Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს


თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი დედაქალაქის მერის ზურაბ ჭიაბერაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მერისათვის უნდობლობის

გამოცხადების ყველა წინა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ფრაქციების - „ლეიბორისტებისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ - წარმომადგენლები ჯიუტად აგრძელებენ მერის სავარძლის რყევას. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის განცხადება დაწერა. რამდენად შეესაბამება ეს ცნობა სიმართლეს და რას უწუნებენ თბილისის მერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები?

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ლეიბორისტების" წევრებმა, დედაქალაქის მერის ზურაბ ჭიაბერაშვილისათვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ დაიწყეს, მაგრამ იმის გამო, რომ საკრებულოს 49 წევრიდან მერის თანამდებობიდან გადადგომას მხოლოდ 14-მა დაუჭირა მხარი, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ვერ მოხერხდა. თუმცა, რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ, „ლეიბორისტებმა“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“ ჭიაბერაშვილზე კვლავ მიიტანეს იერიში.

[კახა ძაგანიას ხმა] „ჩვენ ვთვლით, რომ მერის მუშაობა არის ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ პრეზიდენტისა და სხვა სახელისუფლებო შტოების წინაშე ჩაიწერონ ქულები და არა იმაზე, რომ ამომრჩევლის სასიკეთოდ განხორციელდეს რამე... სულ ბოლო კი არის გზების, ფასადებისა და სხვა ობიექტების კეთილმოწყობისას გახარჯული თანხები.“(სტილი დაცულია)

ეს კახა ძაგანიაა, ფრაქცია „ლეიბორისტის“ წევრი, რომელსაც მერის წინააღმდეგ ბრძოლაში მეორე ოპოზიციური ფრაქციის - „ახალი მემარჯვენეების“ - მხარდაჭერის იმედი აქვს. გიორგი მოსიძე, დედაქალაქის საკრებულოში “მემარჯვენეების” ლიდერი, მიიჩნევს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკავებული თანამდებობისათვის შეუფერებელია:

[გიორგი მოსიძის ხმა] „იგი პიროვნულად არ შეესაბამება თბილისელთა განწყობას და იმ ფასეულობას, რომელთა მატარებლები თბილისელები არიან ისტორიულად. ბოლოს და ბოლოს, ის ნეგატიური და არაპოპულარული მერია, რომელმაც ვერ გაართვა თავი დაკისრებულ სამუშაოებს და ცდილობს „გამაპიარებელი“ აქციებით მოიპოვოს ხალხის მხარდაჭერა, რასაც იგი ვერ მიაღწევს და, აქედან გამომდინარე, მას მორალური უფლება არ აქვს იყოს საქართველოს დედაქალაქის მერი.“(სტილი დაცულია)

საკრებულოს უმრავლესობის წევრები კი ვერ ხვდებიან, თუ რატომ არ მობეზრდათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს წყლის უნაყოფო ნაყვა. გიორგი ტაბიძეს, სახელისუფლებო ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარეს, ოპოზიციონერი კოლეგების საქციელი მარჩიელობისა და ხუმრობის ხასიათზე აყენებს:

[გიორგი ტაბიძის ხმა] „მე უკვე ეჭვი გამიჩნდა, რომ „ლეიბორისტები“ და „ახლები“ მერთან შეკრულები არიან. შეიძლება ვიღაცას პრობლემები აქვს და ცდილობს ოპოზიციასთან დაპირისპირება სათავისოდ გამოიყენოს. სხვა ლოგიკას ისეთი საკითხის დაყენებაში, რომელიც წინასწარვე ჩავარდნისთვის არის განწირული, მე ვერ ვხედავ.“

რაც შეეხება თავად ზურაბ ჭიაბერაშვილს, იგი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წასვლას არ აპირებს. „საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება: თბილისის მერს პრეზიდენტისათვის გადადგომის განცხადებით არ მიუმართავს,“ამბობს ჩემთან საუბარში მერიის აპარატის უფროსი გივი ორდენიძე:

[გივი ორდენიძის ხმა] „მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული საკითხი მერისა და მთლიანად მერიის წინაშე არ დგას. მეტიც, ჩვენ არასერიოზულად მივიჩნევთ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. მერი განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.“(სტილი დაცულია)

მერის არ იყოს, ასევე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს საკრებულოც, სადაც სახელისუფლებო უმრავლესობა ხმათა ლამის ორ მესამედს აკონტროლებს და სადაც უმცირესობის აზრს იშვიათი გამონაკლისის სახითაც კი არ ითვალისწინებენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG