Accessibility links

logo-print

რამდენად რეალურია საქართველოში ოპოზიციის გაძლიერება

  • ნინო როდონაია

საქართველოში რომ ძლიერი ოპოზიცია არ არსებობს, ამას თავად ოპოზიციაც აღიარებს. თბილისში ჯორჯ ბუშის ვიზიტისას, რომელიც კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება,

ოპოზიციის როლის გაძლიერების საკითხიც განიხილებოდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს მან გულწრფელად უთხრა, რომ ხელისუფლება ოპოზიციის გაძლიერებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ამის გაკეთებას საკუთარი შეცდომების ხარჯზე არ აპირებს. რამდენად არსებობს საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის განვითარებისთვის საჭირო პირობები?

ოპოზიციას საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება აქვს, რაც აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისასაც დადასტურდა, - ამბობს საქართველოს ხელისუფლება და პარლამენტში ჯორჯ ბუშისთვის დავით გამყრელიძის მიერ გაზიარებულ მოსაზრებებს გულისხმობს. როგორც წესი, საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურ ოპონენტთა მოსაზრებები დიდად არ აინტერესებს და ხშირად ცინიზმის საფუძვლადაც იყენებს, რადგან ოპოზიციისგან ვერანაირ საფრთხეს ჯერჯერობით ვერ ხედავს. საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგის ინსტიტუტის დირექტორი გოჩა ცქიტიშვილი ამბობს, რომ ძლიერი ოპოზიცია მხოლოდ კონკურენტუნარიან გარემოში არსებობს, პოსტრევოლუციური მდგომარეობა კი ამგვარი ვერ იქნება:

[გოჩა ცქიტიშვილის ხმა] ,,სანამ არ მოხდება არა დეკლარირება, არამედ რეალურად გადასვლა რევოლუციური ფორმატიდან ჩვეულებრივი პოლიტიკური რეჟიმის ფორმატში, მანამდე ჩვენ ძლიერი ოპოზიცია არ გვეყოლება.” (სტილი დაცულია)

საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორი მარინა მუსხელიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს არა მხოლოდ მეტ-ნაკლებად ძლიერი ოპოზიციური, არამედ, საერთოდ, პოლიტიკური პარტიები:

[მარინა მუსხელიშვილის ხმა] ,,მმართველი პარტია არ არის პარტია. ეს არის ხელისუფლების რესურსზე დამყარებული რაღაც წარმონაქმნი. თუ ის აღარ იქნება ხელისუფლებაში, ის აღმოჩნდება ზუსტად იმ მდგომარეობაში, როგორშიც არიან დანარჩენი პარტიები დღეს.” (სტილი დაცულია)

უშუალოდ ამჟამინდელი ოპოზიციის მთავარ სისუსტედ მის სიჭრელეს ასახელებს გოჩა ცქიტიშვილი, რომლის შეფასებით, ერთადერთი, რაც ოპოზიციურ ძალებს აერთიანებს, სააკაშვილის ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობაა:

[გოჩა ცქიტიშვილის ხმა] ,,ეს არგუმენტი ძალიან სუსტია იმისათვის, რომ ოპოზიცია იყოს ძლიერი. თავად ოპოზიციაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ლიდერი. ოპოზიციაში ცალკე აღებული პარტია უნდა გახდეს ძლიერი და არა ბევრი ერთად. არა მათი ერთობა უნდა იყოს სიძლიერის ნიშანი, არამედ ცალკე აღებული ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია.” (სტილი დაცულია)

პოლიტიკურ პარტიათა განვითარების პერსპექტივაზე საუბრისას მარინა მუსხელიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ რესურსებზე, რომელსაც მათი გაძლიერება უნდა ეფუძნებოდეს:

[მარინა მუსხელიშვილის ხმა] ,,არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ არ არის რესურსი, რათა ეს განსხვავებულობა გამოჩნდეს თუნდაც პარტიების სახით. ეკონომიკური რესურსი ყოველთვის ქვეყნის გარეთ იქნება მეტი, ვიდრე ქვეყნის შიგნით და ეს საერთოდ მაფიქრებს: როგორ იქნება, ზოგადად, დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება საქართველოში მომავალში. გარდა ამისა, იდეოლოგიური რესურსიც სუსტია.” (სტილი დაცულია)

საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს პოლიტიკურ პარტიათა - მათ შორის, ოპოზიციის - განვითარების არანაირი რესურსი; არც იმის ანალიზი ხდება, თუ რა სჭირდება საზოგადოებას და როგორ რეაგირებს ის და არც ხელისუფლების შესაბამისი ნებაა. ამ ბოლო ფაქტორზე საუბრისას გოჩა ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ნების გამოხატვას თავისუფლება სჭირდება, რევოლუციური მთავრობა კი თავისუფალი ვერ იქნება:

[გოჩა ცქიტიშვილის ხმა] ,,რევოლუციური მთავრობა თუნდაც იმიტომ არ არის თავისუფალი, რომ მას ძალიან ბევრი დაპირებები აქვს გაცემული, დაპირებები - გაუაზრებლად. ასე რომ, სანამ რევოლუციური კანონზომიერება იარსებებს, სანამ ძალიან მაღალი ჩინის ხელისუფალთ ექნებათ ამბიცია, რომ უნდა მიიღონ დაპირებული სიკეთე იმიტომ, რომ მიიღეს მონაწილეობა რევოლუციაში, მანამდე ხელისუფლება არ იქნება თავისუფალი.” (სტილი დაცულია)

ამ ტიპის თავისუფლებას ხელისუფლებისგან მხოლოდ საქართველოში არ ელიან. სხვა მოთხოვნებთან ერთად, პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრება, რეალური თვითმმართველობა და თუნდაც საარჩევნო ბარიერის შემცირება ის საერთაშორისო რეკომენდაციებია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიის გაძლიერებას და, მაშასადამე, ოპოზიციის განვითარებასაც.
ამ დრომდე ხელისუფლების შესაბამისი სურვილი არ ჩანს. აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მხოლოდ იმაზე წუხდნენ, რომ გამყრელიძის მოსმენა მომავალშიც მოუწევთ.
XS
SM
MD
LG