Accessibility links

logo-print

ქართველი ინვალიდები სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლას არ წყვეტენ


საქართველოში ბოლო დროს დაწყებული უმნიშვნელოვანესი ცვლილებების მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პრობლემებისადმი

ახლებური მიდგომის გამომუშავება. ინვალიდებისა და ინვალიდობის მიმართ ასევე არ შეცვლილა საზოგადოების დამოკიდებულება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს კვლავინდებურად სოციალურად დაუცველ ადამიანთა კატეგორიას აკუთვნებენ და ამ მოტივით ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა მათი სამოქალაქო უფლებები. რა პრობლემებთან უწევთ ჭიდილი ქართველ ინვალიდებს და როგორ იბრძვიან ისინი საკუთარი უფლებების დასაცავად?

მათ არ შეუძლიათ ქვეყნის სხვა მოქალაქეებთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღონ განათლება; ისინი ვერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და კომუნიკაციის საშუალებებით; მათ მიმართ უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები და ადგილობრივი კანონმდებლობა, ილახება მათი სამოქალაქო უფლებები. ამ ადამიანებს საზოგადოება ინვალიდების სახელით იცნობს, თუმცა ისინი საკუთარ თავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს უწოდებენ.

[მამაკაცის ხმა] „სტადიონზე გინდა წასვლა, მაღაზიაში გინდა შესვლა... ინვალიდი ვერსად შედის. ასეთი ყოფითი პირობების გაუმჯობესებას ვითხოვთ. ამდენი ავტობუსი შემოიყვანეს, მაგრამ არც ერთი მათგანი ადაპტირებული არ არის, რომ ინვალიდმა შეძლოს ასვლა. უსინათლოებისთვის ვითხოვთ ცენტრალურ ადგილებში ხმოვანი შუქნიშნების დაყენებას.“

ამ და სხვა პრობლემებზე ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად „კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ სახალხო დამცველის ოფისში შიმშილობის აქციაც კი გამართა. კოალიციის აღმასრულებელი დირექტორის კობა ნადირაძის თქმით, საქართველოს მთავრობას არა აქვს ერთიანი ეროვნული გეგმა‚ რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება მოხდება:

[კობა ნადირაძის ხმა] „აუცილებელია შეიცვალოს მიდგომები, ანუ ხელისუფლებამ უნდა შეხედოს ამ საკითხს ახლებურად. ის არ უნდა უდგებოდეს ამ საკითხს მედიცინის კუთხით. ინვალიდები არ უნდა განვიხილებოდეთ რაღაც პაციენტებად ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებად. სწორედ ამ საკითხების გადასაწყვეტადაა საჭირო საკოორდინაციო ორგანოს შექმნა.“

აქციის მონაწილენი, საკოორდინაციო ორგანოს შექმნის გარდა, ხელისუფლებისგან უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების აღსრულებასაც ითხოვდნენ, რომლის თანახმადაც ფინანსთა სამინისტრომ „ინვალიდთა ლიგას“ 700 ათასამდე ლარი უნდა გადაუხადოს. ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთი ახალკაცი ასეთ განმარტებას იძლევა:

[ქეთი ახალკაცის ხმა] „ეს თანხა მათ შეეძლოთ გამოეყენებინად ბიუჯეტში შესატანი გადასახადების დასაფარად. უბრალოდ, მათ უნდათ ამ თანხის გაცოცხლება და აღება, მაგრამ ჩვენ პროკურატურიდან მივიღეთ წერილი: ძიება მიმდინარეობს და, ვიდრე ეს ძიება არ დამთავრდება, ამ თანხის დაძვრა არ არის მიზანშეწონილიო.“

ერთი სიტყვით, ხელისუფლება სასამართლოს განჩინების აღსრულებას არ ჩქარობს, ისევე როგორც არ ჩქარობს კანონში ცვლილების შეტანას და უსინათლო, მაგრამ მომუშავე ინვალიდებისათვის პენსიების შენარჩუნებას.

[უსინათლო ინვალიდის ხმა] „ჩვენ ვართ გაიგივებული სხვა პენსიონერებთან და მომუშავე უსინათლოებს წართმეული გვაქვს პენსიის მიღების უფლება, ანუ, თუ მე ვმუშაობ, სოციალურ გადასახადს ვიხდი, მაგრამ დახმარებას არ ვიღებ. გადასაჭრელია ხომ ეს საკითხი?“






ამ და სხვა საკითხების გადასაჭრელად „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიც რამდენიმე ათეულ ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ინტენსიურად მუშაობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, თუმცა, როგორც კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი კობა ნადირაძე ამბობს, ქართველი ინვალიდები საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლაზე უარის თქმას არც სამომავლოდ აპირებენ:

[კობა ნადირაძის ხმა] „ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მწვავედ აქციებს ხელმისაწვდომი განათლებისათვის, ანუ ჩვენ ყველაზე მეტ პრიორიტეტს ვანიჭებთ იმას, რომ ახალგაზრდა ინვალიდებისათვის განათლება იყოს ხელმისაწვდომი, ანუ ისწავლონ არაინვალიდ ბავშვებთან ერთად და არა სპეციალურ სკოლებში.“

კობა ნადირაძის თქმით, ბრძოლამ პირველი ნაყოფი უკვე გამოიღო: ბიუჯეტიდან ინვალიდთა ინტეგრაციის პროგრამების დასაფინანსებლად დამატებით 200 ათასი ლარი გამოიყოფა.
XS
SM
MD
LG