Accessibility links

logo-print

პრაღის ქუჩები და სახლები და მათი სახელები


მე პრაღაში ვცხოვრობ ქუჩაზე, რომელსაც “ქვიშის კარიბჭესთან” ჰქვია.

ასე ჰქვია მას 300 წელია. პრაღის ბევრ ქუჩასა და სახლს ასწლეულების განმავლობაში სახელები არ ეცვლება. ყველამ იცის სად არის “ლურჯი ვარდის სახლი”, ასევე ცნობილია “შავი არწივის სახლი”, “შავი არწივის აფთიაქი” და იმავე “შავი არწივის” რესტორანი.


როცა ეს ქალაქი შუა ევროპის კულტურის ერთ-ერთი ცენტრი იყო, როცა აქ გერმანული ენა დომინირებდა და ჩეხურენოვანი მოქალაქეებიც საკმაოდ ცხოვრობდნენ, შენობებსა და ქუჩებს ასეთი სახელები შეარქვეს. იყო პერიოდი, როცა უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქს კვლავ გერმანელები დაეპატრონნენ და ქუჩებს სახელები გადაარქვეს, მაგრამ იმ ისტორიულ სახლებსა და ქუჩებს არ შეხებიან. ასე რომ, მისამართი “სამ მტრედთან”, ან კიდევ “სამ სირაქლემასთან”, თუნდაც “შავ არწივთან” ჩვეულებრივი ამბავი იყო ამ მშვენიერ ქალაქში. 1770 წელს პრაღაში სახლების დანომვრა დაიწყო, მაგრამ ათვლის წერტილი მაინც რომელიმე სახელდებული სახლი იყო. მაგალითად, წერილს ასე აწერდნენ მისამართს: სახლი ნომერი სამი, “ოქროს გველის” მარცხნივ. დღეს ჩეხეთის დედაქალაქში 200-მდე ასეთი სახლია, რომელთაც თავიანთი ნიშანი აქვთ, ანუ ძველი ტრადიცია გრძელდება. მოდით, შევიდეთ შენობაში, რომელსაც “შავ არწივთან” ჰქვია და რომელიც მე-14 საუკუნეში მაინცის მთავარეპისკოპოსს ლუდვიგს ეკუთვნოდა. შენობის სიმბოლო ფრთაგაშლილი შავი არწივია, რომელიც ფასადზეა გამოსახული. ახლა იქ რესტორანია, რომლის დახლშიც მდგომი ახალგაზრდა ქალბატონი სიხარულით დამთანხდა ეს ლეგენდა - ლეგენდა შავ არწივზე - ჩემთვის წაეკითხა:

“პრაღისკენ, მეფის კარზე, ერთ-ერთი მგზავრობისას, მთავარეპისკოპოსის თანმხლებთ ბავარიის ტყეში ნახეს შავი არწივი, რომელიც კლანჭით კლდეში გაჩხერილიყო. მათ არწივი გაათავისუფლეს და ამის შემდეგ, როგორც ლეგენდა ჰყვება, იქ ყოველი გავლისას, თითქოს მადლიერების გამოსახატავად, მათ თავზე არწივის მუქი სილუეტი გამოჩნდებოდა ხოლმე. პრაღაში ფართოდ ფრთაგაშლილი არწივი მთავარეპისკოპოსის სახლის სიმბოლოდ იქცა.”

