Accessibility links

სომხეთის უმაღლესი სასულიერო საბჭო საქართველოში სომხური ეკლესიების ხელყოფის გამო შეშფოთებას გამოთქვამს


მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ თბილისს სომხური სამოციქულო ეკლესიის დელეგაცია სტუმრობდა, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ეკლესიის

კუთვნილების საკითხი დღემდე ღიად რჩება. ლაპარაკია იმ სადავო საკულტო შენობებზე, რომელთა განკარგვის უფლებას ერთმანეთს საქართველოს მართლმადიდებელი და სომხეთის გრიგორიანული ეკლესიები ეცილებიან. თუმცა უნდა ითქვას, რომ, საკუთრების საკითხის გარდა, მხარეები, როგორც ჩანს, ვერც საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის სტატუსზე თანხმდებიან.
საკულტო ნაგებობათა საკუთრების პრობლემამ განსაკუთრებული სიმძაფრით იჩინა თავი რამდენიმე თვის წინ, როცა საქართველოში სომხეთის ეპარქიის წარმომადგენლებმა თბილისში მდებარე ჯვრის მამის მონასტრის წინამძღოლი მეზობლად მდებარე ნორაშენის ეკლესიის ხელყოფაში დაადანაშაულეს. დედაქალაქში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა მაშინ საპროტესტო აქციაც კი გამართეს. მათი მტკიცებით, 1937 წლამდე ეკლესია გრიგორიანელ მრევლს ეკუთვნოდა.
[მამაკაცის ხმა] „ნორაშენის ეკლესია აშენდა 1467 წელს, ბოლოს რესტავრირებული იყო მეჩვიდმეტე საუკუნეში ჰაჯი ნაზარისა და თბილისელების მიერ. 1937 წელს დაკეტეს სხვა ბევრ ეკლესიათან ერთად. 94 წელს შევიდნენ და წაშალეს ფრესკები, ასევე გატეხეს საკურთხეველი...“
თავად ჯვრის მამის მონასტრის წინამძღვარი სომხური ეპარქიის მიერ წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. მამა ტარიელის თქმით, ინფორმაცია, თითქოს 1994 წელს, რესტავრაციისას, ფრესკები და საკურთხეველი დაზიანდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, ხოლო ეკლესიის კუთვნილებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას დეკანოზი გიორგი ზვიადაძე გამოხატავს:
[გიორგი ზვიადაძის ხმა] „საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ყოველთვის მიაჩნია, რომ ნებისმიერი სადავო საკითხი, რაც შეიძლება დაუკავშირდეს ეკლესიის კუთვნილებას, ყოველთვის უნდა გადაწყდეს ეკლესიათა შორის ურთიერთობით, ოფიციალურ დონეზე მოლაპარაკების გზით, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიეთპატივისცემაზე.“(სტილი დაცულია)
თუმცა, ნორაშენის გარდა, მხარეებს სხვა ეკლესიების კუთვნილების საკითხიც აქვთ გასარკვევი. მარტო თბილისში სომხეთის ეპარქია ოთხი ეკლესიის დაბრუნებას ითხოვს. ცალკე საუბრის თემაა სამცხე-ჯავახეთის მხარე, სადაც, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის თანამშრომლის რამაზ კორშიას განმარტებიდან ირკვევა, არა ერთი და ორი სადავო საკულტო შენობა მდებარეობს:
[რამაზ კორშიას ხმა] „მარდის კელესია დგას ახალციხის თავზე, შორიდანაც მოჩანს. ამ ეკლესიის გამო შეტაკება მოხდა, თუმცა უმსხვერპლოდ დამთავრდა ყველაფერი. დღესდღეობით გაჩერებულია, არ მოქმედებს ეს ეკლესია. ახალქალაქში არის ბევრი ისეთი ქართული ტაძარი, რომლის საძირკველზე მერეა დაშენებული ახალი ეკლესია... ახალქალაქში არის სადავო ეკლესიები, მაგრამ ახალციხეში არა.“(სტილი დაცულია)
თუმცა, როგორც ირკვევა, საკუთრების საკითხის გარდა, სომხეთის უმაღლესი სასულიერო საბჭო საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის სტატუსითაც უკმაყოფილოა. კერძოდ: სომხეთის უმაღლესმა სასულიერო საბჭომ, რომელიც 10-11 მაისს ეჩმიაძინის წმინდა საყდარში შეიკრიბა, შეშფოთება, ეკლესიების ხელყოფის პარალელურად, საქართველოში არსებული სომხური ეპარქიის სტატუსთან დაკავშირებითაც გამოთქვა. კომენტარი ამ ინფორმაციაზე, რომელსაც სააგენტო „კავკას-პრესი“ ავრცელებს, საპატრიარქოს პრეს-სამსახურის უფროსის მოადგილეს ზურაბ ცხოვრებაძეს ვთხოვე.
[ზურაბ ცხოვრებაძის ხმა] „გაუგებარია სტატუსთან დაკავშირებით რაიმე პრობლემის წარმოშობა. როდესაც რამდენიმე წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააფორმა საკონსტიტუციო შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასთან, ამას წინ უსწრებდა ერთობლივი დეკლარაციები საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან, მათ შორის, სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიასთან. მაშინ ყველამ მხარი დაუჭირა ამ საკითხს. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის განსაკუთრებული სტატუსი და ამ სტატუსით ისარგებლებს მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG