Accessibility links

logo-print

რა ფინანსურ პრეტენზიებს უყენებს საქართველოს მთავრობა რუსეთის სამხედრო ბაზებს საქართველოში


იმისთვის, რომ საქართველომ რუსეთი აიძულოს, რაც შეიძლება მალე გაიყვანოს საქართველოში დარჩენილი 2 სამხედრო ბაზა, თბილისმა ბაზებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების

წინა პლანზე წამოწევა დაიწყო. სხვადასხვა გაანგარიშებით, რუსეთს საქართველოს მიმართ 1 მილიარდი აშშ დოლარი მართებს, წლების მანძილზე სამხედრო ბაზების მიერ სხვადასხვა გადასახადების გადაუხდელობის გამო. თანხის საერთო მოცულობის დადგენა ფინანსთა სამინისტროს აქვს დავალებული, თუმცა იქ ჯერჯერობით თავს იკავებენ კონკრეტული ციფრების დასახელებისგან.

საქართველოს მიმართ რუსეთის სამხედრო ბაზების დავალიანება ოფიციალურ ვალად რომ ჩაითვალოს, ამისთვის ორ ქვეყანას შორის ბაზებთან დაკავშირებით რაიმე სახის ხელშეკრულება უნდა მოქმედებდეს. ასეთი ხელშეკრულება კი არ არსებობს. საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევვ 1993 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოში რუსეთის ბაზების სტატუსს და სხვა საკითხებს განსაზღვრავდა, თუმცა მისი რატიფიცირება არ მომხდარა და ეს დოკუმენტი ძალაში არ შესულა. ასეთივე ბედი ეწია მეორე ხელშეკრულებასაც, რომელიც 1995 წელს დაიდო და რომელიც რუსეთის სამხედროებისთვის სხვადასხვა ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებდა.

რუსული მხარე სწორედ ამ ხელშეკრულებების სულისკვეთებით ხელმძღვანელობას მოითხოვს, როცა კი ქართული მხარე სამხედრო ბაზების დავალიანებას ახსენებს. არადა, მოსკოვის მიმართ ოფიციალური თბილისის ფინანსური პრეტენზიები საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლის რეზო გიგილაშვილის კომენტარი:

[რეზო გიგილაშვილის ხმა] ”ყოფილმა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ მოახდინა გაანგარიშებები იმ ქონებისა, რომლითაც რუსეთის სამხედრო ბაზები სარგებლობენ საქართველოში. აი, ამ ქონების გამოყენებისათვის შეიძლება მოსთხოვოს საქართველოს მხარემ გადასახადის გადახდა. და, აი, ამ თანხამ შეიძლება შეადგინოს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი. ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი, აი, ამ საფინანსო პრეტენზიებში გახლავთ უძრავ ქონებაზე გადასახადი.”

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფინანსური პრეტენზია დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო ბაზების მიერ საქართველოსთვის მიყენებულ ეკოლოგიურ ზიანთან. ნიადაგის და გრუნტის წყლების ქიმიურ დაბინძურებასთან ერთად, რუსეთის სამხედროებმა საქართველოში 200-ზე მეტი რადიოაქტიური კერა გააჩინეს, რომელთა ლიკვიდაციისა და დაზარალებულთა მკურნალობისათვის საქართველოს ბიუჯეტმა მილიონები დახარჯა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ეს ზარალი, რომლის გამო რუსეთის მიმართ პრეტენზია გვაქვს, შეიძლება ასობით მილიონ აშშ დოლარს შეადგენდეს.

არის ასევე 2003 წლამდე გადაუხდელი საბაჟო გადასახადების დავალიანებაც. ამას ემატება მიწის გადასახადი, რომელიც ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენს და კიდევ სხვადასხვა, მეტ-ნაკლებად წვრილი სახის, გადასახადი.

მე ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელს რეზო გიგილაშვილს ვკითხე, თუ რა მექანიზმები არსებობს საქართველოს მიერ მოთხოვნილი თანხების ამოსაღებად.

[რეზო გიგილაშვილის ხმა] ”საკმაოდ რთული იქნება, არ იქნება მარტივი ამ თანხის გადახდა რუსეთის მხრიდან. თუმცა არსებობს სხვა მექანიზმი: ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდ მოცულობის ვალი რუსეთის მიმართ; შეიძლება ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად, ჩათვლის მექანიზმი იყოს გამოყენებული. ანუ არსებობს სხვადასხვა ფორმები. ეს არის ორივე მხარის კეთილ ნებაზე დამყარებული და არ ითვალისწინებს ამ თანხების უცილობლად ნაღდი ფულით გადახდას.”

რეზო გიგილაშვილიც აღიარებს, რომ თბილისისათვის ამ საკითხს უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ის დღის წესრიგიდან მოიხსნება, თუ მოსკოვი სამხედრო ბაზების გაყვანის საქართველოსათვის მისაღებ ვადებზე დათანხმდა.
XS
SM
MD
LG