წლების განმავლობაში არწივმა სახე იცვალა: ის ორთავიანი გახდა, გვირგვინიც დაადგეს და მკერდზე ლომის გამოსახულებაც გაუჩნდა - მოკლედ, სამეფო არწივად იქცა. აქვე გეტყვით, რომ შავი არწივი მხოლოდ მაინცის მთავარეპისკოპოსის სახლს არ ამშვენებდა. დღემდე მოქმედებს პრაღაში “შავი არწივის აფთიაქი”, ასევე რესტორანი “შავი არწივი”.
პირველად ასეთი ნიშნები პრაღაში მეთოთხმეტე საუკუნის შუ წლებში გაჩნდა. ჩანს, მოძლიერებულმა საშუალო ფენამ - მოქალაქეებმა გადაწყვიტეს თავადობას გასწორებოდნენ: არისტოკრატიას ხომ თავისი გერბები და მათზე დასმული საგანგებო ნიშნები ჰქონდა. ამიტომ იყო, რომ განსაკუთრებით სავაჭრო ადგილების მიმდებარე არეალებში ჩნდებოდა ეს სახლების მორთულობა - ნიშნები. მეთოთხმეტე საკუნის ბოლოს, მეფე ვენცელ მეოთხის მმართველობის დროს, ამ საქმიანობამ უკვე ფართო გაქანება პოვა. მემატიანე ჰყვება, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საეკლესიო მხატვრები და გერბების მხატვრები - ვის უნდა ჰქონოდა მეტი შეკვეთა, დღევანდელი ენით რომ ვთქვათ. მეფემ ამ უკანასკნელთ მიანიჭა უპირატესობა, მაგრამ ამ სფეროშიც დადგინდა ჰერალდიკის წესები.
პრაღაში, მხატვრების გარდა, ცხოვრობდნენ მუსიკოსები - არა მხოლოდ მუსიკოსები, მუსიკალური ინსტრუმენტების ოსტატებიც. პრაღის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახლია “სამ ვიოლინოსთან”. ლეგენდა ჰყვება, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ვიოლინოს ოსტატი, რომელსაც იტალიაში სახელგანთქმულ ამატისთან უსწავლია. ახლა ამ შენობაში ღვინის რესტორანია, შესანიშნავი გარემოთი და რუსი მფლობელით. მფლობელის მეგობარი, რომელიც ჩვენი იქ სტუმრობისას დაგვხვდა, ექსკურსიამძღოლად მუშაობს პრაღაში და ამბის მოყოლაც არ უნდა იცოდეს ცუდი:

[ ხმა]
“ეს სახლი 1668 წელს იყიდა ტომაშ ედლინგერმა, ვიოლინოს ოსტატმა, რომელზეც ამბობენ, რომ იტალიაში თვით ამატისთან ისწავლა ხელობა. მან აქ ვიოლინოს სახელოსნო მოაწყო; სამი თაობა ამზადებდა აქ ვიოლინოებს. სახელოსნო ერთობ წარმატებული იყო. ედლინგერის ვიოლინოზე, ამბობენ, თვით ბეთჰოვენიც უკრავდა. ამ სამი თაობის გამო სახლის ნიშანიც სამი ვიოლინოა. გვეკითხებიან, ამ ნიშანზე რატომაა ერთი ვიოლინო გადაბრუნებულიო. ჩვენ არავის ვუმხელთ ამ საიდუმლოს, რადგან თვითონაც არ ვიცით.”
სახლებს სახელს ხელობისა და სურვილის მიხედვით გამოუძებნიდა ხოლმე მფლობელი. მაგრამ მომხდარა პირიქითაც, როცა, მაგალითად, იმ სახლის მფლობელმა, რომელსაც “წითელ ლომთან” ერქვა, შესაბამისად, “როტლევი” დაირქვა. მოგვიანებით, როცა გვარები უკვე ყველას ჰქონდა, ისინი შენობებზე გადადიოდა. მაგრამ როცა ვინმე სახლს იცვლიდა, ჩნდებოდა პრობლემა: სახლის სახელის წაღება იოლი არ იყო. ან კიდევ, როცა ახალი ვინმე ჩასახლდებოდა და ახალ სახელს უწოდებდა სახლს, ხალხს უჭირდა ახალ სახელთან შეგუება, რაც ახალ მფლობელს არ მოსწონდა. ყველაზე იოლი მაინც უსახელო სახლებისთვის სახელის დარქმევაა და ეს პროცესი ახლაც, ასე ვთქვათ, მოდაშია. ამის მაგალითია “სამი ოქროს სამიანი”, სახლი, რომელშიც გამართული რესტორნის პატრონმა მითხრა, რომ ის ათი წელია არსებობს და ამდენივე ხანია ასე ჰქვია. პრაღაში შეხვდებით “წითელ კრავს”, “ლურჯ კალმახს”, “სამ სირაქლემას”, სხვათა შორის, შესანიშნავი ნახატით, “სამ ზარს”, “ლურჯ გასაღებს” და მისთანას.


ეს ყველაფერი დღეს ტურისტების გულს ახარებს და, ალბათ, ქალაქის ისტორიის მოყვარულ პრაღელებსაც მუდამ შესანიშნავი ამბებით კვებავს.
XS
SM
MD
LG