Accessibility links

logo-print

პარლამენტი მიწის პრივატიზების შესახებ კანონპროექტს განიხილავს


საქართველოს პარლამენტი მიწის ყველაზე მასშტაბური და, როგორც ჩანს, საბოლოო პრივატიზებისთვის ემზადება. ლაპარაკია იჯარით გაცემული ან სახელმწიფოს საკუთრებაში

არსებული 400 ათასი ჰექტარი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მიწის გაყიდვაზე. კანონპროექტის თანახმად, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, გამოყენებული იქნება მიწის საკუთრებაში გადაცემის სამი ფორმა: პირდაპირი მიყიდვის წესი, რომლითაც მხოლოდ მოიჯარეები ისარგებლებენ, და ორი სახის აუქციონი - სპეციალური აუქციონი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ პირთა შეზღუდული რაოდენობისათვის გაიმართება, და ღია, რომელშიც ნებისმიერი მსურველი მიიღებს მონაწილეობას. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემას და პრივატიზების შესახებ კანონპროექტის რომელი მუხლი იწვევს დეპუტატებში ყველაზე მეტ ვნებათაღელვას.

საქართველოში მიწის რეფორმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, როცა ხელისუფლებამ ათიათასობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა გრძელვადიანი იჯარით პირველ ქართველ ფერმერებზე გასცა. დღეს ბევრი ლაპარაკობს, რომ მიწა მაშინ არასამართლიანად განაწილდა და რომ პრივილეგია ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ენიჭებოდათ. ამის გამო მიწის გარეშე დარჩენილი ადამიანები საპროტესტო აქციებს დღემდე მართავენ.

[მამაკაცის ხმა] „საკრებულოს თავმჯდომარე იძახის, რომ მე მიწა არა მაქვსო. არადა, მისი ძმის ხელშია ყველაფერი. არ გვაძლევენ. ამბობენ, რომ ფული გადავიხადეთო, 296 ათასი დოლარიო. ყველაფერი მათ უყიდიათ, ჩვენ დავრჩით ტიტველი ეზოში. ასე შეიძლება? სად წავიდეთ?“(სტილი დაცულია)

ასეთი ისტორიებით სავსეა თითქმის ყველა რაიონი, თუმცა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე ახმოვანებს, მოიჯარეები მიწის პრივატიზებისას უპირატესი შესყიდვის უფლებით მაინც ისარგებლებენ. ბენდუქიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ასეთ ახსნას უძებნის:

[კახა ბენდუქიძის ხმა] „არ აქვს მნიშნვნელობა იმას, ის ადამიანი, ვინც მიწას ფლობს, ჩვენი მტერია თუ მეგობარი, იყო ის კარგი ადამიანი თუ ცუდი ადამიანი. მთავარია, როგორ აიღო მან მიწა, კანონის დაცვით თუ კანონის დარღვევით. აბსოლუტურად შეუძლებელია პოლიტიკური მრწამსის ან თანამდებობის გამო მათზე დევნა გამოვაცხადოთ.“(სტილი დაცულია)

დევნა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში გამოცხადდება, როცა ამა თუ იმ ფერმერს კანონის დარღვევაში სამართალდამცავი სტრუქტურები ამხელენ. სხვა შემთხვევაში მოიჯარეს შეუძლია იჯარით აღებული ფართობის სრულუფლებიანი პატრონი გახდეს. ჯაბა ებანოიძე, მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის პრეზიდენტი და პრივატიზების კანონის ერთ-ერთი ავტორი, განმარტავს:

[ჯაბა ებანოიძის ხმა] „უპირატესი შესყიდვის უფლებით გამოისყიდის მოიჯარე მიწის ნაკვეთს და იხდის მიწის წლიური გადასახადის ათმაგ ოდენობას.“(სტილი დაცულია)

თანხის დასაფარად მიწის მესაკუთრეებს 9 წელი ეძლევათ. თუმცა გათვალისწინებულია სხვა შეღავათებიც:

[ჯაბა ებანოიძის ხმა] „თუ მოიჯარე გამოსასყიდი თანხის 50 პროცენტს გადაიხდის პირველსავე წელს, ეს მიწა ითვლება გამოსყიდულად. თუ პირველ სამ წელიწადში გადაიხდის 75 პროცენტს, ასევე ჩაითვლება გამოსყიდულად.“

სულ, ჯამში, ხელისუფლება დაახლოებით 400 ათასი ჰექტარი მიწის პრივატიზებიდან 40 მილიონი ლარის შემოსავალს ელის. კანონპროექტის ავტორთა თქმით, მიწის გარეშე არც სოფლის მოსახლეობა დარჩება. ისინი სპეციალურ, მხოლოდ მათთვის გათვალისწინებულ, აუქციონებში მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო მიწის იმ ფართობზე, რომელსაც პატრონი არ გამოუჩნდება, ღია აუქციონი გამოცხადდება. კანონპროექტის თანახმად, მიწა უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს, ხოლო ეგრეთ წოდებულ 500 მეტრიან სასაზღვრო ზონაში პრივატიზება საერთოდ აიკრძალება. თუმცა უნდა ითქვას, რომ 500 მეტრი დეპუტატთა ერთ ნაწილს ეცოტავება. ისინი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, კომერციული საქმიანობისთვის აკრძალული ზოლის სიგანის, სულ ცოტა, ათჯერ გაზრდას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG