Accessibility links

logo-print

ბუშის ვიზიტმა საქართველოში საინვესტიციო მოლოდინი გაამძაფრა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ჯორჯ ბუშის ისტორიულმა ვიზიტმა საქართველოში, უდავოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის გარდა, გააჩინა მოლოდინი,

რომ აშშ-ის პრეზიდენტის მკაფიოდ გამოკვეთილი კეთილგანწყობის ჟესტი ეკონომიკურ პროცესებზეც იქონიებს ადეკვატურ გავლენას.

ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი ამა თუ იმ ქვეყანაში აპრიორი ნიშნავს ამ ქვეყნის მედიის, პოლიტიკური თუ ფინანსური ისტებლიშმენტის ყურადღების არეალში მოქცევას, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის შემთხვევაში ეს ყურადღება, რასაკვირველია, უფრო მასშტაბურია. ამდენად, ბუშის ვიზიტი საქართველოსათვის, გარდა იმ პოლიტიკური გზავნილებისა, რაც თბილისში და შემდგომ, მოგვიანებით, ვაშინგტონში გაჟღერდა, დამატებით, ქვეყნის, ხალხის, კულტურის, ფაქტობრივად, უფასო რეკლამას წარმოადგენს. რეკლამა კი, მოგეხსენებათ, თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკური პროცესების მამოძრავებელია. შესაბამისად, პოლიტიკურთან ერთად, ეკონომიკური სარგებელობის მოლოდინი ქართული ხელისუფლებისა არცთუ უსაფუძვლოა. ეს მოლოდინი განსაკუთრებით საინვესტიციო აქტივობასთან არის დაკავშირებული. თუმცა კაპიტალს - და, მათ შორის, ბუნებრივია, ამერიკულ კაპიტალს - აქვს თავისი სპეციფიკური თვისება: ინვესტიცია, მართალია, გარკვეულწილად, პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული, მაგრამ მისი მთავარი მასტიმულირებელი ეკონომიკური სარგებლიანობაა. ანუ ამ შემთხვევაშიც ლოგიკურად მივდივართ ბიზნესგარემოსთან და იმ საინვესტიციო კლიმატთან, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში არსებობს.

საერთოდ, საქართველო ბუშის ვიზიტამდეც განებივრებული იყო ამერიკის ადმინისტრაციის ყურადღებით. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჩვენი ხელისუფლება შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ სიამაყით არ აღენიშნ, ამ მხრივ, საქართველოს განსაკუთრებულობა და ის, რომ ქვეყანა, აშშ-ის მხრიდან ერთ სულ მოსახლეზე მიღებული დახმარების ოდენობით, ლიდერი სახელმწიფო იყო. მართლაც, ბოლო რვა წლის განმავლობაში აშშ-ის მთავრობამ საქართველოში მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, თუმცა ეს თანხა არ გახლდათ ინვესტიცია და უფრო ინფრასტრუქტურული დახმარების ფორმა ჰქონდა. რაც შეეხება ჩვენი ეკონომიკისათვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან მახასიათებელს, კაპიტალდაბანდებებს, ამ მხრივ, შეერთებული შტატების მსხვილი კაპიტალის სერიოზული აქტიურობა 1998 წელს თბილისის ელექტროგამანაწილებელი სტრუქტურის, ”თელასის”, შესყიდვით შემოიფარგლა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ”ეი-იე-ეს კორპორეიშენის” 25 მილიონიანი გარიგება 2005 წლამდე საქართველოში განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციად ითვლებოდა, ამერიკულმა კორპორაციამ ქართულ ბაზარზე დიდხანს ვერ მოიკიდა ფეხი, თავისი ბიზნესი თბილისში დატოვა და, რაც უნდა სიმბოლური იყოს, ”თელასი” რუსულ ენერგოგიგანტს, ”რაო ეესს”, ”გადააბარა”.

ამერიკული ინვესტიციების სიმწირეს საქართველოში ეკონომიკური ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ობიექტური ფაქტორებით ხსნის, რაც, ფაქტობრივად, უნივერსალური მიზეზებია, საერთოდ, უცხოური კაპიტალდაბანდებების დეფიციტის ასახსნელად:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] ”პირველი მიზეზი, რაც დღესაც რჩება, ეს არის ის, რომ არ არსებობს ნორმალური ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტები, რომლებიც პირდაპირ ვარგისი იქნებოდა ინვესტიციისთვის და ეს დღესაც ასეა - ფული არის, მაგრამ რაში ჩაიდოს ეს ფული, გაუგებარია. მეორე ის, რომ აშშ არ აზღვევდა ამ ინვესტიციებს, ხოლო საბანკო განაკვეთები საქართველოსთან მიმართებაში იყო ძალიან მაღალი - უზომოდ უმაღალი.”

ამ ფაქტორების მიუხედავად, თვალჭრელიძე ფიქრობს, რომ ბუშის ვიზიტი სიტუაციას რადიკალურად შეცვლის, რადგან ზესახელმწიფოს ლიდერის სტუმრობა არ არის ორდინალური მოვლენა და ეს ერთგვარი სიგნალია ფინანსური წრეებისათვის, მით უმეტეს, თუ აშშ-ის პრეზიდენტის კეთილგანწყობის ჟესტს კონგრესის მხარდაჭერაც მოჰყვება, რაც, სავარაუდოდ, ასეც იქნება. თუმცა ამ შემთხვევაშიც მთავარი აქაური გარემო იქნება, რომელიც ადაპტირებული და მისაღები უნდა იყოს ამერიკული თუ სხვა ქვეყნის კაპიტალისათვის. თუ ინვესტიციები გაიზარდა, ამაში, შესაძლოა, იყოს გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის ნიშნები, მაგრამ შეუძლებელია ვინმე აიძულო ჩადოს ფული იქ, სადაც მისი უკუგების გარანტია მწირია, - ფიქრობს სანდრო თვალჭრელიძე:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] ”პოლიტიკური ჟესტი მთავრობის მხრიდან შეიძლება იყოს, მაგრამ აიძულო ინვესტორი ფული ჩადოს იმაში, რაშიც არ უნდა, შეუძლებელია. ამიტომ ეს იქნება ინვესტიციები, რომელსაც აქვს გეო-ეკონომიკური მნიშვნელობა, მაგრამ, ამავე დროს, ალბათ, მომგებიანი იქნება ინვესტორებისთვისაც.”

აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი თბილისური ვიზიტით, სხვასთან ერთად, ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკისთვისაც, შექმნა კეთილგანწყობილი ფონი. ამ ფონის სასიკეთოდ გამოყენება კი, საბოლოოდ, მხოლოდ ჩვენს კეთილგონიერებაზე იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG