Accessibility links

logo-print

როგორ შეაფასეს ნატოს შტაბბინაში საქართველოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის შესრულების თვალსაზრისით გაწეული სამუშაოები


ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, დასრულდა საქართველოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შუალედური შეფასების განხილვა.

ამ განხილვაზე საქართველოს მხარეს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები - სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი -წარმოადგენდნენ, მათთან ერთად - სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე. საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში გამართული შეხვედრებით კმაყოფილი დარჩა, შეხვედრა კი ნატოს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოდ სხეფერთანაც შედგა. იმის გასარკვევად, თუ როგორი შეფასება მისცეს ბრიუსელში საქართველოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას, ნატოში საქართველოს წარმომადგენელს დავით დონდუას დავუკავშირდი. მან თქვა, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრები წარმატებული იყო:

[დავით დონდუას ხმა] ”მთლიანობაში, შეხვედრა იყო ძალიან წარმატებული. იყო დადებითი შეფასებები, თუმცა იყო გარკვეული შენიშვნებიც. შენიშვნები რომ არ ჰქონდეთ, მაშინ დღესვე მიგვიღებდნენ ნატოში. ”

შენიშვნები გამოითქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში კადრების ხშირ ცვლასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. ეს პრეტენზია გამომდინარეობდა იქიდან, რომ შესყიდვების აუცილებლობა არ არის დასაბუთებული სპეციალურ საბაზისო დოკუმენტში, იმ ელემენტარული მიზეზით, რომ ის არ არსებობს. საქართველოს მხარეს მოუწია განემარტა, რომ თავდაცვის სფეროს ხელმძღვანელობაში კადრების ხშირი ცვლა აღარ მოხდება, შესყიდვებთან დაკავშირებით კი აღენიშნა, რომ, სახელმწიფოებრივი ინტერესების გამო, საქართველოს ხელისუფლება ვერ გადადებდა რიგი ღონისძიებების გატარებას იმ დოკუმენტის მიღებამდე, რომელიც უნდა იყოს ერთგვარი ბაზა, პროგრამა შეიარაღებული ძალების მშენებლობისთვის.

ნატოს შტაბბინაში შემდგარ განხილვამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ექსპერტები საქართველოს მარტში ესტუმრნენ და აქ ადგილზე შეისწავლეს საქართველოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის ამოქმედებიდან პირველ სამ თვეში ჩატარებული სამუშაო. ნატოს სპეციალური დელეგაცია ამავე მიზნით საქართველოს შემოდგომით ეწვევა, მომავალ გაზაფხულზე კი, ოდნავ მოგვიანებით, 1 წლის მანძილზე შესრულებული სამუშაოები შეფასდება. ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა რამდენიმე თავისგან შედგება და რეფორმის გატარებას მარტო თავდაცვის სფეროში არ მოითხოვს. პროგრამაში მითითებული მოთხოვნები რთულია. ისინი ჩვენთან საუბრისას დავით დონდუამ ჩამოთვალა:

[ დავით დონდუას ხმა] ” აქ არის პოლიტიკური სფერო. ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილურობა, ძლიერი პოლიტიკური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები, მეზობლებთან ურთიერთობა უნდა იყოს მოგვარებული, სასაზღვრო პრობლემები უნდა იყოს გადაწყვეტილი. უნდა იყოს პროგრესი კონფლქიტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.”

ეს არის მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. როგორც დავით დონდუა აღნიშნავს, ეს გაერთიანება საკუთარი მოთხოვნების შესრულებას მკაცრად ითხოვს და ახალ წევრებს გამონაკლისის დაშვების წესით არ ღებულობს. ნატოს შტაბბინაში 26+1 - ის ფორმატით გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ 2006 წლისთვის საქართველო მომზადებული იქნება ნატოში გასაწევრიანებლად.

ისიც და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებიც ნატოს შტაბბინაში გამართული შეხვედრებით კმაყოფილები დარჩნენ, სხვათა შორის, იმის გამოც, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას ითქვა: ნატო დიალოგს აწარმოებს რუსეთთან იმისათვის, რომ რეალურად იქნეს მიღწეული საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანაო. ეს ჩვენთან საუბრისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ აღნიშნა:

[გია ბარამიძის ხმა] ”ეს დიალოგი დაწყებულია და გვაქვს სრული მხარდაჭერა ნატოს მხრიდან, რომ მოხდეს სტამბულის სამიტის გადაწყვეტილების რეალიზაცია რაც შეიძლება სწრაფად. ”

საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებისგან განსხვავებით, გიორგი ბარამიძეს ბრიუსელში შეხვედრები ჯერ არ დაუსრულებია. იქ ის შეხვედრებს ახლა უკვე ევროკავშირის წარმომადგენლებთან მართავს.
XS
SM
MD
LG