Accessibility links

თავისუფლების მოედანზე ჯორჯ ბუშის გამოსვლისას ნაპოვნი ხელყუმბარა საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი


საქართველოში ეძებენ პირს, რომელმაც 10 მაისს, თავისუფლების მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გამოსვლისას, სამთავრობო ლოჟის

მიმდებარე ტერიტორიაზე წითელ ხელსახოცში გახვეული ხელყუმბარა ისროლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო 20000 ლარით დააჯილდოებს პირს, ვინც გამოძიებას დამნაშავის ვინაობის დადგენაში მიეხმარება. თავისუფლების მოედანზე ხელყუმბარის აღმოჩენის ფაქტი 11 მაისს, თბილისიდან ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის გამგზავრების შემდეგ, გახმაურდა. მაშინ აღინიშნა, რომ პრეზიდენტების სიტყვით გამოსვლისას ნაპოვნი საეჭვო საგანი საშიშროებას ვერავის შეუქმნიდა. სურათი შეიცვალა. 18 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალური წარმომადგენლის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ 10 მაისს თავისუფლების მოედანზე ნაპოვნი ხელყუმბარა საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი და რომ აფეთქებას და მსხვერპლს იმ დღეს თბილისი შემთხვევით გადაურჩა.


10 მაისს თავისუფლების მოედანზე მუქ ხელსახოცში გახვეული ხელყუმბარა 13 საათსა და 35 წუთზე იქნა ნაპოვნი - ზუსტად იმ დროს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს მიმართავდა. ხელყუმბარა სპეციალურ ლაბორატორიაში ამერიკელმა და ქართველმა სპეციალისტებმა შეისწავლეს. პირველადი დასკვნა 18 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახმიანდა. შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი ხელყუმბარის აუფეთქებლობა მოსუსტებულმა ზამბარამ განაპირობა.

[გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლის ხმა] ” ჩვენი აზრით, ეს აქტი უქმნიდა საფრთხეს პრეზიდენტებსაც და, რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ადამიანებს. ”

10 მაისს ნაპოვნი ხელყუმბარა რომ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში იყო, ამაზე სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი გაცილებით ადრე ალაპარაკდა. მას მიეცა საშუალება საკუთარი თვალით ენახა 10 მაისს ნაპოვნი ”არცთუ საშიში საეჭვო საგანი”, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები აღნიშნავდნენ.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”ეს არის სომხეთის წარმოების ხელყუმბარა. მასში სხვა ტიპის ფალიაა ჩახრახნილი, ვიდრე რუსეთის წარმოების ხელყუმბარებშია. საერთოდ, ხარისხი ამ ხელყუმბარისა არ არის მაღალი. ან ზამბარას არ ეყო ძალა, რომ მოეხდინა ზემოქმედება კაფსულ- დეტონატორზე, ანდაც მოახდინა, მაგრამ კაფსულ- დეტონატური იყო დაძველებული ან დაზიანებული სინესტის ან სხვა მიზეზების გამო. ასეა თუ ისე, ღმერთმა გადაგვარჩინა.”(სტილი დაცულია)

პრეზიდენტების ლოჟამდე ახლოს მისვლის შემთხვევაში, კარგად ნავარჯიშები ადამიანი შეძლებდა ხელყუმბარის ისეთ მანძილზე გადასროლას, რომ სერიოზული საფრთხე შეექმნა თავად პრეზიდენტებისთვისაცო, - ფიქრობს ირაკლი ალადაშვილი. ხელყუმბარა პრეზიდენტების ტრიბუნიდან 50 მეტრის დაშორებით იქნა ნაპოვნი.
აფეთქების შემთხვევაში, ამ მანძილიდან ის უშუალოდ პრეზიდენტებს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა, თუმცა ადამიანთა მსხვერპლს, უდავოდ, მოიყოლებდა. ”ეჭვგარეშეა, რომ გეგმა მსხვერპლსა და დიდი არეულობის შექმნაზე იყო გათვლილი, მით უფრო, რომ ამ ყველაფერს პირდაპირი ეთერით მთელი მსოფლიო ნახავდაო, ”- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილმა.

მაინც ვის გეგმაში შედიოდა ეს ყველაფერი, 10 მაისს ვინ შექმნა სერიოზული საფრთხე თავისუფლების მოედანზე? - ამის შესახებ ჯერ კიდევ არაფერია ცნობილი. გამოძიებას ამერიკელი და ქართველი სპეციალისტები ერთობლივად აწარმოებენ.

[ბიძინა ბრეგაძის ხმა] ”პირი, რომელიც გამოძიებას დაეხმარება იმ მოქალაქის გამოვლენაში, რომელმაც თავისუფლების მოედანზე ჯორჯ ბუშის გამოსვლისას პრეზიდენტების ლოჟისკენ წითელ ხელსახოცში გახვეული ხელყუმბარა ისროლა, ჯილდოდ მიიღებს 20000 ლარს. ”

ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბიძინა ბრეგაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე ელიან ზარს, რომლის მეშვეობითაც სამართალდამცავები სწორ კვალზე გავლენ.
XS
SM
MD
LG