Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიით დაზარალებული რეგიონებისთვის განკუთვნილი თანხის ნახევარი მხოლოდ ერთ რაიონს ჰყოფნის


საქართველოს პარლამენტში წლევანდელი ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტზე მსჯელობა გრძელდება. პროექტის ამჟამინდელი ვარიანტის მიხედვით, 20 მილიონი ლარია ის თანხა,

რომლის დახარჯვასაც მთავრობა სტიქიით დაზარალებული რეგიონების რეაბილიტაციისთვის აპირებს. წყალდიდობით გამოწვეული ზარალის კონკრეტული მოცულობა საქართველოს ბევრ რაიონში სრულად ჯერჯერობით არ განუსაზღვრავთ, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ მესტიას 10 მილიონი ლარი სჭირდება.

აპრილში დაწყებული წყალდიდობისა და მისგან გამოწვეული მეწყრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში საქართველოს მთავრობა მხოლოდ გზების აღდგენას აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში დასახელებული 20 მილიონიდან თხუთმეტ მილიონ ლარს საგზაო დეპარტამენტი დახარჯავს. სტიქიით დაზარალებული ასობით ოჯახის კომპენსაციის მიზნით კი წლევანდელ სახელმწიფო ბიუჯეტს მხოლოდ 5 მილიონი დაემატება. ამასთან, ერთი კონკრეტული რაიონის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ მესტიას ბიუჯეტს დამატებული თანხის ნახევარი სჭირდება:

[ნინო ჯაფარიძის ხმა] ,,ზოგადად, მინიმალური ზარალი 10 მილიონი მაინც არის. ეს მინიმალურს ვგულისხმობ.”

მესტიის რაიონის გამგებლის ნინო ჯაფარიძის ინფორმაციით, ამჟამად ყველაზე რთულ მდგომარეობაშია ზღვის დონიდან თითქმის 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარე სოფელი ადიში, სადაც მისვლა ცხენებითაც კი ვერ ხერხდება:

[ნინო ჯაფარიძის ხმა] ,,იქ ვერ მოვახერხეთ მთელი ამ თვეების განმავლობაში გზის გაყვანა და ახლა საერთოდ წაღებულია მთელი ეს გზის მონაკვეთი. ჯერჯერობით მარაგი კი აქვთ საკვების, მაგრამ უახლოეს მომავალში თუ არ მოხდება გზის აღდგენა, მაშინ ხალხი საშიშროების წინაშე დგას.” (სტილი დაცულია)

იმას, რომ სტიქიით დაზარალებული რეგიონებისთვის გათვალისწინებული თანხა არასაკმარისია, ეთანხმებიან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები. თუმცა მათ ნაწილს მიაჩნია, რომ პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ გზების აღდგენაა. ამასთან, ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ სილაგაძე ამბობს, რომ სხვა სამუშაოების გარეშე აღდგენილი გზები კვლავ საფრთხის წინაშე იქნება, მით უმეტეს, რომ მაისის ბოლო, როგორც წესი, წყალდიდობების პერიოდია:

[ავთანდილ სილაგაძის ხმა] ,,ნაპირსამაგრები თუ არ იქნა გაკეთებული, ბუნებრივია, გზაზე მოქმედებს ის და გზას აფუჭებს. ამ მიმართულებით იქნება საჭირო რესურსების გამოძებნა. კომუნიკაციებზე იქნება, ალბათ, გარკვეულად გასაკეთებელი სამუშაოები.” (სტილი დაცულია)

ფინანსთა სამინისტრო სარეზერვო ფონდის გაზრდას აპირებს, თუმცა დამატებითი რესურსების მოძიებასთან დაკავშირებით დეპუტატები დაზუსტებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობენ. იმას, რომ დამატებითი საბიუჯეტო თანხის უკვე ცნობილი მოცულობის, 20 მილიონი ლარის, დახარჯვის დეტალები არასაკმარისადაა დაკონკრეტებული, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც ეთანხმებიან. ცნობისათვის: თბილისში გზების რეაბილიტაციისთვის 90 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, მაშინ როდესაც ქვეყნის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, რომელიც სტიქიამ დააზარალა, ანალოგიური სამუშაოებისთვის 15 მილიონია გათვალისწინებული.

[ავთანდილ სილაგაძის ხმა] ,,აი, რამდენადაც მე მეუბნება შესაბამისი სამსახურები, ამ ძირითადი გზების გახსნას და ხიდების აღდგენას ეს თანხა მოხმარდებაო, მაგრამ შემდეგ, ბუნებრივია, დამატებითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.” (სტილი დაცულია)

იმ ფონზე, როდესაც გასული 3 დღის განმავლობაში სტიქიამ კიდევ რამდენიმე რაიონი დააზარალა, მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობის მიერ დადგენილი თანხა კი მინიმალურია, საპარლამენტო ოპოზიციაში უკმაყოფილებას იწვევს 46 მილიონი ლარით თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდა. ამ გადაწყვეტილებას ფინანსთა სამინისტრო საბაჟო ხარჯების არსებობას უკავშირებს. ფრაქცია ,,მემარჯვენე ოპოზიციის” დეპუტატი კოკა გუნცაძე ამბობს, რომ პრეტენზიას, თავდაცვის სამინისტროს მიერ უკვე მიღებული თანხის არაგამჭვირვალედ ხარჯვის ფონზე, დამატებითი ფინანსების მიღება აძლიერებს. მით უმეტეს, რომ რაიმე განმარტება პარლამენტისთვის წარდგენილ პროექტს თან არ ახლავს:

[კოკა გუნცაძის ხმა] ,,დარიგებულ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში ეს ნაჩვენები არ არის. იქ არაფერი არ წერია საერთოდ. მაგრამ აქ მარტო 46 მილიონზე არ არის, აქ მთლიანად არის ლაპარაკი იმ 361 მილიონზე, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ეს ფული.” (სტილი დაცულია)

პარასკევს საქართველოს მთავრობა დაეთანხმა პარლამენტის მოთხოვნას, როგორც მინისტრები და დეპუტატები იტყოდნენ, ,,დეტალურად გაწეროს” თავდაცვის სფეროსთვის განკუთვნილი დამატებითი საბიუჯეტო თანხები. ანალოგიური პროცედურა არ შეეხება იმ ოც მილიონ ლარს, რომელიც მთავრობას სტიქიით დაზარალებული რეგიონებისთვის ემეტება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG