Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეინარჩუნებს თუ არა ძალაუფლებას უზბეკეთის პრეზიდენტი?


გასულ კვირაში მთელი მსოფლიო შეძრა სისხლისღვრამ, რომელიც უზბეკეთში, ქალაქ ანდიჟანში დატრიალდა. დაღუპულების რიცხვზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება:

უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ 30-მდე დაღუპულზე ლაპარაკობდნენ, ახლა 150-მდე კაცს ასახელებენ, მაშინ როცა ოპოზიციის ინფორმაციით, მსხვერპლის რიცხვი 700-ს აღემატება. ამასობაში, ფერგანის ხეობაში, სადაც ქალაქი ანდიჟანი მდებარეობს, ჩავიდა უცხოელი დიპლომატებისა და ჟურნალისტების ჯგუფი: მათი მიზანია მომხდარში გარკვევა.

უზბეკეთის პრეზიდენტისთვის კი, როგორც ჩანს, ყველაფერი ნათელია - ის ირწმუნება, რომ არეულობა ანდიჟანსა და აღმოსავლეთ უზბეკეთის სხვა ადგილებში ორგანიზებულია მუსლიმანი რადიკალების მიერ, რომელთაც ქარიმოვის ხელისუფლების დამხობა სურთ. ჩვენი რადიოს კორესპონდენტები შეეცადნენ გარკვევას იმაში, რამდენად მყარია ეს ხელისუფლება და მოუწევს თუ არა პრეზიდენტ ქარიმოვს ძალაუფლებასთან გამოთხოვება ანდიჟანის მოვლენების გამო.

ჯერ გავიხსენოთ, როგორ იფეთქა ძალადობამ ანდიჟანში. პარასკევს შეიარაღებულმა ჯგუფმა იერიში განახორციელა ციხეზე ასობით პატიმრის განთავისუფლების მიზნით. მათ მიერ ციხის დაპყრობის შემდეგ, რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა ამ შენობის გარშემო პრეზიდენტ ქარიმოვის რეჟიმის საწინააღმდეგო ლოზუნგებით. უზბეკეთის მთავრობის განცხადებით, ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, აქცია კი მუსლიმანმა ბოევიკებმა მოაწყეს.

ჩვენმა რადიომ უზბეკეთში მიავლინა ჟურნალისტი ანდრეი ბაბიცკი, რომელიც დაასკვნის, რომ პარასკევს, დემონსტრანტებისათვის ცეცხლის გახსნით ქარიმოვმა გაავრცელა სიგნალი: ის (დავუშვათ, ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ასკარ აყაევისაგან განსხვავებით) მზადაა მოკლას იმისათვის, რომ ხელისუფლების სათავეში დარჩეს. ბაბიცკის შეფასებით, მსგავსი ზომებით ქარიმოვმა, შესაძლოა, მართლაც გაიხანგრძლივოს ხელისუფლების სათავეში ყოფნა, მაგრამ არა სამუდამოდ.

[ბაბიცკის ხმა] “ვფიქრობ, ამ ძალადობამ დაასუსტა ქარიმოვის რეჟიმი იმ მხრივ, რომ ანდიჟანში ბევრი ადამიანი მიხვდა: ინფორმაცია, რომელსაც რეჟიმი ავრცელებს მომხდარის შესახებ - არასწორია. აქ ადამიანებს სძულთ ქარიმოვი და ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება სულ უფრო ვრცელდება. ვითარება უზბეკეთში ქარიმოვისათვის ძალიან სახიფათოა იმიტომ, რომ ხალხი უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს და სოციალური პროტესტი შეიძლება ნებისმიერ მოვლენას მოჰყვეს”, ამბობს ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ანდრეი ბაბიცკი და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ანდიჟანის სისხლისღვრამ ოპოზიციას, შესაძლოა, გააქტიურებისაკენ უბიძგოს.

ხოლო შუა აზიის ექსპერტის, ალექს ვატანკას შეფასებით, ის რაც ანდიჟანში მოხდა, ქარიმოვის რეჟიმის ძლიერებაზე კი არა, მის სისუსტეზე მეტყველებს. ვატანკა გამოთქვამს ვარაუდს, რომ დასავლეთი თვალს ვერ დახუჭავს დემონსტრანტების დახოცვაზე ანდიჟანში: [ალექს ვატანკას ხმა] “თუ გავითვალისწინებთ ინფორმაციას, საინფორმაციო სააგენტოებმა “ასოშიეიტიდ პრესმა”, “როიტერსმა”, სხვებმა რომ გაავრცელეს, ლაპარაკია 500-მდე მოკლულზე. და თუ ეს ასეა, საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ დემონსტრანტების ერთ-ერთ უდიდეს ხოცვა-ჟლეტას მას შემდეგ, რაც 1989 წელს ჩინეთში მოხდა”.

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ შეერთებულმა შტატებმა გადაჭრით დაგმო ის, რაც ანდიჟანში მოხდა. უზბეკეთში კი ვითარება ისევ დაძაბულია: დღეს ათასამდე ადამიანი შეიკრიბა სასაზღვრო ქალაქ კარასუში. ისინი პროტესტს გამოთქვამენ ყირგიზეთში მიღებული გადაწყვეტილების გამო, საზღვარი ჩაუკეტოს უზბეკებს, ვინც შინ ძალადობის შიშით, მეზობელ ყირგიზეთს მიაშურა.
XS
SM
MD
LG