Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 591-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას". მის 591-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ იმაზე, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს რესტიტუცია კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთ გზად; გესაუბრებით პოსტრევოლუციური პერიოდის ესთეტიკაზე; გაგაცნობთ გერმანელ გრაფს, რომელიც ზუსტად 60 წლის წინათ, 1945 წლის 10 მაისს, ტყვედ ჩავარდა და ხუთი წელიწადი საქართველოში გაატარა. დღესვე მოგითხრობთ კანის 58-ე საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე და ამ კინოფორუმზე წარმოდგენილ ზოგიერთ ფილმზე; ბოლოს კი ვეცდებით ვუპასუხოთ კითხვას: რატომ არის ასეთ სავალალო მდგომარეობაში ქართული ფეხბურთი? "მეათე სტუდიას" პრაღიდან დავით კაკაბაძე უძღვება.

რესტიტუცია - გზა კონფლიქტის მოგვარებისკენ?

დავით კაკაბაძე:
ყველაზე ცხადი შეტყობინება, რომელიც აშშ პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა თბილისში ყოფნისას დატოვა, ალბათ, საქართველოს შიდა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება იყო. ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიურ ოლქში შარშანდელი ზაფხულის სამხედრო ოპერაციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას მილიტარისტული ნაბიჯები აღარ გადაუდგამს, მაგრამ “ომის პარტია” საქართველოს ლიდერთა შორის მაინც არსებობს. აქამდე ის, შესაძლოა, ინარჩუნებდა კიდეც განზრახვას, კონფლიქტი შიდა ქართლში ელვისებური ომით, "ბლიც-კრიგით" მოეგვარებინა. ჯორჯ ბუშის, როგორც ყველაზე ძლიერი და მნიშვენლოვანი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის, განცხადებები ასეთ განზრახვას უკიდურესად უმცირებს აღსრულების შანსს. საქართველოს ხელისუფლება აქამდეც გამოთქვამდა კონფლიქტის მოსაგვარებელ სამშვიდობო ინიციატივებს, მაგრამ ამას თანმიმდევრული ხასიათი არ ჰქონია. უაღრესად მნიშვნელოვანია რესტიტუცია - ანუ ქონებრივი და სხვა უფლებების აღდგენა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 90-ანი წლების დამდეგს სამხრეთი ოსეთის კონფლიქტში დაზრალდნენ. დავით პაიჭაძე გაგაცნობთ რამდენიმე პოზიციას, რომელსაც დღეს რესტიტუციისადმი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ადგანან.

დავით პაიჭაძე:
სამხრეთ ოსეთში, კოფლიქტის დროს დაზარალებულ პირთა რესტიტუციის იდეით ამ 5-6 წლის წინათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები გამოვიდნენ. ისინი შარშანაც, ერგნეთის კონტრაბანდისტული ხვრელის ამოქოლვის შემდგომაც, იმედოვნებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესდებოდა მოქალაქეთა ქონებრივი უფლებების აღდგენით. მაგრამ მთავრობა მაშინ ძალისმიერმა საშუალებებმა გაიტაცა… ასოციაციის წევრი, ზურაბ ბურდული დღესაც იმეორებს ოდინდელ იდეებს: სასამართლოს ნაცვლად საგანგებო კომისია, რომელიც შედგება ქართული და ოსური მხარეების, აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობის თანაბარი წარმომადგენლობისაგან განიხილავს და გადაწყვეტს ბინადრობის საკითხზე შემოსულ განცხადებებს. ზურაბ ბურდული აღწერს პრინციპს, რომელსაც ასოციაცია აფუძნებს ქონებრივი უფლების აღდგენას:

[ბურდულის ხმა] “ეს არის პირველადი მაცხოვრებლის უფლება. თუ დასტურდება, რომ ის იყო პირველადი მაცხოვრებელი კონკრეტულ ადგილას, პირველ რიგში, მას აქვს უფლება, დაიბრუნოს, თუ ეს ადგილი, ცხადია, გადარჩენილია. გაწერილია პროცედურები იმ შემთხვევაზეც, თუ ეს ადგილი განაგურებულია - რა სახის კომპენსაცია შეიძლება მიიღოს. ფულადი კომპენსაცია ერთ-ერთი უკანასკნელი ზომაა”.

კიდევ ერთი კანონპროექტი რესტიტუციის შესახებ შეიმუშავა თავისუფლების ინსტიტუტმა. ორგანიზაციის წარმოამდგენელი, აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ პროექტი გულისხმობს არა მხოლოდ ქონებრივი, არამედ სხვა უფლებების აღდგენასაც.

[მინაშვილის ხმა] “სამხრეთ ოსეთზე კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვან: საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამსახურიდან გაათავისუფლეს ბევრი ადამიანი ეთნიკური ნიშნით, ანუ იმის გამო, რომ ეროვნებით ოსები იყვნენ. სასამართლომ სწორედ ამ ნიშნით დააკანონა ეს გადაწყვეტილება: ვინაიდან ეს ადამიანები არიან სხვა ანუ ოსი ეროვნების წარმომადგენლები, მათ უნდა დატოვონ სამსახური. ბუნებრივია, ქონებრივი რესტიტუცია ამ შემთხვევაში ვერ მოხდება, ვინაიდან ქონების ჩამორთმევა სახეზე არ არის. აქ უნდა მოხდეს უფლებრივი რესტიტუცია ანუ ამ ადამაინებს უნდა აუნაზღაურდეთ როგორც მორალური, ისე მატერიალური დანაკარგი”.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კოტე ვარძელაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას დღეს აქვს სურვილი და პოლიტიკური ნება, რათა საკითხი მკვდარი წერტილიდან დაიძრას. სურვილი გულისხმობს რესტიტუციის პრბლემათა განხილვა-გადაწყვეტაში დაზარალებულ მოქალაქეთა წარმომადგენლების ჩართვასაც. თავისთავად, რესტიტუციის კანონის მიღებისას მთავარია სამართლიანობის აღდგენა და ამავე დროს, კანონი იქნება ეფექტიანი ნაბიჯი კონფლიქტის მოსაგვარებლად.

[ვარძელაშვილის ხმა] “თავიდანვე ითქვა, რომ რესტიტუცია “ორმხრივი მოძრაობა” უნდა იყოს: ანუ, როცა ჩვენ აღვადგენთ იმ ოსი ეროვნების ადამიანების უფლებებს, რომელთაც ჩამოერთვათ ქონება ან სხვა მხრივ შეზღუდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს ქართველები, რომელთაც ასევე შეეზღუდათ უფლებები. სამართლიანობა ამას მოითხოვს. თუმცა, სახელმწიფოს მიდგომებში ერთი სიახლე ისიც არის, რომ მზად ვართ განვიხილოთ, საუბარი დავიწყოთ კანონის ცალმხრივ ამოქმედებაზე. ამოქმედდეს კანონი ცალმხრივად იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ შეთანხმების მიღწევას კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან.”

კოტე ვარძელაშვილი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ მიდგომაა და არა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამასთან, დასძენს, რომ სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ხელისუფლება, უწინარესად, ედუარდ კოკოითი საჯაროდ იწვევს ქართულ მხარეს რესტიტუციაზე სამსჯელოდ. კოკოითი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება რესტიტუციას არ დაუშვებს, ამბობს ვარძელაშვილი. იუსტიციის მინისტრის მოადგილის სიტყვები ცალმხრივ რესტიტუციაზე გულისხმობს სწორედ ოსი ეროვნების მოქალაქეთა აღდგენას თავიანთ უფლებებში.

მოსალოდნელია, რომ რესტიტუციის კანონს საქართველოს პარლამენტში შემოდგომის სესიაზე განიხილავენ. ოღონდ დღეს არ არის ცნობილი, ზუსტად რა კონცეფციითა და მიდგომებით აღბეჭდილ პროექტს მიაწვდიან დეპუტატებს.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

პოსტრევოლუციური საქართველოს ესთეტიკა

დავით კაკაბაძე:
და კვლავ საქართველოში ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის თემას ვუბრუნდებით. ფაქტია, რომ ჯორჯ ბუშის ვიზიტისადმი ინტერესი საქართველოში ჯერაც არ განელებულა - იქ კვლავაც ემოციურად იხსენებენ ბუშის რეაქციას თბილისურ შეხვედრებზე. თუ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უდავოა, რომ საქართველო საუკეთესო კუთხით წარდგა საპატიო სტუმრის წინაშე, მეორე ნაწილი სკეპტიკურ დამოკიდებულებას არ მალავს და ჯორჯ ბუშის დასახვედრად მოწყობილ პომპეზურ ღონისძიებებს კომუნისტური ესთეტიკის გავლენით ხსნის. მაინც, როგორია საქართველოს პოსტრევოლუციური ესთეტიკა? ამის შესახებ თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

(იხ. აუდიოვერსია)

[მუსიკა]

ხუთი წელი კავკასიის ტყვეობაში. ინტერვიუ გერმანელ გრაფთან, რომელიც გასაოცარი სითბოთი იხსენებს საქართველოში გატარებულ წლებს

დავით კაკაბაძე:
მთელი განვლილი კვირის მანძილზე ჩვენს გადაცემებში თითქმის ყოველდღიურად ვსაუბრობდით მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე; ომის მონაწილეებთან ერთად ვიხსენებდით სამოცი წლის წინანდელ ამბებს, ვცდილობდით გაგვერკვია, რა იციან დღევანდელმა ახალგაზრდებმა დიდ სამამულო ომად წოდებულ სისხლიან ბატალიებზე. დღეს გაგაცნობთ ომის ერთ გერმანელ მონაწილეს - ადამიანს, რომელიც ომის ბოლო დღეებში ტყვედ ჩავარდა და ხუთი წელი გაატარა საბჭოთა ბანაკებში. თუმცა მას, ბევრ თანამებრძოლთან შედარებით, შეიძლება ითქვას, ბედმა გაუღიმა: იგი საქართველოში მოხვდა.

გრაფ ვენდ ფონ კალნაინს ამ ორიოდე წლის წინათ, ზალცბურგთან მდებარე სოფელ ზეეკირხენში ვესტუმრე. მაშინ ახალი გამოსული იყო მისი მოგონებების წიგნი "ქართული დღიური". თავის წიგნში გრაფი კალნაინი, რომელიც პროფესიით ხელოვნების ისტორიკოსია და მრავალი წლის მანძილზე ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, გასაოცარი სითბოთი იხსენებს საქართველოში გატარებულ წლებს; მიუხედავად იმისა, რომ ის წლები მისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდს - ტყვეობას - უკავშირდება.

[გრაფ ფონ კალნაინის ხმა]: "ჩემი მოგონებების უდიდესი ნაწილი ისეთ შთაბეჭდილებებს უკავშირდება, რომლებსაც სამხედრო სფეროსთან არაფერი აქვთ საერთო. საშუალება მომეცა, უაღრესად სასიამოვნო ხალხი გამეცნო და იმ დროს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთად მივიჩნევ. ეს იყო სრულიად განსხვავებული სამყარო და როცა იმ სამყაროდან შინ, დასავლეთში დავბრუნდი, ბევრი რამ ხავსმოკიდებულად, დამყაყებულად მომეჩვენა. განსაკუთრებული სიამოვნებით ვიხსენებ იმ კეთილ დამოკიდებულებას, რომელიც მალევე დავამყარე ქართველებთან. ვიხსენებ სტუმართმოყვარეობას, მეგობრობას, სულგრძელობას, რომელსაც ისინი ჩემს მიმართ იჩენდნენ - როგორც კი შეიტყობდნენ, რომ რუსი კი არა, გერმანელი ვიყავი."

მაინც, რა შემთხვევებში ეძლეოდა საშუალება გერმანელ ტყვეს, ქართველებს დალაპარაკებოდა, მათი კეთილგანწყობა თუ სულგრძელობა ეგრძნო?

