Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროცედურა, რომლის მიხედვითაც პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უნდა განიხილოს, ჯერჯერობით დაუდგენელია


საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პირველი ოფიციალური პროექტი, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭომ მოამზადა, პარლამენტში ჯერჯერობით

მხოლოდ დეპუტატთა სამუშაო კაბინეტებში განიხილება. იმის გამო, რომ საქართველოში მსგავსი დოკუმენტის ამოქმედების საკითხი პირველად დაისვა, განსაზღვრული არ არის საკანონმდებლო პროცედურა, რომლის მიხედვითაც პარლამენტმა კონცეფციისადმი საბოლოო პოზიცია უნდა გამოხატოს.

90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში მუდმივად საუბრობდნენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შექმნის აუცილებლობაზე. ეს თემა არაერთი საგანგებო შეხვედრის მიზეზიც ყოფილა და რამდენიმე პროექტიც არსებობდა, თუმცა საბოლოო დოკუმენტი საქართველოს ჯერჯერობით არა აქვს. ამ დღეებში ეროვნული უშიშროების საბჭომ პარლამენტს გადასცა ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის პირველი ოფიციალური პროექტი, რომელიც მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს. შვიდნაწილიან პროექტში საუბარია საქართველოს მიერ არჩეულ კურსსა და ღირებულებებზე და იმ საფრთხეებზე, რომლის დაძლევაზეც ქვეყანამ უნდა იზრუნოს. პარლამენტში პროექტის პრეზენტაციის შემდეგ გაირკვა, რომ არ არსებობს არანაირი პროცედურა, რომლის შესაბამისად საკანონმდებლო ხელისუფლებამ ეს დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს. დეპუტატ ივლიანე ხაინდრავას განმარტებით, უნდა განისაზღვროს, თუ რა ფორმით ეთანხმება პარლამენტი პროექტის შინაარსს და შესაძლებელია თუ არა ავტორთა მიერ ალტერნატიული მოსაზრებების გათვალისწინება:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,რაც მთავარია, ჩვენ შევქმნით ერთგვარ პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც ვიმუშავებთ მომავალში, როდესაც, ვთქვათ, დადგება კონცეფციის კორექტირების საკითხი. სასურველია, რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ერთიანი, მეტ-ნაკლებად მუდმივმოქმედი, მიდგომა, თუ როგორ მუშაობს პარლამენტი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებით და რა არის საბოლოო სიტყვა, რომელსაც პარლამენტი მასთან დაკავშირებით ამბობს.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება უშუალოდ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს, მას ანალოგიური დოკუმენტების ტრადიციული ფორმულის შესაბამისს უწოდებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი დავით ბაზღაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ პროექტი ყველა მთავარ შეკითხვას ნათლად უპასუხებს:

[დავით ბაზღაძის ხმა] ,,რას აღიარებს ქვეყანა როგორც უმთავრეს ღირებულებას, როგორია მისი სასიცოცხლო ინტერესები, რა ემუქრება ამ სასიცოცხლო ინტერესებს, ანუ რა საფრთხეები და რა გამოწვევებია დღეს, რა არის დასაცავი, რისგანაა დასაცავი და როგორ უნდა დაიცვა?” (სტილი დაცულია)

კონცეფციის პროექტის არაერთ სტილისტურ-რედაქციულ და არსებითი ხასიათის ხარვეზზე საუბრობს ივლიანე ხაინდრავა:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,მე სრულიად არ მაკმაყოფილებს ის ნაწილი, რომელიც ეძღვნება საქართველოში ტერიტორიულ კონფლიქტებს. ძალიან სერიოზული მუშაობა და გადამუშავებაც კი არის საჭირო. ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ის, თუ როგორ არის აღწერილი საქართველოს ურთიერთობა მის უშუალო მეზობლებთან, განსაკუთრებით სომხეთთან დაკავშირებით. კონცეფციის მიხედვით, გამოდის ასე, რომ ნუ, რა ვქნათ, ჩვენი მეზობელია და უნდა ვითანამშრომლოთ. სრულიად არაადეკვატური მიდგომა არის.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად შენიშვნებისა, ივლიანე ხაინდრავა ამბობს, რომ ამ პროექტზე მუშაობა შესაძლებელია, მით უმეტეს, თუ ავტორებს კორექტირების კეთილი ნება ექნებათ:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,ვინაიდან პირველი მერცხალია, შეიძლება ვაპატიოთ რაღაც სისუსტეებიც კი. თავისთავად ფაქტი, რომ ქვეყანას ექნება ასეთი დოკუმენტი, უკვე პოზიტიურია, წინ გადადგმული ნაბიჯია და, ბოლოს და ბოლოს, ეხმიანება იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველომ იკისრა ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით და სხვა.” (სტილი დაცულია)

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საპარლამენტო მხარდაჭერის პროცედურის დადგენა დაევალა იურიდიულ კომიტეტს, რომელიც, თავის მხრივ, აუცილებლად მიიჩნევს კონსულტაციებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან. ვარაუდობენ, რომ პროცედურა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე განისაზღვრება, რის შემდეგაც საქართველოს მეტ-ნაკლებად სრულყოფილი, თუმცა, ქვეყნის ისტორიაში პირველი, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ექნება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG