Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბიბლიოთეკო ქსელი დახმარებას საჭიროებს


აქცია, სახელწოდებით "თქვენი ბიბლიოთეკა", რომელიც 28 აპრილს დაიწყო და მთელი ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, 13 მაისს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და

სპორტის სამინისტროს შენობაში საუკეთესო ბიბლიოთეკებისა და ბიბლიოთეკარების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალით დასრულდა. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინფორმაციით, აქციაში, ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე ბიბლიოთეკა მონაწილეობდა. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, თელავისა და ახალციხის ბიბლიოთეკებში საზეიმო შეხვედრები, პრეზენტაციები და გამოფენები გაიმართა, თუმცა ამ დღეს ბიბლიოთეკების უმეტეს ნაწილში საზეიმო ვითარება ნამდვილად არ სუფევდა.

თავისუფლების მოედანთან - ლეონიძის შვიდ ნომერში - მდებარე თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანების მე-15 ბიბლიოთეკა ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც 60 ათასამდე ადამიანს ემსახურება. საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის სტატისტიკის თანახმად, ამ ბიბლიოთეკას, სადაც 30 ათასი წიგნი ინახება, 1300-მდე მუდმივი მკითხველი ჰყავს.

[ხათუნა ჭაბუკიანის ხმა] „დიდი ხნის ბიბლიოთეკაა. ჯერ რუსთაველზე იყო ეს ბიბლიოთეკა, მერე გადმოვიდა აქ... ძალიან დიდი მოთხოვნაა. ერთადერთი ბიბლიოთეკაა ირგვლივ; ძირითადად, სტუდენტობას ვემსახურებით. მკითხველი რაიონია, ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა.“(სტილი დაცულია)

ბიბლიოთეკის თანამშრომელი ხათუნა ჭაბუკიანი ამბობს, რომ ამ საკმაოდ ტევად სამუშაოს, რომელიც დილის ათი საათიდან იწყება და საღამოს ექვს საათზე სრულდება, 5 ბიბლიოთეკარი, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ - 35 ლარიანი ჯამაგირის სანაცვლოდ - ასრულებს:

[ხათუნა ჭაბუკიანის ხმა] „ხელფასები საქართველოში ჩვენსავით დაბალი, ალბათ, არავის არა აქვს. 35 ლარია ჩვენი ხელფასი. წარმოუდგენელია ამ პირობებში მუშაობა. ფაქტიურად, ჩვენთვის არაფერი არ შეცვლილა. ველოდებით ყოველდღე, რომ რაღაც შეიცვლება. საჯაროში შეიცვალა ხელფასიც და მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც.“ (სტილი დაცულია)

თუმცა ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც ბიბლიოთეკის თანამშრომლებს აწუხებთ. იმის გამო, რომ ვერ ხერხდება ფონდის განახლება, ხშირ შემთხვევაში მკითხველი ბიბლიოთეკიდან ხელმოცარული მიდის.

[ქალბატონის ხმა] „წაღებულია ნიკო ლორთქიფანიძე, ძალიან მჭირდებოდა.“

არადა, ფონდის შესავსებად, როგორც საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, კულტურის სამინისტრომ 100 ათასი ლარი გამოყო. მთელ რიგ ბიბლიოთეკებს წიგნების შესაძენად ათასლარიანი ვაუჩერები დაურიგდათ:

[ირაკლი ღარიბაშვილის ხმა] „70 რაიონულ ბიბლიოთეკას გადაეცა 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც შეეძლოთ მიემართათ გამომცემლობებისთვის და შეეძინათ საჭირო ლიტერატურა. ეს არის ძალიან კარგი პროექტი და იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება კიდევ რამდენიმე წელი. მისი მიზანი არის არა მარტო წიგნების შეძენა, არამედ კავშირების დამყარება გამომცემლობებსა და ავტორებთან.“

ღარიბაშვილის თქმით, პროექტის გაგრძელებით, ანუ ბიბლიოთეკებისათვის ვაუჩერების უწყვეტი გადაცემით, გამომცემლობებიც არანაკლებ არიან დაინტერესებულნი. როგორც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორი თინათინ მამულაშვილი ამბობს, დაფინანსების გაზრდით ბიბლიოთეკებსა და გამომცემლობებს შორის კავშირის დამყარება საგრძნობლად გაადვილდება:

[თინათინ მამულაშვილის ხმა] „ვცდილობთ კავშირი მუდმივად გვქონდეს ბიბლიოთეკებთან, მათ შორის, რეგიონებში მდებარე ბიბლიოთეკებთან. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, რადგან ხშირ შემთხვევაში კომუნიკაციები მოშლილია და ძალიან რთულია ყველა ბიბლიოთეკასთან მუდმივი კორესპონდენციის წარმოება, მუდმივი სიახლეების შეტყობინება. მაგრამ ვცდილობთ, მეტ-ნაკლებად, ეს მოვახერხოთ და, დიდწილად, ამას დაარეგულირებს სწორედ ის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეძენას.“

თუმცა ბიბლიოთეკებისათვის დაფინანსების გაზრდით, ალბათ, ყველაზე მეტად მაინც მკითხველები იხეირებენ. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მონაცემებით, ბიბლიოთეკების მომსახურებით საქართველოს მოსახლეობის 1 პროცენტი სარგებლობს. ვინძლო ახალი გამოცემების შეძენით მკითხველთა რაოდენობის გაზრდაც კი მოხერხდეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG