Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდგომარეობა უზბეკეთში


წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მოდის უზბეკეთიდან, სადაც გასული კვირის ბოლოს ქალაქ ანდიჟანში სამთავრობო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.



პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა პარასკევს მომხდარ სისხლისღვრასთან დაკავშირებით შაბათს გააკეთა განცხადება. მისი თქმით, უზბეკეთის ხელისუფლებამ უკვე დაადგინა ბრალდებულები: გამოსვლების ინიციატორები არიან ისლამისტები, რომლებიც კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდებას და ე.წ. მსოფლიო ხალიფატის - ისლამური სახელმწიფოს - დაარსებას ცდილობენ.

[ქარიმოვის ხმა] "პრაქტიკულად ყველა გვარი მოგვეპოვება. ისინი არიან დაჯგუფება ჰიზმ უტ-ტაჰრირის ერთ-ერთი მიმდინარეობის წევრები, რომელიც ანდიჟანში ახრამიას სახელით არის ცნობილი. მათი მთავარი მიზანია არსებული კონსტიტუციური წყობის მოშლა, ხელისუფლების დამხობა და ხალიფატის დაარსება, რომელიც ყველა ისლამისტს გააერთიანებდა. ეს მოძრაობა ნებისმიერი სახის კონსტიტუციური მმართველობის წინააღმდეგია, იგი ეწინააღმდეგება მომვლენების სეკულარულ განვითარებას. ესაა მათი მიზანი."

მაგრამ ექსპერტების აზრით, ამგვარი პროგნოზი ნაადრევია. მაგალითად, ჩვენი რადიოს რეგიონული სპეციალისტის, დენიელ კიმიჯის თქმით, დღეისთვის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებმა, რომლებმაც იარაღი აიღეს ხელში და სამთავრობო ძალებს დაუპირისპირდნენ, აშკარად ძალადობის გზით სიარული არჩიეს. მაგრამ ამ მომენტისთვის იმის სარწმუნო საბუთები არ მოგვეპოვება, რომ ეს ადამიანები ისლამისტები იყვნენ.

პარიზის სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის თანამშრომლის, ოლივიე რუას აზრით, საქმე უნდა გვქონდეს სახალხო ამბოხებასთან.

[რუას ხმა] "მე არ ვიცი ამ ჯგუფების ნამდვილი მიზნების შესახებ. მაგრამ ცხადია, რომ დემონსტრაციები პატიმართა მშობლებისა და ოჯახების მიერ იყო ორგანიზებული. მათ შეუტიეს სამთავრობო შენობებს. ასე რომ, ჩემის აზრით, ეს უფრო ხალხისგან მომდინარე მოძრაობაა - პატიმართა ოჯახების პროტესტია - ვიდრე პოლიტიკურად მოტივირებული მოძრაობა."

თუკი ეს მართლა ასეა, მაშინ ანდიჟანის საპროტესტო გამოსვლები უზბეკეთში სახალხო რისხვის ყველაზე ძლიერი გამოხატულება იყო უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში.

ამჟამად მთავარი პრობლემა იმის გარკვევაა, მართლა სახალხო მოძრაობასთან გვაქვს საქმე თუ ისლამისტი მეამბოხეების მიერ ინსპირირებულ დემონსტრაციებთან.

და მთავრობის მიერ ძალის გამოყენება ამ მოძრაობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს თუ პირიქით, მის მონაწილეებს ხელს ააღებინებს ახალი დემონსტრაციების მოწყობიდან.

ამავე დროს უფრო გაღრმავდება დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა როლს თამაშობს ქარიმოვის მთავრობა: საზოგადოებას იცავს მეამბოხეებისგან თუ პირიქით, ახალ საფრთხეს ახვევს თავს საზოგადოებას.

ოფიციალური ინფორმაციით ანდიჟაფნის გამოსვლებში 70 ადამიანი დაიღუპა. ზოგიერთი თვითმხილველის ცნობით, რაც ჯერჯერობით არ დასტურდება დამოუკიდებლი წყაროების მიერ, დაღუპულია რამდენიმე ასეული ადამიანი.
XS
SM
MD
LG