[გრაფ ფონ კალნაინის ხმა]: "უწინარესად მაშინ, როცა ჭიათურიდან (ჩემი ბანაკიდან) თბილისში ან რუსთავში, მატარებლით მივყავდით ხოლმე. ეს, როგორც წესი, ღამ-ღამობით ხდებოდა და როცა ჩემს რუს ზედამხედველთან ერთად კუპეში შევიდოდი, ჩემი გერმანელობა, ჩვეულებრივ, შეუმჩნეველი რჩებოდა - ჩემს მეგზურს ხომ რუსულად ველაპარაკებოდი და მისგან დიდად არც ჩაცმულობით განვსხვავდებოდი. მხოლოდ დილით, როცა გამცილებელი ბილეთების შესამოწმებლად ჩამოივლიდა, გაირკვეოდა ხოლმე, რომ რუსი კი არა, გერმანელი ტყვე ვიყავი და ბილეთი არ მჭირდებოდა. უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდებოდა ხოლმე კუპეში: ზოგი პაპიროსს მთავაზობდა, ზოგი ხილს ჩამიდებდა ჯიბეში, ზოგი - შოკოლადს... და თან მეუბნებოდნენ: რა ბედნიერი ხართ, ადრე თუ გვიან სამშობლოში, მოწესრიგებულ ქვეყანაში დაბრუნდებით, ჩვენ კი აქ მოგვიწევს დარჩენაო."

შეიძლება, მსმენელს გაუკვირდეს, გერმანელი ტყვე ერთი ქალაქიდან მეორეში ასე თავისუფლად როგორ მოძრაობდაო. საქმე ის არის, რომ რუსული ენის მცოდნე გერმანელებს ბანაკის ხელმძღვანელობა ხშირად იხმარებდა ამა თუ იმ საყოფაცხოვრებო საკითხის მოსაგვარებლად - იქნებოდა ეს ბანაკისთვის სურსათის მომარაგება თუ ავადმყოფი ტყვეების ჰოსპიტალში გადაყვანა. გრაფ კალნაინს სწორედ რუსულის ცოდნა დაეხმარა იმაში, რომ ბანაკის კომენდატურაში, უფრო ზუსტად კი მის ბუღალტერიაში უხდებოდა მუშაობა. იქ, ჭიათურაში, მას კეთილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა თავის უშუალო უფროსთან, უკრაინელ ლეიტენანტთან, რომელსაც ერთხელ სტუმრად წაუყვანია ერთ იქაურ გლეხთან.

[გრაფ ფონ კალნაინის ხმა]: "ჩემს წიგნშიც აღვწერე სტუმრობა ერთ ადგილობრივ გლეხთან. ის ჭიათურის მახლობლად, ერთ ლამაზ, დიდეზოიან სახლში ცხოვრობდა. იმ კაცს ჩემი უკრაინელი უფროსი ვახშმად დაეპატიჟებინა, ამას კი ჩემი წაყვანა გადაეწყვიტა. ისეთი გულითადი დახვედრა მანამდე ცხოვრებაში არ გამომეცადა! ჩვენი საუბარიც საოცრად გულახდილი და ნაღდი იყო - როგორღაც ისე მოხდა, რომ ერთმანეთს გულები გადავუშალეთ. პირველად იმ საღამოს გამოვცადე ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობა, სიკეთე და, ამავე დროს, სიამაყე, რომლის შესახებ მანამდე არაფერი გამეგო."

გრაფ კალნაინის მოგონებათა წიგნი "ქართული დღიური" 2003 წელს გამოვიდა. ბუნებრივია, დავინტერესდი, რატომ დასჭირდა მის გამოცემას თითქმის ექვსი ათეული წელი. აღმოჩნდა, რომ პროფესორს კალნაინს მოგონებები ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე, საფრანგეთის ყოველკვირეულ "ფიგაროს" დაკვეთით დაუწერია. მაგრამ შემდეგ ჟურნალის რედაქტორს მათი გამოქვეყნებისგან თავი შეუკავებია და ხელნაწერსაც მთელი ნახევარი საუკუნე პროფესორის საწერი მაგიდის უჯრაში გაუტარებია.

[გრაფ ფონ კალნაინის ხმა]: "ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს ხელნაწერს ჩემი ვაჟი გადააწყდებოდა და მეტყოდა, მამა, ეს აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოო... თავიდან ფეხს ვითრევდი, მაგრამ მერე დამიყოლია. მეც დავჯექი და ხელნაწერი გადავამუშავე - ზოგი რამ წავშალე, ზოგი დავამატე და მერე წიგნიც დაიბეჭდა."

