Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთზე ზეწოლის ვარიანტს სთავაზობს


რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული დაძაბული ვითარების ფონზე, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი სპეციალური დადგენილების პროექტს ამზადებს.

მისი ავტორი კონსერვატორები დარწმუნებულნი არიან, რომ დსთ-დან საქართველოს გამოსვლა და ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის შეწყვეტა რუსეთზე ზეწოლის კარგი საშუალება იქნება. თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე მსგავსი დადგენილების მხარდაჭერა სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს.

მაშინ, როდესაც დსთ-ის ამჟამინდელი ფორმით არსებობასთან დაკავშირებულ ეჭვს უკვე რუსეთიც საჯაროდ გამოხატავს, ამ ორგანიზაციიდან საქართველოს გამოსვლის თემა კვლავ პოპულარული ხდება, თუმცა ამჯერად თანამეგობრობის დატოვებას თბილისის მიერ მოსკოვზე ზეწოლის ბერკეტად მოიაზრებენ. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს მისი კონსერვატორი დეპუტატები სწორედ ამ შინაარსის დადგენილების პროექტს უმზადებენ:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] "ამ სივრცეს მეტ-ნაკლებად აკონტროლებს რუსეთის სახელმწიფო და დსთ-დან კიდევ ერთი ქვეყნის გასვლა იქნება ის, რომ მისი კონტროლი ამ პოსტსაბჭოთა სივრცეზე კიდევ უფრო შესუსტდება. ამიტომ ეს არის გარკვეული ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე.” (სტილი დაცულია)

დეპუტატ ზვიად ძიძიგურის განმარტებით, “კონსერვატორთა” პროექტი, რომელსაც კონსერვატორები ამზადებენ, წარმოადგენს კონკრეტულ ვარიანტს, თუ როგორ უნდა განახორციელოს საქართველოს ხელისუფლებამ ზეწოლა რუსეთზე, მისი სამხედრო ბაზების დახურვის მიზნით.
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს კოტე გაბაშვილს მიაჩნია, რომ, რუსულ ბაზებთან დაკავშირებული ისედაც დაძაბული სიტუაციის ფონზე, დსთ-დან საქართველოს გამოსვლის საკითხის დასმა ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს:

[კოტე გაბაშვილის ხმა] "ის, რომ დსთ თავისთავად სულისმღაფველ მდგომარეობაშია, ეს ყველამ ვიცით. ის, რომ არანაირ მოვალეობას და ვალდებულებას ის არ გვაკისრებს, ესეც ვიცით, მაგრამ მე მინდა, რომ ჩვენმა მსმენელმა, ისევე როგორც ჩვენმა კოლეგებმა, კარგად გააანალიზონ, რომ კონსერვატიზმი სწორედ კარგი იქნება ამ ვითარებაში.” (სტილი დაცულია)

ერთადერთი, რასაც კონსერვატორები საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ, დსთ-ის წევრობაზე უარის თქმა არ არის. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში 70-მა დეპუტატმა პრეზიდენტ სააკაშვილს დაგომისის ხელშეკრულების დენონსაციის ინიციატივით მიმართა. 90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოსა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი ამ დოკუმენტის საფუძველზე, ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.
დეპუტატთა ინიციატივისთვის პრეზიდენტს პასუხი არ გაუცია, რის გამოც ზვიად ძიძიგური სასამართლოში ჩივილს აპირებდა და მიხეილ სააკაშვილის დუმილის გამო პროტესტს ამჟამადაც გამოთქვამს:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] "ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი გეგმა ისევ იგივე იქნება - დაგომისის ხელშეკრულების გაუქმება, ასევე იმ ხელშეკრულებების დეზავუირება, რომელიც 94-95 წლებში დაიდო სოჭსა და ჟენევაში და რომლის საფუძველზეც არსებობენ რუსული სამშვიდობოები აფხაზეთში, კონფლიქტის ზონაში. და, ამავე დროს, მოვითხოვთ დსთ-იდან ქვეყნის გამოყვანას.” (სტილი დაცულია)

ერთმანეთში სხვადასხვა საკითხთა აღრევას დაუშვებლად მიიჩნევს კოტე გაბაშვილი, რომელიც განმარტავს, რომ თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლა სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით კრიზისს გამოიწვევს:

[კოტე გაბაშვილის ხმა] "მშვიდობისმყოფელები აფხაზეთში გაეროს მანდატით დგანან და მანდატი გაერომ მისცა დსთ-ს. აი, დსთ-ის მანდატს ასრულებს ახლა რუსეთი. ჩვენ თუ პრაქტიკულად დავშლით ამ მანდატის ჩვენთან მიმართების საკითხს, მაშინ ძალიან რთული გახდება ამ რუს სამხედროებთან სამართლებრივი ურთიერთობა. ახლა არსებული საშუალება მათთან ურთიერთობისა, როგორიც არის სწორედ დსთ-ს ფორმატი და მათი შესაძლო გამრავალფეროვნება დსთ-ს სხვა წარმომადგენლებით, აი, ეს იქნება ხელიდან გაშვებული.” (სტილი დაცულია)

საკუთარი დადგენილების პროექტს კონსერვატორები უახლოეს ხანში გამოაქვეყნებენ. პარლამენტში ამ საკითხის განხილვისას მათ მხარს დაუჭერს მემარჯვენე ოპოზიცია, რომელიც დსთ-იდან საქართველოს გამოსვლას და სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის შეწყვეტას რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული დადგენილების დამტკიცების დღიდან მოითხოვს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG