Accessibility links

logo-print

ქართველი ჯარისკაცები ახალ ამერიკულ პროგრამაში


თბილისის მახლობლად მდებარე კრწანისის

სასწავლო ცენტრი, სადაც ამერიკელი ინსტრუქტორები მესამე წელია წვრთნიან ქართველ რეკრუტებს, არა მხოლოდ ახალი ქართული არმიის მთავარ საწვრთნელ პოლიგონად იქცა, არამედ საქართველოს ხელისუფლების ერთგვარ სავიზიტო ბარათსაც წარმოადგენს. პოლიგონს ხშირად სტუმრობენ უცხოური დელეგაციები, ქართველი პარლამენტარები, ცნობილი საესტრადო მომღერლები თუ ჟურნალისტები. ხალხში ”ამერიკელების ბაზად” წოდებული კრწანისის პოლიგონი გასულ კვირას არ ყოფილა შეტანილი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტის პროგრამაში, თუმცა ამერიკის პრეზიდენტის სტუმრობის დროს არაერთხელ გაესვა ხაზი ქართველი და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ყოფნას ავღანეთსა და ერაყში. და ეს ახალი რეკრუტებიც ხომ კრწანისის პოლიგონზე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის ემზადებიან. ამის შესახებ ისინი მიამბობდნენ ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინ, როდესაც საწვრთნელ ბანაკში მე მათ ერთ-ერთ სადაგ დღეს დავესწარი.

[სროლის ხმა]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სასწავლო ცენტრი მესამე თვეა საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვითარებაში ცხოვრობს. 600-მდე რეკრუტი თითქმის ყოველდღიურად ვარჯიშობს სროლაში, სამწყობრო სიარულში, ხელჩართულ ბრძოლაში, ეუფლება ტაქტიკის ელემენტებს, ქვეითთა სამხედრო ტექნიკას, ნაღმების ამოცნობას და გაუვნებელყოფას, ჩასაფრებას და თავდასხმას, ერთი სიტყვით, როგორც თავად ამბობენ, სწავლობენ თავის გადარჩენასა და გამარჯვებას. ეს ყველაფერი სამხედროსაგან მაღალი დონის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამძლეობას მოითხოვს. შესაბამისად, ახალი - სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის - პროგრამის მონაწილეები საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩნენ, თქვა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში საბრძოლო მომზადების მეთაურმა, კაპიტანმა რომან დოროფეევმა.

[რომან დოროფეევის ხმა] ”იყო სამკვირიანი პროცესი, შერჩევის პროცესი. იმ პროცესში სამედიცინო კომისიამ ”დაბრაკა” თითქმის 20 პროცენტი და 10-მა პროცენტმა კი ვერ გაუძლო. ესე იგი, 100 პროცენტიდან თითქმის 30 პროცენტი ამოირიცხა.” (სტილი დაცულია)

საგარეჯოელმა გიორგი დათუნაშვილმა სამხედრო პროგრამის წინა შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა. მას ამაში გარკვეულწილად დაეხმარა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წელიწადნახევრიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის დროს მიღებული გამოცდილება. ახალ ქართულ-ამერიკულ პროგრამაში მსურველთა შერჩევის შესახებ გიორგიმ სატელევიზიო რეკლამის საშუალებით შეიტყო. მშობლებს კი ემადლიერება, რომ მის მისწრაფებას გაგებით შეხვდნენ:

[გიორგი დათუნაშვილის ხმა] ”ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებას დაეთანხმა. უბრალოდ, ხელი არ შემიშალეს და რა ცხოვრებაც ავირჩიე, იმ ცხოვრებაზე გამიშვეს. ყველას თავისი მისწრაფება აქვს, მე ჩემი მისწრაფება ავირჩიე.” (სტილი დაცულია)

ქართველ რეკრუტებს ამერიკელი საზღვაო ქვეითების მეთოდოლოგიით წვრთნიან, საწვრთნელი პროგრამის დაგეგმარებას, დღის წესრიგის შედგენას და მისი მიმდინარეობის შესრულებას თვალს ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ადევნებენ. პირად შემადგენლობასთან კი უშუალოდ ქართველი სერჟანტები და მეთაურები მუშაობენ. წვრთნები ნებისმიერი ამინდის პირობებში ტარდება, რათა მომავალი პროფესიონალი ჯარისკაცები წვრთნის პროცესშივე შეეჩვიონ ექსტრემალურ პირობებს. წვიმაში, თოვლში, ყინვასა თუ პაპანაქება სიცხეში ფიზიკური დატვირთვა აქ არ მიაჩნიათ ჯარისკაცის დასჯად, ერთგვარ ფიზიოთერაპიად, რაც, ჩვეულებრივი სამხედრო ნაწილის შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანის უფლების დარღვევად ჩათვლილიყო. საკუთარი ხელქვეითების ამ მოტივაციას ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხელჩართული ბრძოლის ინსტრუქტორი სერჟანტი, რომელიც გაგვეცნო მეტსახელით ”ბინგო”.

