Accessibility links

საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზაცია დაიწყო


საქართველოში დაწყებული მასშტაბური პრივატიზაციის პროცესი გრძელდება და ახლა ენერგეტიკული ობიექტების განსახელმწიფოებრიობის ჯერიც დადგა.

18 მაისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საჯაროდ გამოაცხადა, რომ პრივატიზაციაში მონაწილეობით დაინტერესებულ კომპანიათა განცხადებების მიღება დაიწყო. საქართველოს მთავრობა პირველ ეტაპზე 6 ჰიდროელექტროსადგურისა და 2 სადისტრიბუციო კომპანიის გაყიდვას გეგმავს. საქართველოში ენერგოობიექტების პრივატიზაციას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. რატომ?

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა სტრატეგიულ ობიექტებად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი განსახელმწიფოებრიობა არ შეიძლება. ამ საკითხზე საქართველოში უამრავი დისკუსია გაიმართა, თუმცა საზოგადოებაში ვერ მოხერხდა ერთიანი აზრის ჩამოყალიბება იმის შესახებ, რომელი შეიძლება იქნეს მიჩნეული სტრატეგიულ ობიექტად და რომელი არა.

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს ის, რაც წარმოადგენს ჩვენი ერის თვითიდენტიფიკაციის სიმბოლოს. ჰესები არის ჩვენი ქვეყნის თვითიდენტიფიკაციის სიმბოლო? ჰო არა, მეც არ მგონია...”

აი, ასეთი პასუხი გასცა სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, დასაშვებია თუ არა ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზაცია.

მიუხედავად ასეთი პოზიციისა, ენერგეტიკული ობიექტების ტენდერზე გამოტანა კარგა ხანს იყო შეჩერებული, რადგან, მათი სტრატეგიულობის გარდა, ქართული ენერგეტიკა საერთაშორისო პოლიტიკასთანაც კავშირშია. საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრისას. ამ შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით გამყრელიძემ, ჩემთან ინტერვიუში თქვა, რომ ბუშის ადმინისტრაცია არამარტო მაგისტრალური გაზსადენის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგია:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”ძალიან სერიოზული მინიშნება გაკეთდა და ძალიან სერიოზული დრო დაეთმო ამ საკითხზე საუბარს და რჩევას, რომ საქართველომ კარგად გაიაზროს რას ნიშნავს იყოს ენერგეტიკულად დამოკიდებული სხვაზე; საქართველომ უკვე კარგად უნდა იცოდეს რას ნიშნავს ეს დამოკიდებულება, რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს ასეთმა დამოკიდებულებამ...”

მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საპრივატიზაციოდ მაინც გამოიტანა რიონის, ლაჯანურის, ძევრულას, ქედას და შაორის ჰესები, ასევე გუმათჰესების კასკადი, აჭარის ენერგოკომპანია და საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია.

ამ ობიექტების უმრავლესობაზე რუსეთის სახელმწიფო ან ნახევრად სახელმწიფო კომპანიებს უჭირავთ თვალი. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის მართვას კი ამერიკელი ინვესტორები ახორციელებენ. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, ამერიკელების ბედი პრივატიზაციის პროცესში გაირკვევა - მას შემდეგ, რაც პრეტენდენტები ინტერესთა განაცხადებს წარმოადგენენ:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”პრივატიზაცია ენერგეტიკული ობიექტების არ არის გათვალისწინებული დასრულდეს მიმდინარე წელს - ეს, ალბათ, გადაიწევს მომავალ წელს, ეს არის ხანგრძლივი პროცესი. 1 ოქტომბრამდე ჩვენ მივიღებთ განაცხადებს ინტერესის შესახებ, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას განვსაზღვროთ ძირითადი მოთამაშეები ამ ბაზარზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას მათთან ერთად განვსაზღვროთ როგორი შეიძლება იყოს სტრატეგია როგორც საპრივატიზაციო, ასევე შემდგომი ეტაპისა, ანუ მართვისა.”(სტილი დაცულია)

მოუტანს თუ არა ეს ყველაფერი საქართველოს როგორც ელექტროენერგიას, ასევე ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, ეს ჯერჯერობით ძნელი სათქმელია.
XS
SM
MD
LG