Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიძლება იყოს საქართველოს მაქსიმალური კომპრომისი რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებზე მოლაპარაკებისას


23 მაისს თბილისში საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დაიწყება. ამავე დღეს საგარეო საქმეთა

მინისტრს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოუწევს დეპუტატებისთვის ბაზების საკითხზე მოლაპარაკებასთან დაკავშირებით განმარტებების მიცემა. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ არა აქვთ მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ მხარეთა რა წინადადებებზე უნდა დაიწყოს მსჯელობა მომავალი ორშაბათიდან. სამხედრო ბაზების თაობაზე მოსკოვიდან თბილისში გადმოგზავნილი დოკუმენტის შინაარსი უწინდებურად გასაიდუმლოებულია. როგორც ჩანს, დეპუტატებისთვის - და არამარტო მათთვის - საინტერესო საკითხებს 23 მაისამდე ნათელი არ მოეფინება, თუმცა სახელდება კომპრომისის ის მაქსიმუმი, რაზეც საქართველოს შეიძლება მოუხდეს წასვლა.


თუ რა შეიძლება იყოს საქართველოს მაქსიმალური დათმობა, ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიუსელში ყოფნისას გააკეთა. მან განმარტა, რომ საქართველოს მხარეს რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის გადავადება, არა უმეტეს, 2008 წლის შუა პერიოდამდე შეუძლია.

აქამდე საქართველოს მხარე საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების ლიკვიდაციას 2008 წლის დასაწყისამდე მოითხოვდა, რუსეთის მხარე კი, ტექნიკური სირთულეების მომიზეზებით, ბაზების გაყვანისთვის მინიმუმ 4 წელს ითხოვდა. როგორც ჩანს, შეთანხმება გარკვეულ შუალედურ ვარიანტზე უნდა მოხდეს. ეს შუალედური ვარიანტი, შესაძლოა, მითითებულიც არის მოსკოვიდან მიღებულ დოკუმენტში, რომლის შინაარსის გაცნობასაც დღემდე უშედეგოდ ითხოვენ პარლამენტის სხვადასხვა წარმომადგენლები,მათ შორის - მემრჯვენე ოპოზიციის ლიდერი დავით გამყრელიძე.

[დავით გამყრელიძის ხმა] ”მე მგონი, პარლამენტი და დეპუტატები ღირსნი არიან იცოდნენ, რა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და რა მიღწევები გვაქვს რუსეთის მხარესთან. ვთხოვოთ საგარეო საქმეთა მინისტრს, მობრძანდეს და გვითხრას, რა მდგომარეობა გვაქვს, რა დოკუმენტზეა ლაპარაკი. თუ საჭიროა, დავხუროთ სხდომა! ”

სალომე ზურაბიშვილს დეპუტატებისთვის ანგარიშის ჩაბარება პლენარულ სხდომაზე არ მოუწევს. ამდენად, სხდომა არ დაიხურება. გამყრელიძის გამოსვლის საპასუხოდ 20 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მოსმენა უფრო უპრიანი ორშაბათს ბიუროს სხდომაზე იქნება, მით უფრო, რომ ბაზების გაყვანის ვადების განსაზღვრისათვის თბილისში სწორედ ორშაბათს დაიწყებენ მუშაობას რუსეთისა და საქართველოს დელეგაციები. ნინო ბურჯანაძემ მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერს მოკლე განმარტება მისცა მის მიერ ნახსენები დოკუმენტის თაობაზეც:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”დოკუმენტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ნამდვილად არის გაცილებით კონსტრუქციული, ვიდრე იყო წინა შემოთავაზებები რუსეთის მხრიდან.”


რუსეთის ახალ შემოთავაზებებზე უფრო მეტს არ ლაპარაკობენ. საკუთარი წინადადებებით გამოვა თავად საქართველოს მხარეც. როგორც უკვე ვთქვით, მისი მხრიდან ვადებთან დაკავშირებით მაქსიმალური დათმობა 2008 წლის შუა პერიოდზე დათანხმება შეიძლება იყოს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას მოკლე ვადებში ითხოვს.
”დროა დაბრუნდეთ სახლში!” ”გაათრიეთ რუსული ბაზები საქართველოდან! ” - ასეთი ლოზუნგებით შეიკრიბნენ პარასკევს ქართველი სტუდენტები საქართველოში, რუსეთის საელჩოსთან.

[სტუდენტის ხმა] ” მოკვდა ის დრო, როცა საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალები იდგა. ეს დრო აღარ განმეორდება და ეს უნდა იცოდეს ყველამ, პირველ რიგში, რუსულმა ჩექმამ და ამ ჩექმების და ტანკების წარმომადგენლებმა!”(სტილი დაცულია)

აღნიშნავენ სტუდენტები. ”წადით! ნახვამდის!” - მოუწოდებდნენ ისინი საქართველოში მყოფ რუს სამხედროებს, თუმცა ეს უკანასკნელნი საქართველოსთან გამომშვიდობებას არ ჩქარობენ. როდის წავლენ ისინი? ამის დასადგენად წინ მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდია.
XS
SM
MD
LG