თავის წიგნში გრაფი კალნაინი აღწერს ხუთ წელიწადს ტყვედ ჩავარდნის დღიდან - 1945 წლის 10 მაისიდან - შინ დაბრუნებამდე. მასში აღწერილია ის ოთხიათასკილომეტრიანი გზაც, რომელიც ავტორმა და მისმა ყოფილმა თანამებრძოლებმა ბოჰემიიდან საქართველომდე, სატვირთო ეშელონებით დაფარეს. ვენდ კალნაინი აღნიშნავს, რომ მან კარგად იცოდა გეოგრაფია და მთელი გზა ცდილობდა, დაედგინა, საით მიჰყავდათ ტყვეები: აღმოსავლეთისკენ (ციმბირში) თუ სამხრეთისკენ (კავკასიაში)? როცა კედლის ფიცრებს შორის, ჭუჭრუტანიდან დაუნახავს, რომ მატარებელი როსტოვის სადგურში გაჩერდა, სიხარულით ცას სწვევია: კავკასიაში მივყავართ და ესე იგი, შეიძლება აღარც დავიხოცოთო. რბილი ჰავის გარდა ახალგაზრდა გერმანელ ტყვეს კავკასია თურმე სხვა მიზეზითაც იზიდავდა.

[გრაფ ფონ კალნაინის ხმა]: "ჩემი ჰობი მთამსვლელობაა. აქ, ავსტრიაში, თითქმის ყველა მწვერვალი დალაშქრული მაქვს. კავკასია ჩემთვის მუდამ საოცნებო მხარე იყო. ნაცნობი ალპინისტები მყავდა, რომლებიც კავკასიის მთებზე ასულიყვნენ და ამიტომ ამ ულამაზესი მხარის გაცნობაზე მეც ახალგაზრდობიდან ვოცნებობდი. და როცა ჩვენი მატარებლიდან მთის ეს უზარმაზარი მასივი დავინახე, ლამის დამავიწყდა, რომ ტყვეობაში ვიმყოფებოდი, მეგონა, ალპინისტური ექსპედიციის წევრი ვარ-მეთქი."

კავკასიის ბუნების მშვენიერებაზე გრაფი კალნაინი თავის წიგნშიც ბევრს საუბრობს და ამ თემას ჩემთან ინტერვიუშიც წამწაუდუმ უბრუნდება. მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია მოგზაურობას თბილისიდან ჭიათურაში.

[გრაფ ფონ კალნაინის ხმა]: "არასოდეს დამავიწყდება მგზავრობა თბილისიდან ჭიათურაში, სურამის უღელტეხილის გავლით. თავი შვეიცარიაში მეგონა, იმ განსხვავებით, რომ აქ ყველაფერი უფრო დიდი იყო. წიგნშიც დავწერე, გოტჰარდში გეგონებათ თავი, ოღონდ საქართველოში მთები სამჯერ უფრო მაღალია და გზები - ოთხჯერ უფრო გრძელი-მეთქი. ბუნების ეს სილამაზე ძალიან მეხმარებოდა; ხშირად მეჩვენებოდა, თითქოს ტყვეობაში კი არა, რომელიმე შორეულ ქვეყანაში, ექსპედიციაში ვიმყოფებოდი."

დავით კაკაბაძე:
შეგახსენებთ: "მეათე სტუდიის" სტუმარი იყო გერმანელი გრაფი, პროფესორი ვენდ ფონ კალნაინი, რომელმაც ხუთი წელი საქართველოში, ტყვეობაში გაატარა. განვაგრძობთ "მეათე სტუდიას".

[მუსიკა]

კანში გაიხსნა 58-ე საერთაშორისო კინოფესტივალი

დავით კაკაბაძე:
ამ ორიოდე დღის წინათ, 11 მაისს, საფრანგეთის ქალაქ კანში გაიხსნა მსოფლიოს ყველაზე უფრო პრესტიჟული კინოფესტივალი. ფესტივალის მთავარ ჯილდოს, "ოქროს პალმის რტოს" ერთმანეთს ეცილება 14 ქვეყნის 21 ფილმი. კანში წელს განსაკუთრებით მრავლად არის წარმოდგენილი ვეტერანი რეჟისორების ფილმები. მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია ამერიკელი რეჟისორის, ჯორჯ ლუკასის კინოეპოსის, "ვარსკვლავთა ომების" უკანასკნელ ფილმს, რომელსაც კონკურსგარეშე პროგრამაში უჩვენებენ. მას მერე, რაც შარშანდელ ფესტივალზე ჟიურის გადაწყვეტილებამ აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია, მისი წლევანდელი ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამჯერად ფესტივალის ყურადღების ცენტრში იქნება ფილმები და არა პოლიტიკა.
კანის წლევანდელ, რიგით 58-ე კინოფესტივალზე მასალა ბიძინა რამიშვილმა მოამზადა.

