Accessibility links

logo-print

აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ბანკები უკანონოდ საქმიანობენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზების გამო დაპირისპირების გარდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში კიდევ ერთი - ამჯერად ფინანსური -

დაძაბულობის კერა მწიფდება. ბოლო პერიოდში რუსული კომერციული ბანკები აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ბანკებთან თავიანთ უკანონო კონტაქტებს ააქტიურებენ. ამის გამო ეროვნული ბანკი რუსეთის ცენტრალურ ბანკს საგანგებო განცხადებას უგზავნის. მინდა ამ განცხადების შინაარსზე გესაუბროთ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ბანკების საქმიანობის გააქტიურების გამო შეშფოთებას გამოხატავს და თავის რუს კოლეგას შესაბამის წერილს უგზავნის. „შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ელექტრონული ანგარიშსწორებისა და საკორესპონდენტო ანგარიშების სისტემათა ქსელში ჩართვით რუსეთის მთელი რიგი კომერციული ბანკები აფხაზეთის ბანკების თავიანთ სისტემაში ინკორპორირებას ახდენენ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება როგორც დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა მიერ მიღებულ შესაბამის გადაწყვეტილებებს, ისე თავად რუსეთის შიდა კანონმდებლობას, მათ შორის, „არარეზიდენტებისათვის ანგარიშის გახსნის წესებს,“ – აღნიშნულია რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის სახელზე გოცირიძის მიერ გაგზავნილ წერილში.

რუსული ბანკების აქტიურობა აფხაზეთში განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შეინიშნება. რუსული საბანკო სტრუქტურები, სეპარატისტული რეჟიმის ე.წ ცენტრალური ბანკის გარდა, იქ არსებულ საბანკო დაწესებულებებს თავიანთ საანგარიშსწორებო სისტემებში რთავენ და მათთან ისეთსავე ურთიერთობას ამყარებენ, როგორც რუსეთის კომერციულ ბანკებთან.

გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო თანამეგობრობის - მათ შორის, რუსეთის - მიერ არის აღიარებული. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისი იურისდიქციის განხორციელება და საბანკო საქმიანობის რეგულირება. ეროვნული ბანკის ლიცენზიის გარეშე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი საბანკო სტრუქტურები კანონგარეშე ფუნქციონირებენ, - აღნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ამდენად, აფხაზეთის ტერიტორიაზე საბანკო საქმიანობაში რუსული ბანკების რაიმე ფორმით ჩარევა უკანონოა.

გოცირიძე თავის წერილში ყურადღებას განსაკუთრებით ფულის გათეთრების პრობლემაზე ამახვილებს. ამგვარი არაკონტროლირებადი და უკანონო საბანკო რეჟიმი, რომელშიც რუსული ბანკები მონაწილეობენ, უკანონო და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის, რაც, თავის მხრივ, იმ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, რომელიც რუსეთს, როგორც FATF-ის (ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფი) წევრ ქვეყანას, აქვს აღებული. ამან კი შეიძლება საფრთხე შეუქმნას რუსეთის რეპუტაციას საერთაშორისო საბანკო წრეებში.
[რომან გოცირიძის ხმა] „რუსეთი შეერთებულია მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან. მათ შორის, ის არის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციის, FATF–ის, წევრი და, თუ რუსეთმა არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები, ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ უკვე ამ ორგანიზაციებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს შესაბამისი სანქციები.“(სტილი დაცულია)
ეროვნულმა ბანკმა რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს ის მასალები გადასცა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ბანკების უკანონო საქმიანობას ასახავს.

27-28 მაისს სანკტ-პეტერბურგში გაიმართება შავი ზღვის აუზის, ბალკანეთისა და შუა აზიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრა, სადაც რომან გოცირიძე აპირებს საერთაშორისო საბანკო წრეების წინაშე კიდევ ერთხელ დააფიქსიროს თავისი პოზიცია აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ბანკების უკანონო საქმიანობის შესახებ.
XS
SM
MD
LG