Accessibility links

რუსეთი და საქართველო სამხედრო ბაზების საკითხზე მოლაპარაკებას აგრძელებენ


მოლოდინის მიუხედავად, საქართველოში კანონგარეშე არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ვარშავაში ახალი და მნიშვნელოვანი არაფერი თქმულა.

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იქ ერთმანეთს მხოლოდ არაოფიციალურად შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადების დასადგენად მხარეები მოლაპარაკებას ოპერატიულ რეჟიმში გააგრძელებენ.
რუსეთისა და საქართველოს დელეგაციები მხარეთა წინადადებებს რამდენიმე დღეში თბილისში განიხილავენ. შესათანხმებელი მხოლოდ დეტალებია, თორემ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავაში განაცხადა, საკითხი გადაწყვეტილია:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ეს არის გადაწყვეტილი თემა. პროგრესი მოლაპარაკებების დონეზე არის, თუმცა არ დავიჯერებ, სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ ხელმოწერილ დოკუმენტს - მათ შორის, ჩემი მხრიდან. ისტორიას უკუსვლა არ სჩვევია. ეს გარდაუვალია, ისევე როგორც გარდაუვალია სხვა საკითხების მოგვარება რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში. ”


საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას რუსეთისა და საქართველოს დელეგაციები, სამხედრო ექსპერტების მონაწილეობით, თბილისში ორშაბათიდან გააგრძელებენ. ამის შესახებაც ვარშავაში ითქვა, ოღონდ - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ. ამ შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე უხელმძღვანელებს, რუსეთის დელეგაციას - საგანგებო დავალებათა ელჩი იგორ სავოლსკი.

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ” ჩვენ შევთანხდით, რომ საჭიროა დელეგაციების კიდევ ერთხელ შეხვედრა. ”

შეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე შედგა. არაოფიციალურზე, იმ მიზეზით, რომ სერგეი ლავროვმა უადგილოდ მიიჩნია ბაზების საკითხზე მოლაპარაკების ვარშავაში წარმოება. თუ რატომ, ამის ახსნა ჩვენთან საუბრისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა სცადა:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ” რუსებს, გარდა სხვა კომპლექსებისა, აქვთ ერთი კომპლექსიც - ნუ ჩაერევა მის საქმეში ევროპა. მათ მიიჩნიეს, რომ ვარშავაში მოლაპარაკების წარმოება ბაზების საკითხისადმი ვარშავის გამოხმაურება იქნებოდა. ”

მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მხარეები განიხილავენ დოკუმენტს, რომელიც თბილისმა მოსკოვიდან რამდენიმე დღის წინ მიიღო და რომლის შინაარსიც ჯერ კიდევ არ ხმაურდება. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ რუსეთი თანხმდება სამხედრო ბაზები 2008 წლისთვის დახუროს. ამას გარდა, ირკვევა, რომ ლაპარაკია პირველ ჯერზე ახალქალაქის სამხედრო ბაზის ლიკვიდაციაზე, შემდეგ კი ბათუმის ბაზის დახურვაზე.

სხვა დეტალები ბუნდოვანია. ჩვენი ინფორმაციით, მოსკოვიდან მიღებულმა დოკუმენტმა საქართველოს მხარეს რამდენიმე პრეტენზია გაუჩინა. რას დათმობს რუსეთი და რას - საქართველო, უახლოეს პერიოდში უნდა გამოიკვეთოს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რუსეთი გაგებით მოეკიდა საქართველოს სურვილს, რუსეთის სამხედრო ბაზები გაყვანილ იქნეს მისი ტერიტორიიდან, და საქართველომაც უნდა გაუგოს რუსეთს იმ მხრივ, რომ ბაზების გაყვანისას გასათვალისწინებელია ტექნიკური თავისებურებანი.


16 მაისიდან საქართველოში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზები გაყვანის რეჟიმში ფუნქციონირებს. ამ დღიდან მოყოლებული, ამ ბაზებზე იკრძალება როტაცია და სამხედრო წვრთნები; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ გასცემს ვიზებს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებზე.

საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების სწრაფ ვადებში გაყვანა არა მარტო ქვეყნის ხელისუფლების, მთელი საზოგადოების მოთხოვნაა.
საქართველოში რუსეთის ბაზების არსებობის გასაპროტესტებლად სამშაბათს სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ბათუმში ჩავიდნენ. სტუდენტებს საპროტესტო აქცია ბათუმის სამხედრო ბაზის შტაბთან უნდა გაემართათ.
XS
SM
MD
LG