Accessibility links

logo-print

მაჰმადიანი მესხების საკითხზე საქართველოში ჯერჯერობით ისევ ციფრების გარეშე მსჯელობენ


1944 წელს დეპორტირებული მესხების დაბრუნება ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ ევროსაბჭოს წინაშე აიღო. პრობლემა 2011 წლამდე უნდა

მოგვარდეს, თუმცა დღემდე არაფერია ცნობილი მათი საერთო რიცხვის შესახებ და, მით უმეტეს, არავის დაუთვლია, თუ რამდენ ადამიანს სურს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება. პარალელურად, გასარკვევია, კონკრეტულად სად უნდა დასახლდნენ დაბრუნებულები და როგორ უნდა მოხდეს მათი, ასე ვთქვათ, ”ჩაკეტილი სოციუმის”ინტეგრირება ახალ გარემოში. მაჰმადიან მესხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელისუფლების წარმომადგენლები კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მსჯელობდნენ.

სამხრეთ საქართველოდან 1944 წელს დეპორტირებული მესხები ამჟამად საზღვარგარეთის 8 ქვეყანაში ეგულებათ. ესენია: ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა მათი საერთო რიცხვი ჯერ არავის დაუჯამებია. ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ საუბარია დაახლოებით 300 ათას ადამიანზე, თუმცა ასევე ბევრს ეს ციფრი მეტისმეტად გაბერილი ჰგონია. პოლიტოლოგ დავით აფრასიძეს მიაჩნია, რომ საქართველოში მაჰმადიანი მესხების საკითხს ჯერჯერობით მხოლოდ ზედაპირულად იცნობენ:

(დავით აფრასიძის ხმა) ”ჩვენ ვამბობთ, რომ არის პრობლემა, მაგრამ არც კი შეგვისწავლია ეს პრობლემა - თუკი რიცხვი არ ვიცით, არ ვიცით რამდენს უნდა დაბრუნება, არ ვიცით დაბრუნების პირობები როგორი შეიძლება იყოს... ჩვენ ველოდებით 2011 წელს - ქართველებს გვჭირს ეს ზნე, რომ, ვთქვათ, წინა დღეს, ბოლო წუთს ვაპირებთ ყველა საკითხის მოგვარებას და ასე არ დაგვემართოს ახლაც.” (სტილი დაცულია)

აფრასიძის მიერ ნახსენები 2011 წელი სწორედ ის ბოლო ვადაა, რომელიც საქართველოს მაჰმადიანი მესხების პრობლემის მოსაგვარებლად ევროსაბჭომ განუსაზღვრა. ეს თარიღი ბევრჯერ ახსენა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა, რომელიც თბილისს აპრილში ესტუმრა. შეკითხვას, მოასწრებს თუ არა საქართველო პრობლემის გადაჭრას მოცემულ ვადებში, სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა ასე უპასუხებს:

(გიორგი ხაინდრავას ხმა) ”გადაწყვეტას საბოლოოდ, ალბათ, ვერ მოვასწრებთ. ეს არის პროცესი - ძალიან რთული. ასე უცებ, ასეთ რაოდენობა ადამიანებთან საკითხის გადაწყვეტა ძალიან ძნელია.” (სტილი დაცულია)

კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია ამ საკითხთან მიმართებით 2011 წელს მაინცდამაინც კრიტიკულ ვადად არ აღიქვამს:

(გია ნოდიას ხმა) ”საკითხის სირთულის გათვალისწინებით, მე არ ველი, რომ ძალიან, ასე ვთქვათ, ძლიერი ზეწოლა იქნება ევროსაბჭოს ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, რომ - აი, მაინცდამაინც 2011 წლამდე ყველაფერი გადაწყვეტილი იყოს. რაღაც სერიოზული პროგრესი თუ იქნება, სერიოზული წინსვლა თუ იქნება, ესეც მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში, რაღაცნაირად ნათელი უნდა იყოს პერსპექტივა.” (სტილი დაცულია)

უახლოესი პერსპექტივის ზოგიერთ დეტალზე და უმთავრეს საჭიროებებზე საუბრობს სახელმწიფო მინისტრი, რომელიც, ამავდროულად, რეპატრიაციის საკითხთა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეა:

(გიორგი ხაინდრავას ხმა) ”ჩვენ ვაპირებთ ორი რუკის გაკეთებას. ერთი რუკა არის მათი განსახლების, ამჟამინდელი, და მეორე რუკა გვაჩვენებს, საქართველოში სად არის შესაძლებლობა რეპატრირებული მოსახლეობის დასახლების. მთავარი არის ინფრასტრუქტურა - მათ აქ უნდა დახვდეთ საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა, სამუშაო ადგილები, აქ სწავლა-განათლების პრობლემაა ძალიან სერიოზული.” (სტილი დაცულია)

თუკი მაჰმადიანი მესხების ცხოვრების წესს გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხი, მართლაც, სერიოზულ ფიქრს მოითხოვს. მაგალითად, ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა მათ ასე ახასიათებს:

(ლელა ჯეჯელავას ხმა) ”მესხები გახლავთ ჩაკეტილი ტიპის ადათებრივი საზოგადოება: ძალზე მცირეა შერეული ქორწინებების რიცხვი, ძალზე გართულებულია ყველგან მათი ინტეგრაცია, სადაც კი ისინი ცხოვრობენ - მიუხედავად იმისა, არის თუ არა იქ აღმსარებლობის ფაქტორი. ყველაზე უკეთ, რასაკვირველია, ისლამურ გარემოში გრძნობენ თავს, მაგრამ მაინც, იქაც მხოლოდ ერთმანეთზე ქორწინდებიან, მისვლა-მოსვლა აქვთ მხოლოდ ერთმანეთში და ასე შემდეგ.” (სტილი დაცულია)

თუმცა, ჯეჯელავას თქმით, საჭირო და აუცილებელია დავინახოთ დადებითიც, მაგალითად, ის, რომ:

(ლელა ჯეჯელავას ხმა) ”ძალიან იშვიათია და, მე მგონი, თითებზე დასათვლელია კრიმინალი მათ რიგებში, არ არსებობს მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, არ ჰყავთ ასეთი, და არ ჰყავთ მათხოვრები - ეს რაღაცაზე მეტყველებს. ქართველები რომ არიან ეთნიკურად, ამას შეგვახსენებს ის, რომ ერთმანეთში ვერ რიგდებიან და უთანხმოებები აქვთ (იცინის).” (სტილი დაცულია)

დაბოლოს, მაჰმადიანი მესხების დაბრუნებას, ასე ვთქვათ, სასოფლო-სამეურნეო იმედებიც უკავშირდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მათი დახმარებით საქართველოში, ვთქვათ, მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის განვითარება იქნება შესაძლებელი. თუმცა ჯერ ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან ნაადრევია.
XS
SM
MD
LG