[ჟიურის ხმა]
"ჟიური ამაყობს, რომ ოქროს პალმის რტო წელს ენიჭება ფილმს 'ფარენჰაიტი 9/11'" (ტაში)

ბიძინა რამიშვილი:
შარშან ჟიურის ამ გადაწყვეტილებას არაერთსულოვანი რეაქცია მოჰყვა კინოსამყაროში. პირველ რიგში იმის გამო, რომ ვითარება ამ ფილმის გარშემო ერთობ პოლიტიზებული გახლდათ. რეჟისორმა მაიკლ მურმა ამ დოკუმენტურ სურათში მწვავედ გააკრიტიკა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. და ყოველივე ეს ამერიკაში არჩევნების წელს მოხდა. მრავალთა აზრით, "ფარენჰაიტი 9/11"-ისთვის ოქროს პალმის რტოს მინიჭება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

[ფრემოს ხმა] "წელს ნელ-ნელა შევქმენით იმიჯი ფესტივალისა, რომელშიც ჩვენი დროის ყველა დიდი კინოხელოვანი შეხვდება ერთმანეთს. აქ არიან ვიმ ვენდერსი, ჯიმ ჯარმუში, ლარს ფონ ტრირი, ძმები დარდენები, გუს ვან სანტი. საბოლოოდ აზიისა და ჩინეთის კინორეჟისორებიც შეეცდებიან მზად იყვნენ და კანში ჩამოსვლა შეძლონ."

წელს პროგრამა საკმაოდ შერეულია. წარმოდგენილი იქნება მცირე საერთაშორისო ფილმები და ჰოლივუდის დიდი "ბლოკბასტერები". როგორც ვარაუდობენ, ფესტივალის ყველაზე დიდი მოვლენა იქნება კვირას ჯორჯ ლუკასის "ვარსკვლავების ომის" ბოლო ნაწილის ჩვენება.

კონკურსში ხუთი ფილმი იქნება წარმოდგენილი აზიიდან: ჩინეთიდან, სამხრეთი კორეიდან, ტაივანიდან და იაპონიიდან.
კანის კინოფესტივალში პირველად მონაწილეობს ფილმი ერაყიდან. ეს გახლავთ ჰინერ სალემის "ნულოვანი კილომეტრი", რომელშიც მოვლენები 1988 წელს, ერაყსა და ირანს შორის ომის პერიოდში ვითარდება.

ფესტივალი გაიხსნა ფრანგული კინოფილმით "მღრღნელი". მასში მოთხრობილია ორი წყვილის, სავახშმო სუფრისა და სამზარეულოს საკანალიზაციო სისტემაში გაჭედილი მღრღნელის შესახებ.

[ხმა კინოფილმიდან "მღრღნელი"]

ელიზაბეთ გაიდერის, ჟურნალ "ვერაიეტის" მთავარი რედაქტორის მოადგილის თქმით, კანში საქმეები ისევ ძველებურად მიდის.

[გაიდერის ხმა] "9 სექტემბერსზე ფოკუსირება, შეიძლება ითქვას, აბერაცია გახლდათ. ჩემის აზრით, ასეთი რამ მანამდე არასოდეს მომხდარა. ახლა კანში კვლავ დავუბრუნდით ტიპურ დიქოტომიას ხელოვნებასა და კომერციას შორის. საკონკურსო ფილმებიდან ზოგი უფრო ფართო პუბლიკისთვის არის გამიზნული, სხვები კი უფრო საავტორო ფილმებია და, როგორც ჩანს, მათ მცირერიცხოვანი მაყურებელი ეყოლება."
წლევანდელ ჟიურის სათავეში უდგას სარაევოში დაბადებული რეჟისორი ემირ კუსტურიცა, რომელმაც თავად ორჯერ მოიპოვა კანის ფესტივალის უმაღლესი ჯილდო. მისი თქმით, მისი აჟამინდელი ამოცანა, კინოს ენით რომ ვთქვათ, "mission impossible" არის.