[ინსტრუქტორის ხმა] ”მოტივირებულები არიან ძალიან. პრობლემა არ არის. უხარიათ და მონდომებულები არიან. არ სცივათ. თხლად აცვიათ, მაგრამ მაინც უძლებენ ყველაფერს.”

თუმცა, სასწავლო პროცესი კრწანისის პოლიგონზე მხოლოდ ხელჩართული ბრძოლის ელემენტებისა და საცეცხლე მომზადებისაგან არ შედგება. რეკრუტებში დისციპლინა რომ ამაღლდეს, ქართულ-ამერიკულ სამხედრო პროგრამაში საკმაოდ დიდი დოზითაა შეტანილი სამწყობრო მომზადება, რაც ყველა ქვეყნის ჯარში მოსაწყენ რუტინად ითვლება. მაგრამ მომავალი პროფესიონალები ვალდებულები არიან აქაც მონდომება გამოიჩინონ, რადგან საბოლოო შეფასებებზე გამართული სამწყობო ნაბიჯიც ახდენს გავლენას და სამეთაურო ხმაც.

[სერჟანტის და ჯარისკაცების ხმა] ”გათვლა! ერთი და ორი! /გამარჯობათ, ბატონებო!/ - გაუ-მარ-ჯოს! /კარგად პასუხობთ!/ - ვემსახურებით საქართველოს! /ხმამაღლა, უფრო ხმამაღლა! უნდა იყვიროთ, ბატონებო! ”

ქართულ-ამერიკულ სამხედრო პროგრამაში ჩართული სამხედრო კონტინგენტი არამხოლოდ ოფლს ღვრის. კრწანისის პოლიგონი, რომელიც სულ რაღაც ოთხი წლის წინ ძველი საბჭოთა ტექნიკის ერთგვარ სასაფლაოს წარმოადგენდა, ამერიკელების დახმარებით ახლა უმაღლესი სტანდარტების სამხედრო ბანაკს წარმოადგენს - საველე სასადილოებით, დასასვენებელი კუნგებით, საშხაპეებით, სასწავლო ოთახებითა და სპორტული მოედნით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ”სტაბილურობის შენარჩუნებისა” და მისი წინამორბედი ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის დასაფინანსებლად ამერიკის მთავრობამ 100 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო. მაგრამ შეირგებს და მოიხმარს თუ არა ამ დახმარებას საქართველო, ეს უკვე სამხედროებსა და მათ მეთაურებზეა დამოკიდებული. მომავალი პროფესიონალი სამხედროების მომზადება პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ხშირად მიდის ჯარისკაცებთან, ხოლო ზოგჯერ, რაც, შესაძლოა, არაბუნებრივი იყოს სამოქალაქო თავდაცვის მინისტრისათვის, პირადად მონაწილეობს სამხედროების წვრთნის პროცესში. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს ირაკლი ოქრუაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ მომავალში ქართულ-ამერიკული პროგრამით მომზადებული ჯარისკაცები, ქართული დროშით, საერთაშორისო კონფლიქტებში მიიღებენ მონაწილეობას.

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა]

იმასთან, რომ სამხედრო ცოდნის გამოყენება საქართველოს საზღვრებს გარეთ მოუწევთ, ქართულ-ამერიკული პროგრამის მონაწილეები შეგუებულნი არიან, თუმცა ვერაფრით გაიგებთ, განიცდიან თუ არა ამას. თავიანთი მომავალი მისიის შესახებ ჯარისკაცებს, ძირითადად, ასეთი პასუხი აქვთ:

[ჯარისკაცების ხმა] ”ჯარისკაცი მოქმედებს კომანდით.”

ქართველმა ჯარისკაცებმა ამ დღეებში ისიც გაიგეს, რომ საბრძოლო ცოდნის დემონსტრირება მათ არ მოუწევთ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში. ვისაც ამაში ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდა, ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტმა საბოლოოდ უნდა გაუფანტოს ეს ეჭვი. ამერიკის, საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, პრეზიდენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანად მოაგვაროს ურთიერთობა სეპარატისტული რეგიონების ლიდერებთან. კიდევ უფრო კონკრეტული იყო სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკული დახმარება არ უნდა იქნეს გამოყენებული შიდა კონფლიქტების გადასაჭრელად.
XS
SM
MD
LG