Accessibility links

ჯორჯ ბუში მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს


საქართველოში ჯორჯ ბუშის ვიზიტს, როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით ფართოდ აშუქებს ამერიკის პრესა.

თუმცა, ვარდების რევოლუციის სამშობლოში სტუმრობა არ გამორჩენია თითქმის არც ერთ მეტ-ნაკლებად ცნობილ საინფორმაციო საშუალებას.

პრესას არ გამორჩენია თბილისში ბუშის ვიზიტის ემოციური და, ასე ვთქვათ, ფასადური მხარეც. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათაიათასობით ადამიანი, მორთულ-მოკაზმული შენობები, ორი ქვეყნის დროშების ტყე, ზეაწეული განწყობილება, წინა დღით თავად პრეზიდენტ ბუშის მიერ გამოვლენილი ცეკვის ნიჭი - ყოველივე ამან, რაც ჩვენი რადიომსმენელისთვის კარგად არის ცნობილი, სათანადო ადგილი და მაღალი შეფასება ჰპოვა მსოფლიო პრესის ფურცლებზე. თუმცა, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ჟურნალისტების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც ტექნიკური ხარვეზები, რომელთაც, საყოველთაო აზრით, არ დაუჩრდილავს ეს განწყობილება.

გაზეთ „ფაინენშლ ტაიმსის” ავტორი, კეროლაინ დენიელი ორ მიშვნელოვან მომენტს გამოყოფს ბუშის ვიზიტიდან: რუსეთისადმი მესიჯს, რომ მან პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მესიჯს ყველა დიქტატორული რეჟიმისადმი, განსაკუთრებით ბელორუსიისადმი, რომ ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება.

გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი” ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბუშმა რუსეთის გარდა საქართველოც გააფრთხილა, როცა თქვა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსის” კორესპონდენტის, ელიზაბეთ ბუმილერის აზრით, თავისი ევროპული ტურნეს ფარგლებში ბუში შეეცადა საქართველოსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკათა დემოკრატიული მოძრაობების დაკავშირებას ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის მისეულ ხედვასთან.
ბუმილერის თქმით, თეთრმა სახლმა საგანგებოდ დაგეგმა ტურნეს დაბოლოება საქართველოში, სადაც ბუშის მხურვალე მიღება წინასწარ იყო ნავარაუდევი. თბილისში ბუშის გამოსვლა კი დადებითი სურათის შესაქმნელად იქნა ჩაფიქრებული კვლავ დასავლეთში დაბრუნების წინ.

„ქართველებს ბუში არ გაუწბილებიათ”, წერს ბუმილერი, „... როგორც იტყობინებიან, ეს ყველაზე დიდი თავშეყრა იყო საქართველოს ისტორიაში და ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი იყო ბუშისთვის მისი პრეზიდენტობის მანძილზე.”

როგორც გაზეთი შენიშნავს, ბუშის გამოსვლაში ნათლად გაიჟღერა ქართველებისადმი გაფრთხილებამ, რომ არჩევნები მხოლოდ დასაწყისია დემოკრატიის გზაზე და რომ აუცილებელია თავისუფალი ინსტიტუციების შენება.
„საქართველომ ძალზე სწრაფად განვლო გრძელი გზა,”... მოჰყავს გაზეთს პრეზიდენტ ბუშის სიტყვები, „მაგრამ დიდი საქმეა გასაკეთებელი ინსტიტუციური საძირკვლის ჩასაყრელად, რათა ვერავინ ვერასოდეს შეძლოს დემოკრატიის დამხობა: ესაა დამოუკიდებელი სასამართლო, კანონის უზენაესობა, თავისუფალი მედია.”

აქვე „ნიუ იორკ ტაიმსი” აღნიშნავს, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების სფეროში დარღვევებისათვის, პრესის შეზღუდვისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილის მართვის ერთპიროვნული სტილისთვის.
გაზეთ „ინტერნეიშნელ ჰერალდ ტრიბიუნისთვის” ბუშის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო დასავლურ სტრუქტურებში, პირველ რიგში ნატოში, საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა.

