Accessibility links

logo-print

16 მაისიდან ძალაში შევიდა რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დადგენილება


16 მაისიდან ძალაშია საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე კანონგარეშედ არსებული სამხედრო ბაზების იძულებით გაყვანის რეჟიმს აწესებს.

ამ დადგენილების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით შედარებით რბილი ზომების ამოქმედებას იწყებს. დანარჩენი მოლაპარაკების პროცესზეა დამოკიდებული. საქართველოში საბოლოოდ არ დაუკარგავთ ბაზებთან დაკავშირებით რუსეთთან შეთანხმების მიღწევის იმედი.

პარლამენტის დადგენილება ძალაშია, თუმცა ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზები ბლოკადაში არავის მოუქცევია. სამხედრო ბაზების საკითხზე მოლაპარაკებაში პროგრესის მიღწევის იმედით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებას რბილი მეთოდებით იწყებს - აცხადებს, რომ რუსეთის ბაზების გაყვანისთვის იძულების ღონისძიებების გატარება იწყება, თუმცა საწყის ეტაპზე რადიკალური ზომები მიღებული არ იქნება. “15 მაისიდან რუსეთის ბაზები გაყვანის რეჟიმში უნდა არსებობდნენ, საქართველოს მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელია მათი სხვა რეჟიმში ფუნქციონირება: ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება, საბრძოლო წვრთნების ჩატარება, როტაციის განხორციელება და ასე შემდეგ,” - ნათქვამია პარლამენტის დადგენილებაში. ამ დადგენილების თანახმად, 16 მაისიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღარ უნდა გასცეს ვიზები რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებზე; ამას გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკონტროლოს რუსეთის სამხედრო ბაზებზე მოსამსახურეთა გადაადგილება; საქართველოში კანონგარეშედ არსებულ უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზებზე უნდა აიკრძალოს სამხედრო წვრთნების ჩატარება; პარალელურად, სხვადასხვა უწყებებმა უნდა დაითვალონ რუსეთის სამხედრო ბაზებზე წლების მანძილზე წარმოქმნილი დავალიანება. ამ ღონისძიებების გატარება რომ იწყება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება რომ ძალაშია, ეს ორშაბათს საქართველოს პარლამენტის თვამჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დაადასტურა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “დადგენილება მოქმედებს, ის არავის შეუცვლია, მას არავინ არ აუქმებს, მაგრამ მასში არაფერი არ წერია ისეთი, რაც ვინმეს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეიძლება უშლიდეს ხელს ან გადაჰქონდეს არაკონსტრუქციულ რეჟიმში რუსეთთან მოლაპარაკება. “

ასე რომ, რუსეთის ბაზების წინააღმდეგ ცალმხრივი რეჟიმის ამოქმედებას საქართველოს მხარე არ მიიჩნევს რუსეთთან მოლაპარაკების არაკონსტრუქციულ რეჟიმში გადაყვანის მაპროვოცირებელ ფაქტორად. უფრო მეტიც, ორშაბათს ნინო ბურჯანაძემ ბაზების გაყვანის საკითხზე მოლაპარაკებაში რუსეთთან შეთანხმების მიღწევის იმედი გამოთქვა და მიუთითა, რომ ამ რამდენიმე დღის წინ მოსკოვიდან გამოგზავნილმა დოკუმენტმა შექმნა ამ იმედის საფუძველი. ნათქვამმა პარლამენტში გააჩინა ეჭვი იმისა, ხომ არ უნდა დადგეს დღის წესრიგში პალამენტის დადგენილებით განსაზღვრული ღინისძიებების გადავადების საკითხი.
ეჭვი მემარჯვენეებს გაუჩნდათ და დავით გამყრელიძემაც კატეგორიულად მოითხოვა პარლამენტარებისთვის იმ დოკუმენტის შინაარსის გაცნობა, რომელიც ბაზების საკითხზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების გადამწყვეტი რაუნდის საბაზისო დოკუმენტად იქცა.

“თუ საქართველოს ხელისუფლებას ბაზების საკითხზე მოლაპარაკებებში რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შანსი გააჩნია, მაშინ პარლამენტის დადგენილების მოთხოვნების შესრულების ვადებმა უნდა გადაიწიოს,” - ასეთი წინადადება გამოთქვა მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ განმარტა, რომ უმრავლესობა დადგენილებაში მითითებული ვადების გადაწევას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG