Accessibility links

logo-print

15 მაისის მოლოდინში


დავით პაიჭაძე, თბილისი ახლოვდება 15 მაისი - საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების თანახმად, ბოლო დღე, როცა საქართველოსა და რუსეთს ამ ქვეყნის სამხედრო ბაზების

საქართველოდან გაყვანის ვადების თაობაზე შეთანხმებისთვის უნდა მიეღწიათ. აშკარაა, რომ 15 მაისამდე ორი ქვეყანა ვერ შეთანხმდება და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული შეიქნება, დაიწყოს პარლამენტის მიერ დადგენილი ზომების განხორციელება. შეგახსენებთ, რას კისრულობს საქართველო იმ შემთხვევაში, თუ ბაზების გაყვანის ვადებზე რუსეთთან 15 მაისამდე ვერ შეთანხმდა.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “მინდა იმედი ვიქონიო, რომ რუსეთის მხარე რაღაც წინადადებით გამოვა, თუმცა ამის რეალისტური შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. თუ უახლოეს ხანში პროგრესს ვერ მივაღწევთ, ცხადია, პარლამენტი შეასრულებს 10 მარტს მიღებულ დადგენილებას და, შესაბამისად, დაწყებული საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ყველა სხვა სტრუქტურას მოეთხოვება პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული ზომების შესრულება.” (სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეს სიტყვები ლატვიაში გამგზავრების წინ წარმოთქვა. სახელმწიფო უწყებათაგან პარლამენტის მოთხოვნათა აღსრულება ყველას დაასწრო ფინანსთა სამინისტრომ. მას ავალებდნენ, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დაედგინა საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზებისა და ობიექტების დავალიანების მოცულობა საქართველოს ბიუჯეტისა და არამხოლოდ მის მიმართ. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ პარლამენტის დადგენილების მიღებიდან მალევე განაცხადა, რომ დავალიანება 500 მილიონ დოლარს აღწევს. პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ეს თანხა უნდა შეფასდეს როგორც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ვალი საქართველოს მიმართ.

ეკოლოგიური ზიანი, რომელსაც რუსეთის ჯარები აყენებდნენ საქართველოს, აქტუალური გახდა ჯერ კიდევ 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე. არგუმენტებს საქართველოს თავისუფლებისათვის ეკოლოგიური შემადგენელიც ჰქონდა. დღეს ეს არგუმენტი კონკრეტულ რიცხვებში უნდა გამოიხატოს: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ევალება, შეისწავლოს და შეაფასოს რუსეთის სამხედო ბაზების ფუნქციონირებით გამოწვეული ეკოლოგიური ზარალის ოდენობა.

თავიანთი ამოცანა აქვთ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს: მათ უნდა შეიმუშაონ რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, ტექნიკის, შეიარაღებისა და კუთვნილი ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი და ამოქმედების შემდეგ გააკონტროლონ ის. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუა ამბობს, რომ ეს რეჟიმი უკვე შემუშავებულია:

[რურუას ხმა] “მოქმედების გეგმა არსებობს. ეს უწყებები მუშაობდნენ პარლამენტის მიერ დადგენილების მიღების დღიდან. სცენარები შემუშავებულია, ოღონდ არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. იმ დონეზეა დამუშავებული, რომ ამოქმედება შეუძლია დღეიდანვე, მაგრამ 15-დან დაიწყებენ თუ სხვა რიცხვიდან, ამას ვერ გეტყვით - არა იმიტომ, რომ არ ვიცი, არამედ იმიტომ, რომ ეს დამოკიდებულია მოლაპარაკების განახლების მცდელობასა და მის რეზულტატზე ან მის არგანახლებასა და კიდევ რამდენიმე ფაქტორზე.”

სავარაუდოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც მზად იქნება შეასრულოს პარლამენტის დადგენილება, ანუ შეაჩეროს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებზე საქართველოში შემოსასვლელი ვიზების გაცემა, მაგრამ საგარეო უწყება ამ ნაბიჯამდე, მით უმეტეს, გაითვალისწინებს მოლაპარაკების განახლების ან განუახლებლობის ალბათობასა და შედეგებს.
XS
SM
MD
LG