Accessibility links

logo-print

გაისად თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი ამოქმედდება


საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მრავალი მითქმა-მოთქმის შემდეგ თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისთვის

გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაასახელა. ეს არის თურქული, ლუქსემბურგული და ამერიკული 3 კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი. ამ კონსორციუმმა 62 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების პირობა დადო და უკვე გადაიხადა ეგრეთ წოდებული საგარანტიო თანხა, 10 პროცენტი.

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის იდეა რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წამოაყენა. მანვე დავალება მისცა მთავრობას, რომ საქართველოს საჰაერო კარიბჭე რაც შეიძლება მოკლე ხანში უნდა აშენებულიყო. როგორც ჩანს, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სააკაშვილის დავალება დიდი მონდომებით შეასრულა და 16 მაისს მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა გამოაცხადა, რომ დაახლოებით 1 წლის შემდეგ თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი ამუშავდება.

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”ყველაზე საუკეთესო პირობები წარმოადგინა ”ჩელების”, ”ჯი-ტი-ესის”, ”ეი-ენ-ჯეის” კონსორციუმმა, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგს: ყველაზე მოკლე მშენებლობის ვადას. ანუ მშენებლობა განხორციელდება 11 თვის განმავლობაში, მომავალი წლის მაისისთვის მშენებლობა იქნება დასრულებული. მეორე კრიტერიუმი - ეს გახლავთ მშენებლობის მართვის და გადაცემის ვადა - ეს გახლავთ ათწელიწადნახევრიანი. და მესამე კრიტერიუმი - ეს გახლავთ თვითონ ტერმინალის გაფართოების პერსპექტივა.” (სტილი დაცულია)

ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამოფენილი სურათების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მიმზიდველად გამოიყურება გამარჯვებული კონსორციუმის მიერ შემუშავებული აეროპორტის დიზაინიც. მის მიერ აშენებული საჰაერო კარიბჭე 10 წლის შემდეგ გადავა სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა ამ ხნის მანძილზე არ მოხდება აქამდე არსებული ტარიფების გაძვირება. სახელმწიფო კი 10 პროცენტიან მოგებას მიიღებს.

სხვა პრეტენდენტ კომპანიებს ასეთი წინადადებები არ ჰქონიათო, - აცხადებენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, თუმცა ასე არ ფიქრობს ერთ-ერთი პრეტენდენტის, ”ტაკომის”, წარმომადგენელი, ადვოკატი გოჩა სვანიძე. მან განაცხადა, რომ ჩივილი ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მაგრამ ამასაც არ გამორიცხავენ, რადგან საკუთარ სატენდერო წინადადებას უფრო ხელსაყრელად მიიჩნევენ.

[გოჩა სვანიძის ხმა] ”ტაკომს” არანაირი პრეტენზიული მიდგომა არ ჰქონდა. ამათ სახელმწიფო გარანტიებიც მოითხოვეს მომავალში. მეორეც, ფინანსური გარანტია “ეი-ენ-ჯიზე” გაზეთშიც ვნახე და ინტერნეტშიც. არავინ არ იცის, რა კომპანიაა. საეჭვოა ბევრი რამ, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.”

ამ ეჭვების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ გამარჯვებული კონსორციუმი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს და 2006 წლის მაისისთვის თანამედროვე სტანდარტების მქონე აეროპორტს აამუშავებს - ისეთს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავის მსგავს მძიმეწონიან თვითმფრინავებს, ძრავების გამორთვის გარეშე, თავისუფლად მიიღებს და 1 საათის მანძილზე 1500- 2000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ეკონომიკის ექსპერტის ნიკო მჭედლიშვილის კომენტარი:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”დღევანდელი აეროპორტი - ის შენობა, რომელიც არსებობს - სავსებით საკმარისია მგზავრთა იმ ნაკადისთვის, რომელიც არსებობს. თუმცა მომავალში რა გათვლები აქვს მთავრობას, არ ვიცი. ალბათ, ფიქრობენ, რომ მგზავრთა ნაკადი გაიზრდება ეკონომიკურ აქტივობასთან ერთად.” (სტილი დაცულია)

2004 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 28 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2005 წლის პირველ კვარტალში - 32 პროცენტით.
XS
SM
MD
LG