Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა რამიშვილი, პრაღა


ცენტრალური აზიის ქვეყნების შედარებით ტრადიციულ საზოგადოებაში ქალებს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობიან

. ეს მათ, როგორც წესი, იცავს უდიერი მოპყრობისგან პოლიციის მხრიდან, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, ბაზრებში და საპროტესტო გამოსვლების დროსაც კი. მაგრამ გასულ კვირაში უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში დატრიალებული ტრაგედიისას ქალები არ დაუზოგავთ. ამ რეგიონში ჩვენი რადიოს კორესპონდენტები ესაუბრნენ ქალებს, რომლებიც უშუალო მომსწრე გახდნენ იმისა, თუ როგორ გაუხსნეს ცეცხლი სამთავრობო ჯარებმა უიარაღო დემონსტრანტებს.

[უზბეკი ლტოლვილი გულნოზას ხმა]

უზბეკი ლტოლვილი ქალი გულნოზა, რომელიც ამჟამად ყირგიზეთის ჯალალაბადის პროვინციას აფარებს თავს, მწარედ შეცდა, როცა ეგონა, რომ ქალებს ცეცხლს არ დაუშენდნენ. იგი გასულ პარასკევს ანდიჟანში გამართულ დემონსტრაციაზე მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ გაიყვანა. "საპროტესტოდ გავედით იმის გამო, რომ ცხოვრება აუტანელი გახდაო", ამბობს გულნოზა.

მაგრამ ის, რაც მშვიდობიან დემონსტრაციად იყო ჩაფიქრებული, იქცა "სისხლიან პარასკევად", როგორც უზბეკები ამბობენ.

[ანონიმი უზბეკი ქალი] "ხუთი, რვა შვილის პატრონი ქალები არასოდეს ტყუიან. ხელისუფლების მხრიდან არავინ გამოსულა დემონსტრანტებთან სალაპარაკოდ. მხოლოდ ანდიჟანის პროკურორმა და უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა მოგვმართა. ამის მერე ცეცხლი დაუშინეს უიარაღო ქალებს, რომლებიც მოედანზე ისხდნენ."

ანდიჟანის ხოცვა-ჟლეტას 3000-მდე ადამიანი გაექცა. მათმა ნაწილმა მეზობელ ყირგიზეთს შეაფარეს თავი. ყირგიზეთის პროვინცია ჯალალაბადში ლტოლვილთა ბანაკში 500-ზე მეტი უზბეკი ლტოლვილი იმყოფება. მათ შორის ათი ბავშვი და 82 ქალია. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი მათ 13 მაისს დატრიალებული უბედურების შესახებ ესაუბრა.

[ანონიმი უზბეკი ქალი] "ჩვენ დემონსტრაციაზე გავედით იმ მიზნით, რომ იქ დავრჩენილიყავით ერთი თვით, ერთი კვირით ან ათი დღით. ჩვენ - ქალებს, ბავშვებს - იარაღი არ გაგვაჩნდა. არ გვეგონა, ქალებს თუ გვესროდნენ. დემონსტრაციაზე გავედით გაჭირვების გამო. როცა გაუფრთხილებლად დაიწყეს სროლა, მიწაზე დავწექით და ჩვენი სხეულებით ჩვენს ბავშვებს ვიცავდით."

კიდევ ერთი ლტოლვილი ქალი, უმიდახანი ასე აღწერს მომხდარს: [უზბეკი ქალი უმიდანხანი] "ამაზრზენი იყო, რომ ჩვენმავე საკუთარმა ჯარისკაცებმა გაგვიხსნეს ცეცხლი. საკუთარ დედებს და ბებიებს ესროდნენ. ტყვიების წვიმას ყირგიზეთში გავასწარით."

მაგრამ ლტოლვილებს თავიდან იმის შიში ჰქონდათ, რომ შესაძლოა ყირგიზეთის ჯარებსაც ესროლათ მათთვის.

[უზბეკი ქალი უმაროვა] "საზღვრის გადაკვეთის შემდეგ შევჩერდით. არ ვიცოდით, უკან დავბრუნებულიყავით თუ გზა გაგვეგრძელებინა. არ ვიცოდით, მიგვიღებდა თუ არა ყირგიზეთი. აქამდე ფეხით მოვედით."

ყირგიზეთმა ისინი მიიღო და ქალები ამისთვის მადლიერი არიან, მაგრამ სამშობლო და ახლობლები ენატრებათ.
ყირგიზეთის ომბუდსმენი ტურსუნბაი ბაკირი შიშობს, რომ უზბეკეთიდან ყირგიზეთს მილიონამდე ლტოლვილი შეიძლება მიაწყდეს. ეს კი ყირგიზეთს სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის, თუკი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას არ მიიღებს.

გაეროს ადამიანის უფლებების კომისარიატი იუწყება, რომ ხუთშაბათს შედგა უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვისა და გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის სატლეფონო საუბარი. საუბრისას ქარიმოვმა თქვა, რომ იგი გაუმართლებლად მიიჩნევს ამ ეტაპზე დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას. თავად ქარიმოვის კანცელარიამ პარასკევს საერთოდ უარყო ანანსა და ქარიმოვს შორის საუბრის ფაქტი და ეს დასავლეთის მასმედიის გამონაგონად გამოაცხადა.

ყირგიზეთის ხელიუსფლების თანახმად, 13 მაისს ანდიჟანში დაიღუპა 169 ადამიანი, მათ შორის 32 ჯარისკაცი. ადამიანის უფლებების დამცველთა ცნობით, სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლი, შესაძლოა, ათასს აღწევდეს.

ამასობაში საერთაშორისო ექსპერტები სულ უფრო ხმამაღლა აცხადებენ, რომ ქარიმოვს ორი გზა აქვს დარჩენილი: ან რადიკალური რეფორმები უნდა გაატაროს ქვეყანაში, ანდა უნდა გადადგეს.
XS
SM
MD
LG