Accessibility links

logo-print

რუსი დეპუტატები საქართველოს ფინანსური ბლოკადით ემუქრებიან


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი რუსეთის ბაზებთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ანტიქართული ისტერია არ ცხრება. რუსი კანონმდებლები საქართველოს

ეკონომიკური ბლოკადით ემუქრებიან. ენერგოშემცველების მოწოდების შეზღუდვის გარდა, დუმაში რუსეთიდან საქართველოში საბანკო გადარიცხვების განხორციელების შეწყვეტას ითხოვენ. რა გავლენას მოახდენს ქართულ ეკონომიკასა და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე რუსეთის მხრიდან ბლოკადის რეალურად ამოქმედება?

ქართველ პოლიტიკოსებზე გაბრაზებული რუსი კანონმდებლები მათთვის ტრადიციულ მეთოდს მიმართავენ და საქართველოსათვის ეკონომიკური ბლოკადის გამოცხადებას გეგმავენ. რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები საქართველოში საბანკო გადარიცხვების შეზღუდვას ან საერთოდ შეჩერებას ითხოვენ და იმედი აქვთ, რომ ამით ქართულ საფინანსო ბაზარზე „სავალუტო შიმშილს“ შექმნიან. ამასთან, რუსი კანონმდებლები საქართველოში სოციალური ფონის გაუარესებას ისახავენ მიზნად, რადგან გადმორიცხვების დიდი ნაწილი იმ ოჯახების საარსებო წყაროს წარმოადგენს, რომელთა წევრებიც რუსეთში საქმიანობენ. რუსული პრესის შეფასებით, ამგვარი გზავნილებისა და გადარიცხვების მოცულობა წელიწადში მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან რუსეთში, ტრანსფერტების სახით, ოთხჯერ ნაკლები თანხა გადის, ვიდრე შემოდის, საბანკო გზავნილების მოცულობის „რუსული ვერსია“ მეტისმეტად გაზვიადებულია. მაგალითად, 2004 წლის მონაცემებით, რუსეთიდან ოფიციალურმა საბანკო გზავნილებმა წელიწადში 93 მლნ 593 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, თანხის ამ ნაკადის შეწყვეტა საქართველოს ეკონომიკისათვის ვერანაირ სავალუტო დეფიციტს ვერ შექმნის. საქართველოს, ამ თანხების გარეშეც, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან შემოსული ფულის გამო, ჭარბი უცხოური ვალუტის ბაზარზე დაწოლის ნეიტრალიზების პრობლემა უდგას და მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის რუსულ საბანკო ტრანზაქციებს, ფაქტობრივად, განმსაზღვრელი მნიშვნელობა არა აქვს.
ამასთან, საფინანსო ექსპერტთა რწმუნებით, რუსეთის მხრიდან ამგვარი „ბლოკადა“ თანამედროვე საბანკო კომუნიკაციების პირობებში ტექნიკურად ძნელად განსახორციელებელია. ტექნიკური საკითხების გადაჭრის შემთხვევაშიც კი (თუ რუსულ ბანკებს აეკრძალათ საქართველოში ფულის გადარიცხვა), ჩვენი თანამემამულეები მაინც მოახერხებენ ალტერნატიული გზებით ფულის გამოგზავნას და მათი ოჯახის წევრები საარსებო რესურსის გარეშე არ დარჩებიან, რადგან მათი საარსებო მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ რუსეთის საბანკო სისტემაზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, რასაკვირველია, რუსული ბანკები უადვილებენ ჩვენს მოქალაქეებს ფულადი გზავნილების განხორციელებას. ამ წყაროს დროებით გაუქმება გამოიწვევს იმ ალტერნატიული არხების კიდევ უფრო დატვირთვას, რომლებიც ისედაც კარგა ხანია გამოიყენება, რადგან, ოფიციალურად დაფიქსირებული საბანკო გზავნილების გარდა, სწორედ ამ არხებით ირიცხება საქართველოში, სხვადასხვა გათვლებით, 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი თანხა. შესაბამისად, რუსი პარლამენტარების დაუოკებელმა სურვილმა ეკონომიკურ და ფინანსურ ბლოკადაში მოაქციონ საქართველო, ექსპერტთა შეფასებით, რეალურად შეიძლება მხოლოდ მათივე ბანკების შემოსავლებსა და გადარიცხვების აღრიცხვიანობაზე იმოქმედოს უარყოფითად.
XS
SM
MD
LG