Accessibility links

logo-print

საქართველოში სტიქია ისევ მძვინვარებს


ორიოდე კვირის წინ, მასშტაბური წყალდიდობებისა და მეწყერის შემდეგ, სტიქიური მოვლენები კვლავ განმეორდა და ამჯერად მდინარეების ადიდებამ სამეგრელოსთან

ერთად კახეთიც აზარალა. კახეთს წვიმებთან ერთად თავს ქარიშხალიც დაატყდა. შესაბამისად, მოიმატა სტიქიის პირველი შემოტევით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის მოცულობამაც, მაგრამ მთავრობა ზარალის ასანაზღაურებლად განსაზღვრული თანხის გაზრდას არ აპირებს. მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რა ზიანი მიაყენა სამეგრელოსა და კახეთს გადაუღებელმა წვიმებმა, მდინარეების ადიდებამ და ქარიშხალმა.

სამეგრელო ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ, პირველი წყალდიდობისას, სერიოზულად დაზარალდა. მხოლოდ მარტვილის რაიონში სტიქიით გამოწვეული ზარალი დაახლოებით მილიონ 900 ათას ლარს შეადგენს. ახლა ამას დაემატა ისიც, რომ ბოლო დღეების მანძილზე ადიდდა მდინარე ცხენისწყალი, რომელმაც ჯებირის გარღვევის შემდეგ დაახლოებით 1000 ჰექტარი სახნავ-სათესი და საძოვარი ფართობი დატბორა. მარტვილის გამგებელ ზაზა რუხაიას იმ დროს დავუკავშირდი და სატელეფონო ინტერვიუ ვთხოვე, როდესაც იგი მდინარე ცხენისწყლის დონეს აკვირდებოდა. იგი ზარალს ასე აღწერს:

[ზაზა რუხაიას ხმა] ”ათასი ჰექტარი მიწა მთლიანად არის დატბორილი - თან საძოვრები და თან სახნავ-სათესი. აქ ხალხი, ძირითადად, მეცხოველეობით ირჩენს თავს და ეს, ფაქტიურად, სამუშაო ადგილების დაკარგვას ნიშნავს. კიდევ რამდენიმე სული საქონელია დამხრჩვალი და ზარალს ვითვლით ნელ-ნელა.”(სტილი დაცულია)

მისივე თქმით, ჯერჯერობით ადიდებულ ცხენისწყალს საცხოვრებელი სახლები არ დაუზიანებია, თუმცა დიდია საშიშროება, რაც ადიდებული მდინარის კალაპოტის შეცვლითაა გამოწვეული.

[ზაზა რუხაიას ხმა] ”მდინარე ცხენისწყალი შეიძლება შეუერთდეს მეორე მდინარეს და იმის კალაპოტით დაიწყოს დინება. მაშინ კი საფრთხე დაემუქრება მოსახლეობასაც და მათი ევაკუაცია იქნება საჭირო...”

წვიმის განახლების შემთხვევაში ეს საფრთხე რეალობად იქცევა, რაც მხოლოდ მარტვილის რაიონში 100-ზე მეტ ოჯახს დააზარალებს. მდინარის კალაპოტის შეცვლა ანალოგიურ ზარალს გამოიწვევს სენაკის რაიონშიც.

შედარებით მცირეა, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო ის ზარალი, რაც თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს რაიონებს წვიმამ და ქარიშხალმა მოუტანა. ქალაქ თელავის გამგებლის ვასილ დავითაშვილის განცხადებით, მხოლოდ მის ქალაქში სავარაუდო ზარალმა 100 ათასი ლარი შეადგინა.

[ვასილ დავითაშვილის ხმა] ”ქალაქში რა მოხდა და, საცხოვრებელი სახურავები დააზიანა, პირველ სკოლას გადახადა სახურავი და კერძო მფლობელობის სახლს დაეცა ხე...”(სტილი დაცულია)

ვასილ დავითაშვილის თქმით, ჯერჯერობით ძნელია ლაპარაკი იმ ზარალზე, რაც მთელ რაიონსა და კახეთის რეგიონს მოუტანა კოკისპირულმა წვიმამ და ქარიშხალმა.

სტიქიური უბედურების განმეორების გამო ჯერ კიდევ ძნელია იმის განსაზღვრა, თანხობრივად თუ რა მოცულობის ზარალის ლიკვიდაციაზე ფიქრი მოუწევს საქართველოს ხელისუფლებას. მიუხედავად ამისა, მთავრობა მაინც საკმარისად მიიჩნევს სტიქიით მიყენებული ზარალის კომპენსაციისთვის საბიუჯეტო ცვლილების პროექტში გათვალისწინებული თანხის მოცულობას. პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის კომენტარი:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”20 მილიონი ლარია გამოყოფილი, ძირითადად, ამ მიმართულებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, პრინციპში, ძირითადად, ეს თანხა არის საკმარისი.”(სტილი დაცულია)

ფინანსთა მინისტრ ვალერი ჩეჩელაშვილის ინფორმაციით კი, ამ 20 მილიონიდან 15 მილიონი გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას მოხმარდება, დარჩენილი 5 მილიონი - მოსახლეობას. საპარლამენტო ოპოზიცია სერიოზულად აპროტესტებს მთავრობის მიერ მოსახლეობის ზარალის კომპენსირებისთვის მხოლოდ 5 მილიონი ლარის გამოყოფას, რადგან მას არასაკმარისად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG