გაირკვა, ქართველების უმრავლესობა ამერიკის მთავარ სიმბოლოდ ჰოლივუდს აღიქვამს.

[“ორერა”]

“ლავ სთორი” – პოპულარული სიმღერა, 60-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული ფილმიდან “სიყვარულის ისტორია”. ეს ფილმი საბჭოთა ეკრანებზე არასდროს უჩვენებიათ, მაგრამ ამ მელოდიას 70-იან წლებში ზოგჯერ პროგრამა “ვრემიაშიც” კი იყენებდნენ რომანტიკული ფონის შესაქმნელად რომანტიკული სიუჟეტებისთვის. “ლავ სთორი” ქართული ანსამბლის, “ორერას”, რეპერტუარშიც შევიდა... ამერიკულ კულტურას აკრიტიკებდნენ, დასცინოდნენ, მაგრამ ამ მელოდიამ მაინც აუჩუყა გული საბჭოთა იდეოლოგებს... რას იზამ, ჰოლივუდის მიმართ აქ არასდროს ყოფილან გულგრილნი. იოსიფ ბროდსკიმ ისიც თქვა, ამერიკულმა ფილმებმა “ტარზანი” და “მზიური ველის სერენადა” სტალინური იდეოლოგია ბევრად უფრო ადრე დაანგრია, ვიდრე ნიკიტა ხრუშჩოვმაო.

ჩემი სიუჟეტი მეტისმეტად მონოტონური გამოვა, იმ ადამიანების პასუხები რომ მოგასმენინოთ, რომელთაც ჯორჯ ბუშის ვიზიტის წინ ვკითხე, რა არის თქვენთვის ამერიკა-მეთქი. თითქმის ყველამ “ჰოლივუდი” დაასახელა, ან ჰოლივუდის ვარსკვლავები, ან “ნახატი ვარსკვლავები”, მაგალითად, მიკი მაუსი. ზოგიერთმა ახსნა კიდეც, რატომ - მაინცდამაინც ჰოლივუდი:

[ხმა] “რა თქმა უნდა, ჰოლივუდი, ბავშვობაში ასახული თავისუფლების იდეა, ქვეყანა, რომელზედაც ყველა ვოცნებობდით.”

სხვა პასუხებიც იყო, თუმცა ჩემი რესპონდენტები ამერიკას ისევ ჰოლივუდის ფილმებში დანახულ პეიზაჟებთან აიგივებენ.

[ხმა] “დიდი სივრცე და კანიონები.”

როდესაც მივხვდი, რომ ჩემი რეპორტაჟი მოსაწყენი ხდება, რადგან ყველა ჰოლივუდს ახსენებს, კითხვა შევცვალე – “რა არის თქვენთვის ამერიკა, მარტო ჰოლივუდი?”, ვკითხე “ლიტერატურულ კაფეში” თავმოყრილ საზოგადოებას.

[ხმა] “ამერიკა არის ბევრი ვარსკვლავი... ჰოლივუდი არა. ბევრი ვარსკვლავი და ჰოლივუდი ჩემთვის გაიგივებას არ ნიშნავს.” (სტილი დაცულია)

მწერალი გაგა ნახუცრიშვილი ჩემს რესპონდენტებს შორის ერთადერთი იყო, რომელმაც ის ამერიკელი მწერლები გაიხსენა, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე რომ მოახდინეს გავლენა:


[გაგა ნახუცრიშვილის ხმა] “სელინჯერი, ფოლკნერი.”



ოღონდ ნუ იფიქრებთ, თითქოს ამერიკა ყველა ჩემი რესპონდენტისთვის ცა, ვარსკვლავები და ოცნების ქვეყანაა. თბილისელებს შორის ბევრია ისეთი, ვინც შეერთებულ შტატებს, თავისი ჰოლივუდით და მაკდონალდსებით, კოსმოპოლიტიზმისა და არაეროვნულობის სიმბოლოდ აღიქვამს. ასეთ რესპონდენტს მეც გადავეყარე:

[ხმა] “იმ ადამიანებიდან გამომდინარე, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ამერიკას და ჩამოდიან, ძალიან უარყოფითი შთაბეჭდილება მაქვს ამ ხალხზე... ქართული და ეროვნული აღარაფერი აქვთ.”

ამ მოსაზრებას ჰგავს კიდევ ერთი რესპონდენტის ჩემთვის სრულიად მოულოდნელი პასუხი.. კითხვაზე, რა არის შენთვის ამერიკა, პოპულარულმა ქართველმა მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ მიპასუხა, რომ არ იცის, არსებობს თუ არა ამერიკული ლიტერატურა, როგორც ასეთი:

[ზაზა ბურჭულაძის ხმა] “მიუხედავად ფოლკნერისა, კერუაკისა, არ ვიცი, ეს ამერიკული ლიტერატურაა? რაღაც თავისთავადი არ მგონია, მიუხედავად სილვია პლატისა..., მაინც მიჭირს ამას დავარქვა ამერიკული ლიტერატურა, იმდენად ამოზრდილია ევროპული ლიტერატურიდან.”

[“ორერა”]

გამოდის, რომ “უძველესი ევროპელები”, ქართველები, ამერიკულ კულტურაში იმას ანიჭებენ უპირატესობას, რაც “უძველესი ევროპული ტრადიციებიდან” მოდის. გამოდის, რომ ჯორჯ ბუშს თბილისში “უძველესი ევროპელები” დახვდნენ, უძველესი ევროპული კულტურით..იქნებ ამიტომაც მღეროდა ასეთი გატაცებით “ორერა” სიმღერას ამერიკული ფილმიდან, რომელიც კიდევ ერთმა უძველესმა ევროპელმა, ფრანგმა კომპოზიტორმა, ფრენსის ლეიმ დაწერა.
XS
SM
MD
LG