Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ბაზების საკითხი რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოების საგნად რჩება


საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის კატეგორიული მოთხოვნა რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოებას ამძაფრებს. ამ მიმართულებით დაწყებული

მოლაპარაკება ჩიხშია მოქცეული. რუსეთმა დააგვიანა ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით პოზიციის განსაზღვრა, ამასობაში კი 15 მაისი მოახლოვდა. საქართველოს პარლამენტმა ამა წლის 10 მარტს მიიღო დადგენილება, რომლითაც ბაზების გაყვანის საკითხზე შეთანხმების ვადა მაისის შუა რიცხვებამდე განისაზღვრა. ამ დადგენილების მიხედვით, 15 მაისიდან რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს, პარალელურად კი უნდა ამოქმედდეს ქვეყნიდან მათი იძულების წესით გაყვანის ღონისძიებები. რამდენად აპირებს საქართველოს ხელისუფლება პარლამენტის დადგენილებაში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას?


საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ გამოხატულმა პოზიციამ საქართველოს ხელისუფლებას სრული კარტბლანში მისცა რუსეთის მიმართ პრინციპული პოლიტიკის გასატარებლად. თუმცა სამომავლო მოქმედებასთან დაკავშირებით პოზიციები მთავრობასა და პარლამენტში ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებულია.

[დავით კირკიტაძის ხმა] “15 მაისიდან, ჩვენი დადგენილების მიხედვით, რუსეთის ბაზები ცხადდება უკანონოდ და შესაბამის სტრუქტურებს მიცემული აქვთ დავალებები, რაც ამასთან დაკავშირებით უნდა შესრულდეს. “

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კირკიტაძე დავალებებში გულისხმობს რუსეთის სამხედრო ბაზების მოსამსახურეებზე ვიზების გაცემის შეწყვეტას, ქვეყნის შიგნით მათი გადაადგილების კონტროლზე აყვანას, უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზებზე ყოველგვარი წვრთნების აკრძალვას და ასე შემდეგ. პარლამენტში ფიქრობენ , რომ სულ რაღაც რამდენიმე დღეში პარლამენტის დადგენილება მოქმედებას დაიწყებს. დეპუტატები აპირებენ მკაცრად მოსთხოვონ მთავრობას დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება; თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით რადიკალურ ზომებს მთავრობა უახლოეს დღეებში არ მიიღებს. “ ამ ეტაპზე ჩვენ უპირატესობას ლიბერალურ ზემოქმედებას მივანიჭებთ: 15 მაისიდან რუსეთის ბაზებს ჰაერს, წყალსა და გაზს არ გადავუკეტავთ, თუმცა დროს არ გავწელავთ - თუ მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება, შესაბამისად ვიმოქმედებთ,” - თქვა 13 მაისს ნატოს ქვეყნების ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი მიიღო რუსეთიდან. ეს საგარეო საქმეთა მინისტრის პრესკონფერენციაზე ითქვა. დოკუმენტის შინაარსი მას არ დაუკონკრეტებია. მოხსნის თუ არა ეს დოკუმენტი დღის წესრიგიდან პარლამენტის დადგენილების ამოქმედების საკითხს, ცნობილი არ არის. დაკონკრეტებით იმის თქმა შეიძლება, რომ მხარეთა შორის შეუთანხმებლობა ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს საწყის ეტაპზე, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც აამოქმედებს. ახალი სტიმული იმისათვის, რომ კატეგორიულად მოითხოვოს ქვეყნის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების გაყვანა, საქართველოს ხელისუფლებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის უკანასკნელმა განცხადებამაც მისცა:


[კონდოლიზა რაისის ხმა] “საქართველოში რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით საინტერესო იყო ჯერ რუსების, შემდეგ კი ქართველების წინადადებების მოსმენა.
რუსები დათანხმდნენ, რომ მიატოვებენ ამ ბაზებს. ახლა გასარკვევია, როდის და როგორ. ზოგიერთის თქმით, საბოლოო შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, სხვები ასე არ ფიქრობენ. ჩვენ არ ვცდილობთ ამ დავაში მედიატორის როლი ვითამაშოთ, -ეს არ იქნებოდა ჩვენთვის შესაფერი, - მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ რუსებს გააკეთოს ეს, რათა საქართველომ შეძლოს საკუთარი სუვერენიტეტის ამ ელემენტის აღდგენაც. “

[კოტე გაბაშვილის ხმა] “ამ განცხადებით ის აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. ჩვენ ჩვენი უნდა ვილაპარაკოთ რუსებთან, იმიტომ რომ ასე წერია ეუთოს სტამბულის შეთანხმებაში. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ამაში ამერიკის შეერთებული შტატები რომ მხარს გვიჭერს, უთუოდ ძალიან მნიშვნელოვანია. “

ეს იყო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის კომენტარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯორჯ ბუშის ვიზიტის შემდეგ საქართველოს პარლამენტში დააჩქარეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის განხილვა. საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების უმოკლეს ვადაში გაყვანა ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაცაა.
XS
SM
MD
LG