Accessibility links

logo-print

სად გაქრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ”ჯალათები”?


2003 წლის ნოემბრის მოვლენებამდე ”ვარდების რევოლუცია” იგულისხმება, მაშინდელი ოპოზიცია ბევრს ლაპარაკობდა და ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა შინაგან საქმეთა

სამინისტროში ადამიანის სასტიკად წამების ფაქტების გამო. თუმცა მაშინდელი ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოებას არავინ უნახავს ადამიანის წამებისთვის დასჯილი. როგორ ფორმებს იყენებდნენ 1-2 წლის წინ სამართალდამცავ სტრუქტურებში დაკავებული მოქალაქეებისგან სასურველი ჩვენების მისაღებად?

საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში ”ვარდების რევოლუციის” შემდეგაც ბევრჯერ ჰქონდა ადგილი წამების პრაქტიკას დაკავებულისგან სასურველი ჩვენების მისაღებად. ამ ფაქტებზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე რეაგირების შემდეგ წამების შემთხვევებმა იკლო, თუმცა თვალით არავის უნახავს ის ხალხი, მით უმეტეს, დასჯილი, რომელიც ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევდა. თავისუფლების ინსტიტუტმა გამოძიება ჩაატარა და შინაგან საქმეთა სამინისტროში 2004 წლამდე მოქმედი ჯალათების ჯგუფის საქმიანობის ამსახველი ფაქტები მოაგროვა.

[აკაკი მინაშვილის ხმა] ”გაფრთხილების შემდეგ, როდესაც ადამიანი ირჩევდა, რომ არ მისცემდა ჩვენებას, შემოჰქონდათ ეს ხელჩანთა. მის თვალწინ ხსნიდნენ და ამოჰქონდათ შემდეგი ნივთები... ეს იყო აირწინაღი. აირწინაღს ჰქონდა ორი დანიშნულება: აირწინაღი არ უშვებს ხმას. ადამიანს ჩამოაცვამდნენ აირწინაღს და წამების დროს ხმა არ გამოდიოდა. მეორე, ეს არის ელექტროდენის გამტარი მოწყობილობა...”(სტილი დაცულია)

ეს არის თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი. მან ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეექვსე სართულზე მოქალაქეთა საწამებელი სხვა იარაღებიც წარუდგინა. მათ შორისაა: ბოთლი, ხელკეტი და პრეზერვატივი. ამ იარაღებით წამების ფაქტები - ნაწილი ანონიმურ მოწმეთა, ნაწილი კი ამჟამად პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების ჩვენებებიდან - დადგინა. წამება კი ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზემოქმედებით:

[აკაკი მინაშვილის ხმა] ”სხვისი წამების ფაქტებზე დასწრება ყველაზე ეფექტური საშუალება იყო. იყო შემთხვევა, როდესაც დაკავებულის თვალწინ სცემეს მის ცოლს.”

აკაკი მინაშვილმა ჯალათთა ექვსკაციანი ჯგუფის ორი ლიდერის ვინაობაც დაასახელა. მათ 2004 წლამდე და შემდეგაც მაღალი თანამდებობები ეკავათ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ჩვენ თავს შევიკავებთ მათი დასახელებისაგან. თუმცა კი ერთი აღსანიშნავია: არც ერთი მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არაა აღძრული, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ არსებობს ნაწამები მოქალაქეების და მოწმეთა ჩვენებებიც. ასევე, წამების ფაქტები სამედიცინო ექსპერტიზითაცაა დადასტურებული.

თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მოკვლეული მასალებიდან ირკვევა, რომ ”ჯალათთა” ჯგუფის ორი მაღალჩინოსანი წევრი ამჟამად გათავისუფლებულია შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მათთან ერთადაა გამქრალი სამსახურებრივი ინფორმაცია და ფოტოსურათებიც კი.

თავისუფლების ინსტიტუტი ეგრეთ წოდებულ ჯალათთა საქმის გამოძიებას და მისი წევრების დასჯას მოითხოვს, რათა ეს ერთგვარ პრევენციადაც იქცეს სამართალდამცავ სტრუქტურებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესამცირებლად.
XS
SM
MD
LG