Accessibility links

logo-print

შეცვლის თუ არა რამეს 16 მაისი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში?


საქართველოს პარლამენტი მთავრობას რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილების ამოქმედებას სთხოვს,

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო კი პუტინს მოუწოდებს გაატაროს საპასუხო ზომები. ბაზების საკითხზე ორ ქვეყანას შორის დავაში ამერიკის შეერთებული შტატების სენატიც ერევა. 13 მაისს სენატორებმა სპეციალური რეზოლუციით დაუჭირეს მხარი საქართველოს მოთხოვნას მისი ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. ამ ფაქტმა რუსეთის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს მიმართ გაღიზიანება კიდევ უფრო გაამწვავა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ბაზების საკითხზე შეწყვიტოს რუსეთთან ულმტიმატუმისა და შანტაჟის ენაზე ლაპარაკი, არადა, საქართველოში პარლამენტის დადგენილების ამოქმედებას ელიან.

საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ იტოვებს იმედს იმისას, რომ ბაზების საკითხზე რუსეთისა და საქართველოს მოლაპარაკების პროცესი მხარეებს შეთანხმებამდე მიიყვანს. მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ვარშავაში უნდა შედგეს. სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით მხარეთა წინადადებები იქ უახლოეს დღეებში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა განიხილონ. სალომე ზურაბიშვილი და სერგეი ლავროვი სწორედ ვარშავაში იმსჯელებენ იმ დოკუმენტის ირგვლივ, რომელიც რუსეთიდან თბილისში ახლახან მიიღეს და რომლის შინაარსიც არ გახმაურებულა. მანამდე კი საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ ტონს ოდნავ არბილებს. შეკითხვას, რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით იწყებს თუ არა ორშაბათიდან საქართველოს პარლამენტის დადგენილება სრულად ამოქმედებას, პრეზიდენტის პრეს-სპიკერი უპასუხებს:

[გელა ჩარკვიანის ხმა] “იცით რა, რასაკვირველია პარლამენტის დადგენილება ძალაშია, მაგრამ როდესაც პარალელურად მიდის პროცესი და ამ პროცესმა, შესაძლოა, მოგვცეს შედეგი, ალბათ, შეიძლება ამ პროცესს მივცეთ გაგრძელების საშუალება. “

ზუსტად როგორ აპირებს ხელისუფლება მოლაპარაკების პროცესის ხელშეწყობას? ორშაბათიდან როგორ შევა ძალაში პარლამენტის დადგენილება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანისთვის იძულების ღონისძიებების ამოქმედებას ითვალისწინებს? ამის გარკვევა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კირკიტაძესთან გასაუბრებით ვცადეთ.

[დავით კირკიტაძის ხმა] “უბრალოდ, დენს და წყალს არ გამოვურთავთ, მაგრამ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები შეასრულებენ საკუთარ დავალებებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აღარ გასცემს ვიზებს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებზე. გარწმუნებთ, მთავრობა მზად არის ამისთვის. თუმცა, თუ მოლაპარაკებებში იქნება წინსვლა, პროცესი შეიძლება გადავდოთ რამდენიმე დღით.”

საწყის ეტაპზე რადიკალური ზომები არ გატარდება, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე კანონგარეშედ არსებული სამხედრო ბაზების გაყვანისთვის იძულების ღონისძიებები რომ უსათუოდ ამოქმედდება, ამაში სხვა დეპუტატებიც დარწმუნებულები არიან. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ რუსეთის სამხედროებზე საქართველოს ვიზების გაცემის შეწყვეტა, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიაზე მათ გადაადგილებაზე კონტროლის დაწესება ორშაბათიდანვე დაიწყება. ოდნავ მოგვიანებით პარლამენტი მთავრობისგან ჩაიბარებს ანგარიშს იმის თაობაზე, როგორ ასრულებს ის პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მაგრამ ამ პროცესის დაწყების პარალელურად მხარეებს შორის უნდა შედგეს მოლაპარაკება. სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებაში საქართველოს მხარისთვის ამოსავალია მოთხოვნა, რომელზეც შეთანხმება თითქოსდა შედგა ლავროვის და ზურაბიშვილის ბოლო შეხვედრისას. ამ მოთხოვნის თანახმად, 2008 წლის 1 იანვრისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზები აღარ უნდა არსებობდეს, რუსეთის გენშტაბის მეთაური კი ირწმუნება, რომ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანისთვის მინიმუმ 4 წელია საჭირო.
XS
SM
MD
LG