[კუსტურიცასთან საუბარი]

კუსტურიცა: "დიდი სიამოვნებაა, იყო კონკურსში, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე მეტი, ყველაზე კარგი ავტორები არიან მცირე მათგანის გამოკლებით".
ჟერნალისტი: "რას ფიქრობთ წლევანდელი შემადგენლობის შესახებ? ამდენი მძიმეწონოსანია შეერთებული შტატებიდან."
კუსტურიცა: "ეს ძალიან კარგია, მთელი მსოფლიოდან უჭირავთ გეზი კანისკენ. ეს საუკეთესო ადგილია კინოსთვის, რომელიც არტისტულ და კომერციულ მხარეებს ერთმანეთთან ათანხმებს".
პრიზების გადაცემა 21 მაისს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე შედგება.

დავით კაკაბაძე:
კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელზეც ბიძინა რამიშვილი გესაუბრებოდათ, დიდი ხნის შემდეგ კვლავ უჩვენებენ ქართულ ფილმს. მართალია ლევან ზაქარეიშვილის ახალი სურათი "თბილისი-თბილისი" კონკურსში არ ჩაურთავთ, მაგრამ რეტროსპექტივა სახელწოდებით "15 რეჟისორი", რომლის პროგრამაშიც შევიდა ქართული ფილმი, პრესტიჟულობით თითქმის არ ჩამოუვარდება კონკურსს. თუ გაინტერესებთ, რატომ არის ასე, უსმინეთ რადიო "თავისუფლებას". კვირას, 15 მაისს, ჩვენი თანამშრომელი გიორგი გვახარია კულტურული ცხოვრების ქრონიკაში გიამბობთ ქართველი რეჟისორის ახალ ფილმზე და თვით ლევან ზაქარეიშვილსაც გაესაუბრება. ჩვენ კი "მეათე სტუდიას" სპორტის თემით განვაგრძობთ.

ქართული ფეხბურთის უდღეური დღე

დავით კაკაბაძე:
ქართული ფეხბურთის ისტორიაში არაერთი ღირსშესანიშნავი თარიღია. მაგრამ დღევანდელი დღე, 13 მაისი, მაინც გამორჩეულია: 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვა დიუსელდორფში. შარსული დიდება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაძლევს სასიხარულო განწყობილების საბაბს. ამიტომ დღეს ვისაუბრებთ არა ქართული ფეხბურთის წარმატებებზე, არამედ მის მდგომარეობაზე, რომელიც, ჩვენი რესპონდენტების შეფასებით, სავალალოა. ვიმსჯელებთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზეც. ამ საკითხების გარშემო ორი თაობის სპორტულ პუბლიცისტებს ჩვენი თბილისელი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
თბილისის კონსერვატორიის პროფესორი გულბათ ტორაძე ფეხბურთის ისტორიის ჩინებული მცოდნეა - საკმარისია ითქვას, რომ ორი უკანასკნელი წლის განმავლობაში მან 30-მდე წერილი გამოაქვეყნა რუსეთის ჟურნალ ”ფუტბოლში” წარსულის გამოჩენილ ქართველ და რუს ფეხბურთელებზე. ქართული ფეხბურთის ამჟამინდელ მდგომარეობაზე იგი ამბობს:

[ტორაძის ხმა] "ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უდღეური პერიოდი ჩვენი ფეხბურთისა.

– და რით ხსნით ერთობ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც არის, სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთი?

[ტორაძის ხმა] "სხვათა შორის, ქართული ფეხბურთის კრიზისი, მე ვიტყოდი, დაიწყო 85 წლიდან, 84 წლიდანაც კი სისტემატურად ვიმყოფებოდით ცხრილის ქვემო ნაწილში. მიზეზი, ალბათ, მაინც ის იყო, რომ ის შესანიშნავი პლეადა, რომელმაც მოიპოვა თასი 1981 წლის 13 მაისს, უკვე წავიდა ან მიდიოდა ასპარეზიდან და მათი შემცვლელები არ ჩანდნენ. მართალია, ამ წლებშიც იყვნენ მთელი რიგი ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგრამ მათ, მე ვფიქრობ, თავიანთი პოტენციალის ნახევარიც არ გამოუმჟღავნებიათ: ცხოვრება შეიცვალა - მთავარი გახდა არა სპორტული შედეგები, არამედ, უხეშად რომ ვთქვათ, ფულის კეთება, როდესაც საკუთარ გუნდში თამაშს ერიდებოდნენ ან თავის თავს უფრთხილდებოდნენ, რომ არ დაეკარგათ უცხოურ გუნდებში თამაშის შესაძლებლობა.
ამდენად, არის ორი მიზეზი: პირველი- ფიგურალურად რომ ვთქვათ, ბუნების ჭირვეულობა და, მეორე - სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი."

გულბათ ტორაძის მსგავსად, სპორტული ჟურნალისტი და ფეხბურთის კლუბ ”ამერის” პრეზიდენტი ზურაბ ფოცხვერია მიიჩნევს, რომ ქართული ფეხბურთი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია:

[ფოცხვერიას ხმა] "ქართული ფეხბურთი დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა საერთოდ გაუმართავმა საფეხბურთო მეურნეობამ. ეს ეხება ყველაფერს - დაწყებული ბავშვებთან მუშაობით და დამთავრებული საფეხბურთო მინდვრების ხარისხით. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი ახდენს გავლენას საბოლოო შედეგზე და საბოლოო მდგომარეობაზე. და მით უმეტეს, როცა უმრავლეს ნაწილში, თითქმის ყველაში თუ არა, არის სავალალო მდგომარეობა. მიზეზებზე ლაპარაკი ცოტა მიჭირს საეთერო დროით განსაზღვრულ ჩარჩოებში და შეიძლება ეს შეუძლებელიც კი არის."

რას ფიქრობენ რესპონდენტები არსებული კრიზისის დაძლევაზე?
ჯერ ბატონ გულბათს მოვუსმინოთ:

[ტორაძის ხმა] "შევთხოვოთ ბუნებას, რომ დაბადოს ახალი - პაიჭაძეებს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ პაიჭაძე საუკუნეში ერთი იბადება მხოლოდ და შეიძლება ორ საუკუნეშიც კი ერთი - ისეთი ფეხბურთელები მაინც, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდოდნენ."

ზურაბ ფოცხვერიას აზრი ასეთია:

[ფოცხვერიას ხმა] "იმისათვის, რომ ქართულმა ფეხბურთმა ეს კრიზისი დაძლიოს და თვისებრივად ახალ დონეზე ავიდეს დროის რაღაც რეალურ მონაკვეთში, აუცილებელია სერიოზული სახელმწიფო პროგრამის შემუშავება ფეხბურთის ასაღორძინებლად. და ამის მაგალითებიც არსებობს, იგივე საფრანგეთის მაგალითი - ბევრი მაგალითი არსებობს, რომ ფეხბურთი პრიორიტეტულ სფეროდ გადაიქცა და ამან უშუალო გავლენა მოახდინა ამა თუ იმ ქვეყნის საფეხბურთო მიღწევებზე. იგივე უნდა გაკეთდეს საქართველოში. აქ, რა თქმა უნდა, არ არის ლაპარაკი ბრმა მიბაძვაზე, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს და ეს იქნება ყველაზე სწორი და ყველაზე მოკლე გზა ფეხბურთის ასაღორძინებლად." (სტილი დაცულია)

უდავოდ, გასაზიარებელია ზურაბ ფოცხვერიას ნათქვამიდან გამომდინარე აზრი, რომ საქართველოში ფეხბურთს სათანადო ყურადღება არ ექცევა. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ კერძო ტელეკომპანიები, ფაქტობრივად, ქართული ფეხბურთის იგნორირებას ახდენენ. ალბათ, მათ ვერც გაამტყუნებ ამის გამო, თუმცა ეს მეტად დასანანია...

[მუსიკა: "დინამო, დინამო"]

დავით კაკაბაძე:
და იმისთვის, რათა წარსული დიდება ძალიან არ მიგვავიწყდეს, "მეათე სტუდიას" იმ სიმღერით ვამთავრებთ, რომელსაც ამ ორი ათეული წლის წინათ ასე ხშირად ვუსმენდით გამაროჯვებული "დინამოს" მორიგი მატჩის შემდეგ სტადიონიდან შინ მიმავალი მაყურებლები. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან ლევან გვარამაძე იჯდა. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG