Accessibility links

logo-print

კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 11 მაისს გაიხსნა


კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 11 მაისს გაიხსნა,

დიდი ხნის შემდეგ კვლავ უჩვენებენ ქართულ ფილმს. მართალია, ლევან ზაქარეიშვილის სურათი ”თბილისი-თბილისი” კონკურსში არ ჩაურთავთ, რეტროსპექტივა, სახელწოდებით ”15 რეჟისორი”, რომლის პროგრამაში შევიდა ქართული ფილმი, არანაკლებ პრესტიჟულია, ვიდრე კონკურსი - თუნდაც იმიტომ, რომ ამ რეტროსპექტივაში ჩართული ფილმები ”მომავლის კინოხელოვნებადაა” მიჩნეული და უამრავი კინოკრიტიკოსი ”თხუთმეტი რეჟისორის” პროგრამას მეტი ინტერესით ელის, ვიდრე კანის კინოფორუმის კონკურსს, სადაც ბოლო დროს ავტორიტეტული სახელები უფროა წარმოდგენილი, ვიდრე საინტერესო ფილმები. წელს ”თხუთმეტი რეჟისორის” პროგრამაში ფრანგულ ფილმებთან ერთად ჩართეს იაპონელი, ირანელი, სინგაპურელი, ავსტრალიელი რეჟისორების ფილმები.

პროგრამა ”თხუთმეტი რეჟისორი” კიდევ ერთი თავისებურებით გამოირჩევა. მისი ორგანიზატორები კანის ფესტივალის გახსნამდე დიდი ხნით ადრე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ და ტალანტებს ეძებენ. ამ მიზნით ჩამოვიდა შარშან თბილისში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ”თხუთმეტი კინორეჟისორის” ერთ-ერთი დამაარსებელი, კინოკრიტიკოსი პიერ-ანრი დელო, რომელმაც შემთხვევით ნახა ლევან ზაქარეიშვილის ფილმის გაუხმოვანებელი მასალა. ფილმით აღფრთოვანდა და პირადად სთხოვა ზურაბ ჟვანიას დაინტერესებულიყო, რატომ ვერ ხერხდება ”თბილისი-თბილისის” დასრულება.

კანის კინოფესტივალზე გამგზავრების წინ ლევან ზაქარეიშვილი რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროში გვესტუმრა და თავად გვიამბო ამ ფილმის ბედზე:

[ლევან ზაქარეიშვილის ხმა] ”ფილმის გადაღება კინოსტუდიაში დაიწყო, მერე კინოსტუდია განადგურდა და პირველი მასალა, რომელიც, ფაქტობრივად, დასრულებული ფილმი იყო, გადაიყარა და სად ყრია ახლა ის მასალა, ღმერთმა უწყის... მერე იყო აბსოლუტური გაჩერება, მერე შეიქმნა კინოცენტრი... 2001 წელს უკვე გადაღებული მქონდა ფირი, მაგრამ სამი წელიწადი იდო, იმიტომ რომ გახმოვანების ფული არ დარჩა.”

ლევანის თქმით, ფილმის გადაღება კინოცენტრის დახმარებითა და მისი მეგობრების ფულით დასრულდა... თუმცა რომ არა ფრანგი კინოკრიტიკოსის დაინტერესება, სურათი კიდევ დიდხანს ვერ დასრულდებოდა. საქართველოს კულტურის, ტურიზმისა და სპორტის მინისტრის გიორგი გაბაშვილის რეკომენდაციით, გახმოვანების, ფირის გამჟღავნებისა და სუბტიტრების თანხა გამოყო ბადრი პატარკაციშვილმა, ეროვნული კინოცენტრი კი ლევან ზაქარეიშვილს კანის კინოფესტივალზე გამგზავრებაში დაეხმარა... ასე რომ, 18 მაისს მსოფლიოს ნომერ პირველ კინოფორუმზე 13 წლის შემდეგ ისევ ნახავენ საქართველოში გადაღებულ ფილმს...

სხვათა შორის, 13 წლის წინ ისევ ლევან ზაქარეიშვილი და მისი ფილმი ”ისინი” იყო წარმოდგენილი ”თხუთმეტი რეჟისორის” პროგრამაში. დღეს ლევანი ამბობს, რომ ქართული პრესა არც მაშინ დაინტერესებულა მისი ფილმის საერთაშორისო პრემიერით და ვერც დღეს ხედავს ამ დაინტერესებას.

”თბილისი-თბილისის” პრემიერა ერთი თვის წინ შედგა კინოთეატრ ”ამირანში”. შედგა წარმატებით, მაყურებელმა ფეხზე ადგომით მოუწყო ოვაციები რეჟისორს, მაგრამ ქართული კრიტიკა დუმს, სურათის საერთაშორისო პრემიერას არ ეხმაურებიან არც ხელისუფლების წარმომადგენლები და არც ბიზნესმენები. ამიტომაცაა, ალბათ, რომ ფრანგულ ინტერნეტსაიტებზე ”თბილისი-თბილისის” შესახებ ინფორმაცია ძალზე მწირია. ლევანი კანში ჩადის ფილმის სარეკლამო რგოლების, კატალოგების გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ მისი ფილმის ბედი ძალიან ჰგავს თავად სურათის პერსონაჟის ბედს - ”თბილისი-თბილისი” ხომ გვიამბობს ახალგაზრდა რეჟისორზე, რომელმაც ვერა და ვერ დაასრულა თავისი ფილმი, ყველაფერთან ერთად, იმიტომ, რომ არ იცოდა ან არ მოისურვა, როგორც ლევან ზაქარეიშვილი ამბობს, ”ფულიან ხალხთან” ურთიერთობა:


[ლევან ზაქარეიშვილის ხმა] ”ფულიანი ხალხი რაღაცით უნდა დააინტერესო. დასავლეთში, მაგალითად, თევზის მწარმოებელი როცა აკეთებს ფესტივალს, მას სახელმწიფოც ეხმარება. აქ არავითარი შეღავათი არა აქვს ფულიან ხალხს.”


ლევან ზაქარეიშვილი გულნატკენია თავისი კოლეგებისგანაც. ამდენი ხნის პაუზის შემდეგ ქართული ფილმი კვლავ გასცდა ქვეყნის საზღვრებს, მაგრამ კინემატოგრაფისტთა წრეებში უკვე დაიწყო ”თბილისი-თბილისის” წარმატების, რბილად რომ ვთქვათ, ”ინტერპრეტაცია”. ჩვენს კითხვაზე, გრძნობს თუ არა სიხარულს, კმაყოფილებას, სტიმულს თავისი კოლეგებისგან, ლევანი ასე გვიპასუხებს:

[ლევან ზაქარეიშვილის ხმა] ”ვერანაირს. ის კი არა, ის ხალხიც დავკარგე, ვისაც რაღაცნაირი კონტაქტი ჰქონდა ჩემთან. ისეთ ჭორს მოგიგონებენ, ისეთ რაღაცას მოგაკრავენ... - ეს ხომ დიდი სოფელია.
საქართველო ისეთი პატარაა, რომ... არა მგონია, მაგალითად, რომ ბუში იცნობდეს ჯარმუშს, ამ მთავრობას კი ყოველთვის ჰყავდა თავისი ფავორიტები. მე კი ვერც ერთი მთავრობის ფავორიტი ვერ გავხდი და ვერც გავხდები, იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი საქმე, ფავორიტობას კი სხვა ენერგია სჭირდება... ამიტომ ვეცდები ყველანაირად ეს ფილმი გავყიდო და ჩემი ფულით გადავიღო ფილმი.”

არადა, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ”თბილისი-თბილისი” აუცილებლად გაიყიდება. ბოლო დროის ქართულ კინოში ლევან ზაქარეიშვილის სურათი, შესაძლებელია, ერთადერთია, რომელიც 90-იანი წლების საქართველოს მხატვრულ სურათს ქმნის... კი, არა ერთი სხვა ფილმიც გადაღებულა სოციალურ თემაზე, მაგრამ იმ სურათებში პუბლიცისტური პათოსი სახიერებას აშკარად ჩაგრავდა... ”თბილისი-თბილისი” კი იმით გამოირჩევა, რომ აქ ძლიერია ფონი, არის დასამახსოვრებელი სახეები, დეტალები. დღეს, როცა დასავლეთში აშკარად იზრდება საქართველოს მიმართ ინტერესი, ”თბილისი-თბილისი” შეიძლება გადაიქცეს ჩვენი უახლესი ისტორიის მხატვრულ სახედ; სურათი, რომლის მოქმედება თითქმის მთლიანად ბაზრობაზე ხდება, სადაც ვერ იხილავთ დედაქალაქის სტერეოტიპულ პეიზაჟებს, ქართულ კინოს იმ სამყაროს უბრუნებს, რომელიც წლების მანძილზე განდევნილი იყო ჩვენი კულტურიდან - სამყაროს მარგინალებისა... მარგინალებად კი ჩვენს ქვეყანაში იქცნენ არა მარტო ქურდბაცაცები, მათხოვრები, ლტოლვილები , ე.ი. ”თბილისი-თბილისის” პერსონაჟები, არამედ ის ხალხიც ”ჩამოწერეს”, რომელიც აქ ოდესღაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა - თუნდაც ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, დრამატურგიის მასწავლებელი, თეატრალური ინსტიტუტის ყოფილი პროფესორი, რომელიც დღეს იძულებულია ბაზარში ივაჭროს.

ჩვენი საუბრის დასასრულს ლევანს ვკითხეთ, რას ელის იგი კანის ფესტივალისგან, არის თუ არა ეს წარმატება მისთვის სტიმული ახალი კინოპროექტების განსახორციელებლად.

[ლევან ზაქარეიშვილის ხმა] ”მე ვთვლი, რომ რეჟისორი იქ მთავრდება, როცა იჯერებს, რომ რაღაც შედევრი გადაიღო. ესეც ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, კიდევ უნდა გადავიღო და...”(სტილი დაცულია)

ქვეყანაში გარემო ნელა, მაგრამ მაინც იცვლება. არ არის გამორიცხული, რომ ცოტა ხანში, იმ ბაზრობის ნაცვლად, რომელიც ახალი ქართული ფილმის მთავარი მხატვრული სახეა, დიდი სუპერმარკეტები ვიხილოთ.დაკარგავს თუ არა ამით ახალი ქართული ფილმი აქტუალურობას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელი გახდება უკვე 18 მაისს, ”თბილისი-თბილისის” საერთაშორისო პრემიერაზე, კანში... მსოფლიოს ნომერ პირველ კინოფესტივალზე საბოლოოდ გაირკვევა, რა არის ახალი ქართული ფილმი - საქართველოს უახლესი ისტორიის მხატვრული ასახვის ცდა თუ მხატვრული ნაწარმოები, რომელზედაც დრო არ იმოქმედებს და რომელიც ყველა ქვეყნის მაყურებელს ააღელვებს.
XS
SM
MD
LG