Accessibility links

logo-print

რელიგიური შეუწყნარებლობის რეციდივი საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი ხელისუფლების შეცვლას საქართველოში, როგორც ჩანს, არ მოჰყოლია საზოგადოების მკვეთრი ცვლილება. საქართველოს მოქალაქეთა ნაწილში დღესაც ღვივის სულისკვეთება,

შევარდნაძის ეპოქის დროს რომ გააჩინეს: ამჯერად ვგულისხმობთ რელიგიურ შეუწყნარებლობას, რომელიც ბასილ მკალავიშვილისა და მისი თანამოაზრეების გასამართლების შემდეგ თითქოს უნდა მინავლებულიყო. მართლაც, 2003 წლის ნოემბრის შემდეგ საქართველოში თითქმის არაფერს ამბობდნენ მცირე რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაციაზე, მაგრამ ასეც არ იყო საქმე. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გიამბეთ ორმოცდაათიანელთა რელიგიური ჯგუფის შევიწროებაზე. ორმოცდაათიანელებს ინციდენტი შეემთხვათ წელსაც, 28 აპრილს: მათ ღვთისმსახურება არ დაანებეს. საქმეში პოლიციისა და სახალხო დამცველის ჩარევის მიუხედავად, ორმოცდაათიანელები დააბრკოლეს გასულ შაბათსაც.

სახალხო დამცველი, რომელიც აპრილის ბოლოს ჩაერთო ორმოცდაათიანელთა პრობლემის მოგვარებაში, განუმარტავდა მათი ღვთისმსახურების დამაბრკოლებელ მოქალაქეებს, რაოდენ არამართლზომიერი იყო ქმედება, ხელი შეეშალათ ადამიანთა შეკრებისა და რელიგიური რიტუალის ჩატარებისათვის. მაგრამ, ჩანს, ბევრი ვერაფერი გააგებინა.

საბედნიეროდ, ამ ჯერზე საქმე ფიზიკურ შეურაცხყოფამდე არ მისულა. ორმოცდაათიანელები წირვას თავიანთი ხუცესის, ნიკოლაი კალუცკის, სახლში ესწრებიან. წირვის ჩატარების მოწინააღმდეგენი თავს მართლმადიდებლებად რაცხავენ და ცდილობენ, მორწმუნეები არ მიუშვან ხუცესის სახლთან. ასე იყო გასული წლის ნოემბერში, ეს გააკეთეს აპრილის მიწურულს, იმასვე ცდილობდნენ ახლაც, მაგრამ არ გამოუვიდათ. მოტივი ერთია: ხუცეს კალუცკის სახლისკენ მიმავალი ორმოცდაათიანელები მართლმადიდებელ მეზობლებსა და მრევლის წევრებს ხელს უშლიან, რადგან მორწმუნეები თითქოს გაჰყვირიან და ხმაურობენ ღვთისმსახურების დროს.

როდესაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ხელს უშლის მოქალაქეთა მეორე ჯგუფს, მოახდინოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების - სინდისის თავისუფლებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების - რეალიზება, ამ დროს საქმეში სამართალდამცავი სამსახურები უნდა ჩაერთონ. ბევრს ახსოვს, რა ხდებოდა ამ მხრივ შევარდნაძის დროს: პოლიცია, არსებითად, ხელს აფარებდა და წაახალისებდა რელიგიურ ექსტრემისტებს. 28 აპრილის ინციდენტის შემდეგაც პოლიციამ არ შეადგინა ოქმი, არ დაადგინა აქციის ინიციატორები, არ დააპატიმრა კანონის დამრღვევები და, შესაბამისად, არც საქმე აღუძრავს მომხდარის გამო.

ამ საქმის გახმაურებამ გარკვეული შედეგი გამოიღო. შეგიძლიათ თავად ორმოცდაათიანელთა ხუცესს, ნიკოლი კალუცკის, მოუსმინოთ:

[კალუცკის ხმა] “პარასკევს, პრინციპში, მოგვცეს ნება, ჩაგვეტარებინა ღვთისმსახურება. პოლიციამ დერეფანი გაგვიკეთა და წირვა ჩავატარეთ. შაბათს, გაუგებარია, რატომ შეიკრიბა ადამიანთა დიდი ჯგუფი ჩემს სახლთან - შაბათს წირვა არ გვქონია. კვირას, წირვის მსვლელობისას, პოლიციამ უზრუნველყო უსაფრთხოება - იყვნენ პოლიციელები, იყო საპატრულო მანქანები და ღვთისმსახურებამაც წყნარად, ნორმალურად ჩაიარა, არავის დავუბრკოლებივართ.”

ქართული პოლიციის ისტორიაში ეს სიახლეა: პოლიციელები უზრუნველყოფენ მცირე რელიგიური ჯგუფის წევრთა უფლებას, როგორც ეს ერთ კანონპროექტში ეწერა, დაიკმაყოფილონ თავიანთი რელიგიური მოთხოვნილებანი. კვირას, 15 მაისს, პოლიცია არავის გამოუძახია ორმოცდაათიანელთა შესაკრებელ ადგილას - პოლიციამ იცოდა, რომ წირვა ტარდებოდა და თავად მივიდა იქ.

ეს უკვე შედარებით მეტი დემოკრატიის ნიშანია: მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ, არ მოსწონდეთ ორმოცდაათიანელები, მაგრამ თუ თავიანთ ანტიპათიას საჯაროდ გამოხატავენ და მორწმუნეებს კონსტიტუციურ უფლებებს შეულახავენ, მათ სახელმწიფო უნდა გამოექომაგოს. 13 და 15 მაისს ეს პირველად მოხდა საქართველოში, მოხდა იმის მიუხედავად, რას ფიქრობდნენ პოლიციელები მცირე რელიგიურ ჯგუფზე. ჩანს, პოლიციის მიერ საკუთარ მოვალეობათა გაცნობიერება-შესრულებას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე საზოგადოების მისვლას რელიგიურ შემწყნარებლომაბდე.
XS
SM
MD
LG