Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მღელვარება ავღანეთში: რა საიდუმლო იმალება რელიგიური შეურაცხყოფის ფონზე მომხდარი ძალადობის უკან


ამ დღეებში მსოფლიოს მედიის ყურადღება ავღანეთისკენ არის მიპყრობილი. სამშაბათს ავღანეთის სხვადასხვა ქალაქში დაწყებული მღელვარებების შედეგად, დაღუპულია,

დაახლოებით, 7 ადამიანი, დაჭრილთა რაოდენობა კი 70-ს აღემატება. მასობრივი მღელვარების გამომწვევი მიზეზი გახდა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზაზე გუანტანამოში მუსლიმთა წმინდა წიგნს - ყურანს - შეურაცხყოფენ. თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ მასობრივი საპროტესტო ტალღის აგორებას ავღანეთში სხვა, უფრო სიღრმისეული, მიზეზებიც აქვს და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა მხოლოდ ბოლო წვეთი აღმოჩნდა მოთმინების ფიალაში.

ძალადობა და მღელვარება, რომელსაც აშკარად გამოხატული ანტიამერიკული ელფერი აქვს, თითქმის მთელ ავღანეთს მოედო. მღელვარების მიზეზი კი გახდა ”ნიუსვიკში” გამოქვეყნებული ცნობა, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზაზე გუანტანამოში პატიმარი თალიბების დაკითხვის დროს ზოგიერთი გამომძიებელი უდიერად იხსენიებს ყურანს, მუსლიმთა წმინდა წიგნს. ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, თუ გაზეთში გამოქვეყნებული ცნობა დადასტურდა, გუანტანამოს ციხის ადმინისტრაცია მკაცრად აგებს პასუხს. მღელვარებას ავღანეთში გამოეხმაურა ბრიუსელში მყოფი ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და განაცხადა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არავინ უნდა აურიოს ანტიამერიკულ განწყობილებაშიო:

[ჰამიდ კარზაის ხმა] "ეს არ არის ანტიამერიკული განწყობილების გამოხატულება. ეს არის პროტესტი იმის წინააღმდეგ, რომ გუანტანამოში ყურანის წმიდა წიგნს შეურაცხყოფენ. მოწმენი ვართ დემოკრატიის გამოვლინებისა. ავღანეთი უკვე დემოკრატიული სახელმწიფოა. ხალხს უფლება აქვს ქუჩაში გამოვიდეს და პროტესტი გამოხატოს."

მაგრამ მღელვარება ავღანეთში არ ცხრება. ხუთშაბათს ქაბულის ქუჩებში გამოვიდა ასეულობით სტუდენტი. ისინი სკანდირებდნენ: ”სიკვდილი ამერიკას” და ხელთ ანალოგიური შინაარსის პლაკატებიც ეპყრათ.

[ბრბოს ხმა]


კაბერ აჰმადმა კი, დემონსტრაციაში მონაწილე სტუდენტმა, განაცხადა, რომ ისინი ამერიკისაგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ:

[აჰმად საიდის ხმა] ” ჩვენს პრეზიდენტს მოვუწოდებთ, მსოფლიოში მცხოვრები ყველა მუსლიმის წინაშე ბოდიშის მოხდა მოსთხოვოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს მათ მიერ ჩვენი წმინდა წიგნის - ყურანის - მიმართ უდიერი მოპყრობისთვის. ჩვენ, მუსლიმები, ვერ მოვითმენთ ასეთ ქმედებას.”

ქაბულში ეს დემონსტრაცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, რასაც ვერ ვიტყვით საპროტესტო აქციებზე ავღანეთის სხვა პროვინციებსა და ქალაქებზე, სადაც დემონსტრანტები ქვებს უშენდნენ მანქანებს და სახლებს, წვავდნენ სამთავრობო ოფისებს. ჯალალაბადში კი გაავებული ბრბოს მხრიდან თავდასხმის ობიექტად იქცა გაეროს დახმარების მისიის ოფისი.
და მაინც, რამ გამოიწვია ერთბაშად ასეთი მღელვარება ავღანეთში?
აი, რა უპასუხა ამ შეკითხვაზე ავღანელმა მწერალმა ისმაილ იანმა რადიო ”თავისუფლებას”:
[ისმაილ იანის ხმა]”მღელვარება პირველად დაიწყო ჯალალაბადიდან, რომელსაც მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს და ეს ძალიან ფაქიზი რელიგიური პრობლემაა. ბუნებრივია, ადამიანები ძალიან აღეგზნებიან, როდესაც საქმე რელიგიურ საკითხს ეხება. შესაძლებელია, რომ ის ადამიანები, ვისი ხელიც ამ დემონსტრაციის ორგანიზებაში ერია, მიზნად ისახავდნენ ძალადობის გამოწვევას. ბევრის გაღიზიანებას იწვევს შეცდომები სამთავრობო ჯარების მხრიდან და უცხო ჯარების ყოფნა. ყველა საკითხში დაგროვილმა უკმაყოფილებამ გამოიწვია კიდეც ეს ძალადობა.”

ქაბულში მცხოვრები პოლიტიკური მიმომხილველი ვაჰიდ მოჯდეჰი ძალადობის გამომწვევ კიდევ ერთ ფაქტორზე - კოალიციური ძალების მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე - ამახვილებს ყურადღებას:

[ვაჰიდ მოჯდეჰის ხმა]”რამდენიმე კვირის წინ აღმოსავლეთ ავღანეთში კოალიციური ძალების წარმომადგენლები ნებართვის გარეშე შედიოდნენ მოქალაქეების სახლებში. ამის გამო დაძაბულობა აქ უკვე არსებობდა. ცნობამ ყურანის შეურაცხყოფის შესახებ გუანტანამოში დაძაბულობა ქმედებასა და ძალადობრივ დემონსტრაციაში გადაზარდა. მაგრამ აქვე უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი მიზეზი: აღმოსავლეთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალთა გამოუცდელობა.”


როგორც ცნობილია, სამშაბათს ქალაქ ჯალალაბადში უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის ატყდა ორმხრივი სროლა, რის შემდეგაც მღელვარება მთელ ავღანეთს მოედო. ბრიუსელში მყოფმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, იარაღის გამოყენების ფაქტი მეტყველებს სუსტ მომზადებაზე ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა, რომელმაც არ იცის, თუ როგორ მოიქცეს სამოქალაქო დემონსტრაციის დროსო. ჰამიდ კარზაის ეს განცხადება კი აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ქაბულში არსებულ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიციასთან, საელჩოსი, რომელიც ავღანეთის უსაფრთხოების ძალების უნარსა და შესაძლებლობებს სრულ ნდობას უცხადებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG