Accessibility links

logo-print

მეორე მსოფლიო ომი: რიგითი მოქალაქეები ომის ბოლო დღეების საშინელებებს იხსენებენ


ამ დღეებში, როდესაც მთელი ევროპა ზეიმით აღნიშნავდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-60 წლისთავს, ევროპის ერთი ქვეყანა, გერმანია,

აღსავსე იყო იმ ჩვეულებრივი გერმანელი მოქალაქეების ტკივილიანი მოგონებებით, რომლებიც ომის ბოლო დღეებს გადაურჩნენ. ზოგიერთი მათგანი ჰყვებოდა ნაცისტების სადამსჯელო ბრიგადებზე, რომლებიც სიკვდილით სჯიდნენ იმათ, ვინც იარაღს ყრიდა. ქალებმა კი დუმილი დაარღვიეს და ალაპარაკდნენ გაუპატიურებაზე, რასაც ადგილი ჰქონდა გერმანულ ქალაქებში მოკავშირეთა ჯარების შესვლის შემდეგ.

[ლევიტანის ხმა] ”1945 წლის 8 მაისს, ბერლინში, გერმანიის უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილია აქტი გერმანიის შეიარაღებული ძალების უსიტყვო კაპიტულაციის შესახებ....”

ლეგენდარული იური ლევიტანის მიერ რადიოთი გადაცემული იოსებ სტალინის ეს მიმართვა ევროპაში გამარჯვების დღესასწაულის მაუწყებლად იქცა. მაგრამ არა ყველასთვის. მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-60 წლისთავზე გერმანიის ჟურნალ-გაზეთებმა რამდენიმე სულისშემძვრელი ამბავი გამოაქვეყნეს. ამ პუბლიკაციებში ხანდაზმული ქალები და მამაკაცები იგონებენ თავიანთი ოჯახის წევრებს, რომლებიც ნაცისტებმა სიკვდილით დასაჯეს როგორც დეზერტირები. ხშირად ეს ხდებოდა გერმანელი, ბრიტანელი თუ საბჭოთა ჯარისკაცების გამოჩენამდე ორიოდე საათით ადრე.

სხვა მასალებში კი გადმოცემულია იმ ქალების ისტორია, რომლებიც გააუპატიურეს მას შემდეგ, რაც გერმანიის ქალაქებში მოკავშირეთა ჯარები შევიდნენ. მხოლოდ ბერლინში, ოფიციალური მონაცემებით, 100 ათასამდე ქალი გააუპატიურეს.

გერმანელი სოციოლოგი მაგდალენა კრაუსი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ თითოეულ ასეთ მოქალაქეს, ვინც ომის საშინელებათა მოწმე გახდა.

[მაგდალენა კრაუსის ხმა] "ისტორია ყოველთვის ფოკუსირებულია ომის დროს მომხდარ დიდ მოვლენებზე - დიდ ბრძოლებსა და საავაიციო დაბომბვაზე. ამ ყველაფრით სავსეა ისტორიის სახელმძღვანელო. უბრალო ადამიანების თავს გადახდენილი ამბები კი სწრაფად ეძლევა დავიწყებას. რამდენიმე წელიწადში გერმანელთა ეს თაობა აღარ იქნება ცოცხალი. და არად დარცება არავინ, ვინც გაიხსენებს, თუ რას ნიშნავდა ომის დადასრული უბრალო დამაინებისათვის.”

მიუნხენის მახლობლად მდებარე სოფელი პენცბერგი ომის ბოლო დღეების ერთ-ერთი მსხვერპლია. 1945 წლის 27 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ ამერიკის ჯარები სოფლიდან 20 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან და მალე მიუნხენსაც აიღებენ. სოფლელთა ერთმა ჯგუფმა, რომელსაც ყოფილი მერი ედგა სათავეში, სოფლის გადარჩენა გადაწყვიტა. ამ ადამიანებმა ნაცისტი მერი სამუშაო ოთახიდან გააგდეს და ყველა შენობის აივანზე თეთრი დროშები გამოჰკიდეს. მაგრამ სულ რაღაც ერთ საათში ამის შესახებ მიუნხენში მყოფმა ნაცისტთა ხელმძღვანელობამ შეიტყო.

75 წლის პეტერ ბრუნერი, მაშინ 15 წლის იყო. იგი იხსენებს, როგორ გაუსწორდა სოფელ პენცბერგს ნაცისტთა სპეცდანიშნულების ნაწილი, რომელსაც "მაქცია" (გერმანულად "ვერვოლფი") ერქვა. ყოფილი მერი და მისი ექვსი თანამზრახველი იმავე ღამეს დახვრიტეს. აქციის დანარჩენი ცხრა მონაწილე ხეზე ან აივანზე ჩამოახრჩვეს. მოკლულთა შორის ორი ქალიც იყო.

ბევრი მოწმე აღწერს იმ სადამსჯელო რაზმებს, რომლებიც ომის ბოლო დღეებში ბერლინის, კიოლნის, ჰამბურგისა და გერმანიის სხვა ქალაქების ქუჩებში დაძრწოდნენ და ნადირობდნენ ჯარისკაცებზე, ვინც სამხედრო ნაწილს ტოვებდა და ცდილობდა, მოახლოებული საბჭოთა არმიის ტყვეობას გადარჩენოდა. გერმანელი მკვლევარის მაგდალენა კრაუსის თმით, სადამსჯელო ბრიგადების ნაწილი ჯარისკაცებით იყო დაკომპლექტებული, ნაწილი კი - გესტაპოს თანამშრომლებით.

[მაგადლენა კრაუსის ხმა] ”ესენი იყვნენ ფანატიკოსები, რომლებიც მზად იყვნენ მოეკლათ ნებისმიერი, ჯარისკაცი იქნებოდა, თუ სამოქალაქო, ვინც კაპიტულაციას დააპირებდა. ეს ადამიანები იყვნენ ნაცისტები, რომლებსაც დღესაც სჯერათ ადოლფ ჰიტლერის. ისინი ფიქრობდნენ, რომ ყველა, ვინც კაპიტუალაციას აპირებდა - მოღალატეა და არ იმსახურებს შებრალებას.”

ომისშემდეგომი გერმანული ცნობების თანახმად, სამხედრო ტრიბუნალმა 35 ათასამდე გერმანელი სამხედრო მოსამსახურე გაასამართლა ომის ბოლო დღეებში სამხედრო ნაწილების მიტოვებისთვის. 23 ათასს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა განაჩენი სისრულეში 15 ათასი მათგანის მიმართ მოიყვანეს. მაგრამ დაახლოებითაც კი არავინ იცის, რამდენი სამოქალაქო პირი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის ბოლო თვეებში.
XS
SM
MD
LG