სარედაქციო სტატიაში გაზეთი სვამს შეკითხვას: „რამდენი დრო დასჭირდება იმას, რომ საქართველო, უკრაინა და კრემლის სხვა ყოფილი სატელიტები დასავლეთის სრულუფლებიან წარმომადგენლებად იქცნენ, გაწევრინდნენ ნატოსა და ევროპის კავშირში?” პასუხი კი ასე ჟღერს: ბუშს სიფრთხილე ჰმართებს, რომ არ გამოიწვიოს რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება.

„სამშაბათს ბუშის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო მომავალში შეიძლება ნატოს წევრი გახდეს, დაუფიქრებელი და თავზე ხელაღებული არის. პუტინის ხელისუფლების პირობებში თავად რუსეთის დემოკრატიის ბედია გაურკვეველი და თუკი დასავლეთი უგულვებელყოფს რუსეთის სიამაყეს და უსაფრთხოების სფეროში მის ინტერესებს, ვითარება შეიძლება ბევრად უფრო გაუარესდეს ნაციონალისტური უკურეაქციისთვის ბიძგის მიცემით,” ვკითხულობთ სტატიაში.

ამასთან, „ჰერალდ ტრიბიუნის” აზრით, უკრაინისა და საქართველოს ტიპის ქვეყნების მიღებით „თავად ნატო იქცევა გაბერილ და მოუქნელ ორგანიზაციად.”

„განა ვინმეს მართლა სურს იხილოს, როგორ იბრძვიან შეერთებული შტატების ან ბრიტანეთის ჯარისკაცები საქართველოს უსაფრთხოების გარანტიების დასაცავად?... დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მეგობრად და არა მტრად ეგულებოდეს... სანამ ბუში (დაპირებებით) უფრო შორს წავიდოდეს, მას რუსეთი და არა საქართველო უნდა ახსოვდეს”, დაასკვნის გაზეთი „ინტერნეიშნელ ჰერალდ ტრიბიუნის” სარედაქციო სტატიაში, მიანიშნებს რა ცნობილი სიმღერის სიტყვებზე: “Georgia on my mind.”

ამ მოსაზრებას გარკვეულწილად უპირისპირდება გერმანიის „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი”, რომელიც სხვათა შორის იმასაც შენიშნავს, რომ ჯორჯ ბუში განებივრებული არ არის ისეთი დახვედრებით, როგორიც მას თბილისში მოუწყვეს.

„... მოსკოვში საქართველოს მისწრაფებებს გავლენის სფეროს დაკარგვად აღიქვამენ. მაგრამ ამგვარი აზროვნება მოძველებულია. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის როლი კი - საზიანო,” წერს გურმანული გაზეთი, რომლის აზრით, პუტინს არ ახარებს კავკასიაში ამერიკის მზარდი გავლენა. „მაგრამ”, შენიშნავს სტატიის ავტორი, „პუტინი საკმარისად გონიერი უნდა იყოს და უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის საზღრებზე დემოკრატიების არსებობა სტაბილურობის თვალსაზრისით უფრო მომგებიანია, ვიდრე არასტაბილური გაერთიანება, რომელიც საკუთარი გავლენის სფეროში შეიძლება მოაქციო ძალზე დიდი საფასურის სანაცვლოდ.”

ამავე აზრს იზიარებს გერმანიის კიდევ ერთი დიდი გაზეთი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი”. „საქართველო - თვალში ეკლად” - ასეა დასათაურებული სტატია, რომელიც კავკასიაში რუსეთის გავლენის კლებას ეხება და, რომლის თანახმად, თბილისში ბუშის ვიზიტის სიმბოლურ მნიშვნელობას სულ მალე შეემატება დასავლეთთან საქართველოს დაახლოების უფრო რეალური ფაქტი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედება.
XS
SM
MD
LG